ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, Civil Rights Defender-მა ნეტგაზეთს 2026 წლის უფლებადამცველის ჯილდო გადასცა.
დაჯილდოება სტოკჰოლმში 18 მაისს, გაიმართა. სწორედ შვედეთის დედაქალაქშია ბაზირებული ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი.
“არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ჩვენი, ნეტგაზეთის ჯილდოა. ღრმად მჯერა, რომ ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა თავისუფალ ჟურნალისტს საქართველოში, რომელიც ახლა, ციხის რეალური საფრთხის პირობებში რჩება ქვეყანაში, აგრძელებს საქმიანობას და მოსახლეობის ინფორმირებას. ვთვლი, რომ ჩვენ უბრალოდ გვერგო პატივი მივიღოთ ეს ჯილდო, თუმცა ის ყველა ქართველ დამოუკიდებელ ჟურნალისტს ეკუთვნის”, – განაცხადა ჯილდოს მიღებისას დავით ქოქოშვილმა, ნეტგაზეთის რედაქტორმა და ჟურნალისტმა.
ნეტგაზეთთან ერთად წლის უფლებადამცველის ჯილდო კუბურ გამოცემას La Hora de Cuba-ს გადაეცა. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი დამოუკიდებელი მედია გამოცემა კუბაში, რომელიც ახერხებს მუშაობას დიქტატურის და წნეხის პირობებში. გამოცემის ხელმძღვანელმა სტოკჰოლმში ჩასვლა ვერ მოახერხა, რადგან მას შინა პატიმრობა აქვს. პრიზი La Hora de Cuba-ს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
„დამოუკიდებელი მედია ხშირად პირველ სამიზნეთა შორისაა, როდესაც მთავრობები უფრო ავტორიტარულები ხდებიან. მიუხედავად ამისა, ქართულმა და კუბურმა საინფორმაციო პლატფორმებმა — ნეტგაზეთმა და La Hora de Cuba-მ, გაჩუმებაზე უარი თქვეს. მუქარის, პატიმრობისა და რეპრესიების მიუხედავად, ორივე საინფორმაციო პლატფორმა აგრძელებს მუშაობას კეთილსინდისიერებითა და ურყევი მიზანდასახულობით. გაბედული ჟურნალისტიკის მეშვეობით, ისინი ამხელენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს, დოკუმენტურად აღრიცხავენ ადამიანის უფლებათა დარღვევებს და უზრუნველყოფენ ხალხის წვდომას დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში მყოფთათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში გამოჩენილი განსაკუთრებული მედეგობისა და სიმამაცისთვის, „ნეტგაზეთსა“ და La Hora de Cuba-ს გადაეცემათ „2026 წლის სამოქალაქო უფლებადამცველის“ ჯილდო,“ — აღნიშნულია ორგანიზაცია Civil Rights Defenders-ის მმართველი საბჭოს განცხადებაში ჯილდოს მინიჭების დასაბუთების შესახებ.
დაჯილდოების ცერემონიაზე უჩვენეს ვიდეო, რომელიც ნეტგაზეთისა და La Hora de Cuba-ს შესახებაა მომზადებული. ვიდეოში ნაჩვენებია ნეტგაზეთისა და La Hora de Cuba-ს მთავარი რედაქტორების ინტერვიუები.
დაჯილდოების ცერემონიაზე სტოკჰოლმის მუსიკალური გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა შეასრულა ქართული სიმღერა – “ცხენოსნური”.
CRD წლის უფლებადამცველის ჯილდოს 2013 წლიდან ყოველწლიურად გადასცემს იმ ადამიანებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად აგრძელებენ ბრძოლას ადამიანის უფლებების აღიარებისა და პატივისცემისთვის. ჯილდო ყურადღებას ამახვილებს საფრთხის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების მდგომარეობაზე. გამარჯვებული ინდივიდი თუ ორგანიზაცია საქმიანობას მშვიდობიანი მეთოდებით უნდა ეწეოდეს.
Civil Rights Defenders (CRD) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა.
ორგანიზაციის სათავო ოფისი სტოკჰოლმში (შვედეთი) მდებარეობს. ის აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ უფლებადამცველებთან 50-მდე ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები მოქმედებს და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია.
ორგანიზაცია 1982 წელს დაარსდა, როგორც შვედეთის ჰელსინკის კომიტეტი, რომლის თავდაპირველი მიზანი ჰელსინკის შეთანხმების ადამიანის უფლებათა დებულებების შესრულების მონიტორინგი იყო. 2009 წელს ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და Civil Rights Defenders დაერქვა, რითაც მისი მოღვაწეობის არეალი ევროპის ფარგლებს გასცდა და გლობალური გახდა.
CRD ეხმარება უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ის მათ სთავაზობს პროფესიულ ტრენინგებს, იურიდიულ/ფინანსურ დახმარებას და გადაუდებელ უსაფრთხოების ზომებს რეპრესიების დროს.
ორგანიზაცია ახორციელებს „ნატალიას პროექტს“. ეს არის მსოფლიოში პირველი ინოვაციური განგაშის სისტემა რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველებისთვის. ის ატარებს 2009 წელს ჩეჩნეთში მოკლული აქტივისტის, ნატალია ესტემიროვას სახელს. პროექტის ფარგლებში აქტივისტებს გადაეცემათ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც საფრთხის შემთხვევაში, GPS კოორდინატებთან ერთად, ავტომატურად აგზავნიან განგაშის სიგნალს გლობალურ ქსელში.
ორგანიზაცია აკონტროლებს კანონმდებლობას და ებრძვის დისკრიმინაციას, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და რეპრესიულ კანონებს. ის ეროვნულ თუ საერთაშორისო სასამართლოებში პასუხისმგებლობას სთხოვს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს. პარალელურად, CRD თავად შვედეთშიც ასრულებს „დამკვირვებლის“ (watchdog) როლს ადამიანის უფლებების კუთხით.
ყოველწლიურად ორგანიზაცია გასცემს ჯილდოს — Civil Rights Defender of the Year Award. ის გადაეცემათ იმ გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად განაგრძობენ ბრძოლას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისთვის.
