ღია მმართველობის პარტნიორობამ [Open Government Partnership] დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარტნიორობიდან გაირიცხა, გადაწყვეტილება მმართველმა კომიტეტმა მიიღო OGP-ის რეაგირების პოლიტიკის შესაბამისად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მოჰყვა განხილვის პროცესს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც მმართველმა კომიტეტმა საქართველოს მონაწილეობა დროებით შეაჩერა და ხელისუფლებას მოუწოდა, მიეღო ზომები და გამოესწორებინა მდგომარეობა სამოქალაქო სივრცესთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

OGP წერს, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, არ არსებობს არც გეგმა და არც ოფიციალური კომუნიკაცია, რაც ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გადასადგმელ ნაბიჯებს ასახავდა. შესაბამისად, პარტნიორობის მმართველი კომიტეტი დაეყრდნო დამოუკიდებელი მესამე მხარის შეფასებებს, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ გრძელდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მხრივ არ აღმოფხვრილა შეშფოთების საფუძველი.

კომიტეტმა დაასკვნა, რომ OGP-ში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, გარემო, რომელიც ხელს უწყობს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას, საქართველოში აღარ არსებობს. ამ გადაწყვეტილებით ოფიციალური სახე მიეცა საქართველოს გარიცხვას OGP-იდან და საქმე დაიხურა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა ეფუძნება პრინციპს, რომ მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეძლონ თანამშრომლობა ისეთ გარემოში, რომელიც იცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ყოვლისმომცველი და სამართლიანი გადახედვის პროცესის შემდეგ დადგინდა, რომ ეს პირობები ამჟამად საქართველოში არ არის დაკმაყოფილებული“, — განაცხადა აიდან ეიაკუზემ, ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელმა დირექტორმა, — „OGP აღიარებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და რეფორმატორების მნიშვნელოვან როლს ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაში, ხშირად რთულ პირობებში.“

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორობიდან გარიცხულ ქვეყანას მომავალში შეუძლია ხელახლა გაწევრიანება იმ პირობით, თუ დააკმაყოფილებს OGP-ის შესაბამისობის კრიტერიუმებს, მათ შორის, გამოავლენს ღია მმართველობის დეკლარაციისადმი და ღირებულებებისადმი ერთგულებას.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შესაბამის დროს კვლავ შეუერთდება ღია მმართველობის პარტნიორობას, როდესაც პირობები გაუმჯობესდება და კვლავ ენერგიულად, ერთგულად შეიტანს წვლილს იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რომელიც გულისხმობს მთავრობების მხრიდან მათი მოსახლეობისთვის უკეთ მუშაობას, ქვეყნის შიგნით და გლობალური თანამშრომლობის გზით“, — დასძინა ეიაკუზემ.

საქართველოს გარიცხვას OGP-დან გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„OGP-ის ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები.

ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაფინანსებაზე და ცდილობს მათი საქმიანობის შეზღუდვას „გამჭვირვალობის“ სახელით; მეორე მხრივ კი, თავად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროში და ამის გამო კარგავს წევრობას ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული“, — წერია განცხადებაში, რომელსაც 5 ორგანიზაცია აწერს ხელს [საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი].

რა არის ღია მმართველობის პარტნიორობა

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 2011 წლის 20 სექტემბერს დაფუძნდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. დღეს OGP აერთიანებს 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ.

ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები OGP-ის წარუდგენენ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი.

საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა და 2020 წლის მდგომარეობით, 4 სამოქმედო გეგმა განახორციელა.

საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 2014 წლიდან იყო.

დაფუძნებიდან დღემდე OGP-ის ფარგლებში, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გლობალურად განხორციელდა 4000-ზე მეტი ღია მმართველობის რეფორმა.

წლების წინ საქართველო OGP-ში ლიდერი ქვეყანა იყო. 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს საქართველომ თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით. საქართველო OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნებოდა, სადაც ღია მმართველობის პროცესში სრულად ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო.

2023 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გააქტიურების შედეგად, OGP-მ საქართველოს დროებით შეუჩერა წევრობა და მთავრობას მისცა კონკრეტული ვადა, 2025 წლის ბოლომდე, შეესრულებინა 2 რეკომენდაცია:
  1. გაეუქმებინა ყველა ის კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მოქალაქეების უფლებებს;

  2. დაეცვა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ფიზიკური და სხვა სახის თავდასხმებისგან.

„რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ მდგომარეობა გააუარესა: გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა და კიდევ უფრო მეტი კანონი იქნა მიღებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. საბოლოოდ, OGP-ის პროცესის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს „ქართული ოცნების“ მთავრობასთან თანამშრომლობაზე“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ორგანიზაციები ასევე განმარტავენ, რატომ უნდა აინტერესებდეს ეს საქართველოს მოქალაქეს:

OGP-დან გამორიცხვა არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი. ეს პირდაპირ უკავშირდება თითოეული მოქალაქის უფლებებს – რამდენად თავისუფლად შეიძლება საკუთარი აზრის გამოხატვა, რამდენად დამოუკიდებელია მედია, რამდენად გამჭვირვალეა სახელმწიფო და რამდენად შეუძლია საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლი. ეს გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს და მოქალაქეთა ხმა აღარ ისმის.