საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) თანახმად, 2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში, წინა წელთან შედარებით, 21 ადგილით ჩამოქვეითდა.
თუ გასულ წელს საქართველო 50.53 ქულით 180 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებდა, ახლა 135-ე ადგილზეა. ჰონგ-კონგთან და ელ სალვადორთან ერთად, საქართველო მათ შორისაა, სადაც პოლიტიკური ცვლილებებისა და მზარდად რეპრესიული რეჟიმების გამო, პრესის თავისუფლება ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. რეიტინგში საქართველო თავის საუკეთესო შედეგს 2019-21 წლებში აჩვენებდა, როდესაც მე-60 ადგილს იკავებდა, საიდანაც მას შემდეგ 75 ადგილით ჩამოქვეითდა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი ჟან კაველიე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ საქართველოს უკუსვლა ერთდროულად მკვეთრიცაა და სისტემურიც:
„2019 წლის შემდეგ ქვეყანამ რეიტინგში 75 ადგილი დაკარგა, მათ შორის, მხოლოდ ამ წელს — 21 ადგილი, ხოლო მისი საერთო ქულა თითქმის 10 პუნქტით შემცირდა. საქართველო ახლა იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ქულების ყველაზე მკვეთრი კლება აქვთ მსოფლიოში — ნიგერის, ეკვადორის, სიერა-ლეონესა და საუდის არაბეთის გვერდით. ინდექსის ხუთივე ინდიკატორი გაუარესებულია, თუმცა ყველაზე დრამატული ვარდნა უსაფრთხოების კუთხით ფიქსირდება“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) და მისი პარტნიორი CMIS-ის მიერ შეგროვებული მონაცემებით, მხოლოდ ერთ წელიწადში ჟურნალისტებზე თავდასხმის თითქმის 600 შემთხვევა იქნა დოკუმენტირებული, რაც ძირითადად 2025 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის კონტექსტში მოხდა. კაველიეს თანახმად, ძალადობის ეს ტალღა უსაფრთხოების ინდიკატორის 21-პუნქტიანი ვარდნის მთავარი ფაქტორია.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ შეფასებით, ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია გლობალურ მოვლენად იქცა. პრესის თავისუფლების შესაფასებლად გამოყენებული ხუთი მაჩვენებლიდან — ეკონომიკური, სამართლებრივი, უსაფრთხოების, პოლიტიკური და სოციალური გარემო — წელს ყველაზე მკვეთრად სამართლებრივი მაჩვენებელი გაუარესდა, განსაკუთრებით, ინდოეთში, ეგვიპტეში, ისრაელსა და საქართველოში.
საქართველოში სამართლებრივი გარემოს (-11 პუნქტი) მკვეთრად გაუარესება, RSF-ის თანახმად, განპირობებულია ისეთი შემზღუდავი კანონების მიღებითა და მათი ბოროტად აღსრულებით, როგორებიცაა კანონები „უცხოური აგენტების“, მედიის დაფინანსების, აუდიოვიზუალური რეგულირებისა და ონლაინ მედიის შესახებ.
„ეს კანონები სულ უფრო ხშირად გამოიყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი დევნის, უსამართლო სასამართლო პროცესებისა და ადმინისტრაციული შევიწროების გზით. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ უფრო ფართო ავტორიტარულ გადახრას: ჟურნალისტებს უარს ეუბნებიან საზღვარზე შემოსვლაზე, ეზღუდებათ წვდომა სასამართლოებსა და საჯარო ღონისძიებებზე, ხდება ხელის შეშლა პროფესიულ საქმიანობაში და იზრდება თვალთვალი. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ემბლემური სასამართლო პროცესი თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ ხდება სამართლებრივი ზეწოლის იარაღად გამოყენება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის ერთი კონკრეტული პრობლემა — ეს არის პრესის თავისუფლების გარემოს სისტემური გაუარესება“, — დასძენს ჟან კაველიე.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრობაშია ერთი ჟურნალისტი — „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
კაველიეს შეფასებით, მის პატიმრობას რეალური გავლენა ჰქონდა საქართველოს შედეგების გაუარესებაზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების ინდიკატორზე, შედარებით ნაკლებად კი— სამართლებრივ ქულაზე.
„ეს ის ორი სფეროა, სადაც ყველაზე დიდი კლება გვაქვს. ამის მიუხედავად, საქართველოს ვარდნა მხოლოდ ერთი შემთხვევით ვერ აიხსნება. მის გარეშეც ქულები მნიშვნელოვნად დაეცემოდა, რადგან ჟურნალისტებისთვის საერთო გარემო ყველა მიმართულებით უარესდება. ამაღლობელის საქმე ამ ტენდენციას ასახავს. იგი გახდა იმის სიმბოლო, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ და სასამართლო ინსტრუმენტებს ჟურნალისტების დასაშინებლად და გასაჩუმებლად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავება არ არის ერთადერთი მიზეზი, ის არის ამჟამინდელი უკუსვლის ძლიერი სიმბოლო და დამაჩქარებელი. შესაბამისად, მისი გათავისუფლება იქნებოდა ძლიერი პოზიტიური სიგნალი, თუმცა, თავისთავად, ეს არ იქნება საკმარისი ტენდენციის შესაცვლელად“, — აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.
ჟან კაველიეს აზრით, არსებობს რამდენიმე გადაუდებელი და კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას სიტუაციის გასაუმჯობესებლად:
- გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს ყველა დაუსაბუთებელი ბრალდება ჟურნალისტების მიმართ, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც საპროტესტო აქციებს აშუქებდა და ხშირად იდევნება ისეთი საეჭვო ბრალდებებით, როგორიცაა „გზის გადაკეტვა“;
- გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს შემზღუდავ კანონმდებლობას, მათ შორის „უცხოური აგენტების“ კანონს და წესებს, რომლებიც უცხოური დაფინანსებისთვის მთავრობის თანხმობას მოითხოვს. ეს კანონები ბუნდოვანია და RSF-ის აზრით, აშკარად გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის დასახრჩობად;
- აღადგინოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა — „მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც RSF-ის მიერ პრესის თავისუფლების „მტაცებლად“ არის მიჩნეული, უნდა შეწყვიტონ გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე, მათ შორის სასამართლოზე, კომუნიკაციების კომისიასა (ComCom) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც სულ უფრო მეტად იქცევა ხელისუფლების რუპორად“;
- პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დაასრულონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული და უპასუხისმგებლო რიტორიკა.
„როდესაც მაღალჩინოსნები საჯაროდ ესხმიან თავს მედიას, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში ვნახეთ, ეს ამძაფრებს შიშის კლიმატს, ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას და აძლიერებს დაუსჯელობის განცდას სამართალდამცავებში თუ ქუჩაში. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის დემონსტრაციების დროს, სადაც ძალადობა მასშტაბური იყო. საქართველომ ასევე უნდა შეწყვიტოს უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე თვითნებური უარის თქმა. გარდა იმისა, რომ ეს აზიანებს პრესის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს, ეს პრაქტიკა ლახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და არღვევს მის ღიაობის ტრადიციას. ეს არის მისაღწევი ნაბიჯების მაგალითები, თუმცა მათ სჭირდებათ მკაფიო პოლიტიკური ნება იმ ღრმა და აჩქარებული უკუსვლის შესაცვლელად, რომელსაც ახლა ვაკვირდებით“, — თქვა ჟან კაველიემ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ 2026 წლის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ევროკავშირი-ბალკანეთის ზონა ინარჩუნებს პირველ ადგილს, მიუხედავად ჟურნალისტიკის პირობების გაუარესებისა. კოსოვოს (84-ე ადგილი) გარდა, რომელმაც გაუმჯობესება აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალრეიტინგულ ქვეყნად რჩება, დასავლეთ ბალკანეთში პრესის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა ზოგადად უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთი (83-ე ადგილი), ბოსნია და ჰერცეგოვინა (90-ე) და სერბეთი (104-ე) ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, სამივე ქვეყანა ჟურნალისტიკის მიმართ მტრულად განწყობილად და პროპაგანდისადმი მოწყვლადად არის შეფასებული.
მოლდოვა (31-ე) კვლავ ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პრესის თავისუფლების მხრივ „დამაკმაყოფილებელ“ კატეგორიაში ხვდება.
„რეგიონი სულ უფრო მეტად ემსგავსება ვრცელ ექსპერიმენტს, სადაც დამკვიდრებული ღირებულებები თავდაყირა დგება, კანონმდებლობა კი მმართველთა ინტერესებს ემსახურება ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის ხარჯზე. ერთწლიანი დემოკრატიული კრიზისისა და საპროტესტო აქციების (და მათი გაშუქების) დარბევის შემდეგ, საქართველომ (135-ე ადგილი) ინდექსში 21 ადგილი დაკარგა. შემზღუდავი კანონების მიღება და აღსრულება — განსაკუთრებით „უცხოური აგენტებისა“ და მედიის დაფინანსების შესახებ — და ინფორმაციაზე წვდომის ახალი ბარიერები კანონის უზენაესობის აშკარა ეროზიაზე მიუთითებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
სომხეთში (50-ე ადგილი), სადაც პრესის თავისუფლების მდგომარეობა ახლა „პრობლემურად“ არის კლასიფიცირებული, სამართლებრივი ქულის კლება განპირობებულია ცილისწამების შესახებ ბოროტად გამოყენებული სარჩელების მატებითა და საკანონმდებლო პროექტებით, რომლებსაც საინფორმაციო საშუალებებზე შემაკავებელი ეფექტი ჰქონდა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყაზახეთში (149-ე) კანონმდებლობის გამკაცრებას თან ახლავს არაპირდაპირი ზეწოლა მედიაზე, რეპრესიული პოლიტიკის გავრცელება ონლაინ საინფორმაციო სივრცეში და პრესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის კლიმატი. ყირგიზეთიც (146-ე) ამ ტენდენციას მიჰყვება, ძირითადად, ჟურნალისტებისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესუსტების გამო. რეიტინგის ყველაზე დაბალ საფეხურებზე მყოფ ბელარუსს (165-ე), აზერბაიჯანს (171-ე), რუსეთსა (172-ე) და თურქმენეთს (173-ე) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამართლებრივი ქულები აქვთ.
უკრაინაში (55-ე) პრესის თავისუფლების საერთო ქულა ოდნავ გაუმჯობესდა, მიუხედავად რუსეთის აგრესიული ომისა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ შეფასებით, ეს პროგრესი ძირითადად განპირობებულია ქვეყნის დინამიკური მედიასექტორითა და უკრაინული გამოცემების საგამოძიებო საქმიანობით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამჭვირვალობის გაძლიერებას ემსახურება.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის ისტორიაში პირველად, ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტი პრესის თავისუფლების მხრივ „რთულ“ ან „ძალიან სერიოზულ“ კატეგორიებში ხვდება.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში, რეიტინგში შეტანილი 180 ქვეყნისა და ტერიტორიის საშუალო ქულა არასოდეს ყოფილა ასე დაბალი. 2001 წლიდან სულ უფრო შემზღუდავი საკანონმდებლო მექანიზმების გაფართოება — განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკებთან დაკავშირებული კანონები — თანდათანობით ანგრევს ინფორმაციის მიღების უფლებას დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. ინდექსის სამართლებრივი მაჩვენებელი გასულ წელს ყველაზე მეტად გაუარესდა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ჟურნალისტიკა მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად კრიმინალიზებული ხდება“, — ნათქვამია ანგარიშში.
RSF-ის ხუთი მთავარი დასკვნა ასეთია:
- მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და ტერიტორიის საშუალო ქულა არასოდეს ყოფილა ასე დაბალი. ინდექსის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ამჟამად დედამიწის ქვეყნებზე მეტი, ვიდრე ნახევარი, პრესის თავისუფლების მხრივ „რთულ“ ან „ძალიან სერიოზულ“ კატეგორიებშია.
- წელს პრესის თავისუფლების შესაფასებლად გამოყენებული ყველაზე მკვეთრად სამართლებრივი მაჩვენებელი გაუარესდა.
- აშშ შვიდი ადგილით დაეცა, ხოლო ამერიკის სხვა ქვეყნები, მაგალითად, ეკვადორი და ვენესუელა რეიტინგში მკვეთრად ჩამოქვეითდნენ.
- ნორვეგია ზედიზედ მეათე წელი, პირველ ადგილზეა, ხოლო ერიტრეა ზედიზედ მესამე წელია — ბოლოზე.
- ასადის შემდგომმა სირიამ 2026 წლის ინდექსში ყველაზე დიდი გაუმჯობესება აჩვენა — რეიტინგში 36 ადგილით დაწინაურდა.
ავტორი: ნინო ჩიჩუა
