“ქართული ოცნება” თანამდებობას, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შექმნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში სამთავრობო სტრუქტურაში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს. როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა არსებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს, რათა მასში მნიშვნელოვანი კორექტირება შევიდეს. კერძოდ, რეგიონული მიმართულებით კოორდინაციისთვის სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი, რომელიც მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შეიქმნება, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები დიდი ალბათობით გაერთიანდება.

თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. ამავდროულად, იგეგმებოდა ახალი უწყების –  რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შექმნა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მამუკა მდინარაძეს ჰქონდა დაკისრებული, წარმატებით შესრულდა და დღეს ეს სისტემა “გამართულად მუშაობს”. პაპუაშვილის თანახმად, რეგიონული მიმართულებითაც მსგავსი საკოორდინაციო პოსტის შექმნა უშუალოდ “მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ წონასა და მის პირად შესაძლებლობებს” უკავშირდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, “ოცნებისთვის” აღნიშნული თანამდებობის შემოღების საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა.

„პოლიტიკურ გუნდში უმნიშვნელოვანესია ისეთი ფიგურების არსებობა, რომლებსაც სხვადასხვა სტრუქტურებს შორის კოორდინაციისთვის საჭირო პოლიტიკური გამოცდილება და რესურსი გააჩნიათ. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ამ კონკრეტული პოსტის შექმნის გადაწყვეტილებაც შეიცვალა“, – შალვა პაპუაშვილი.

სამინისტროების გაერთიანება და ახალი ხელმძღვანელი

როგორც ცნობილია, ამჟამად რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე უწყებადაც არსებობს. სწორედ ამ სამინისტროს ხელმძღვანელობდა მდინარაძე სანამ გადადგებოდა და პოლიტიკიდან წავიდოდა.

პაპუაშვილის ცნობით, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ისევ ერთ უწყებაში გაერთიანდება. ერთიანი სტრუქტურის უფროსი ინფრასტრუქტურის უწყების მოქმედი ხელმძღვანელი რეზო სოხაძე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს უწყებები წლები ისედაც ერთ სამინისტროში ერთიანდებოდნენ და ზუსტად 18 თვის წინ , 2025 წლის 19 აპრილს განაცალკევეს. რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების განხორციელების უფლება რეგიონული განვითარების სამინისტროს არ დარჩა, შესაბამისად მას მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები ისედაც არ ჰქონდა ხელში.

არ აგერიოთ, ეს ის რეგიონული უწყება არაა, რომელსაც მამუკა მდინარაძისთვის ქმნიდნენ. ის ფუნქციებით მსგავსია, თუმცა მდინარაძის უწყება სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა ყოფილიყო (და არა სრულმასშტაბიანი სამინისტრო) ანუ კიდევ უფრო ნაკლები რესურსი მქონე. თუ მდინარაძის უწყება შეიქმნებოდა, რეგიონული განვითარების უკვე მოქმედი სამინისტრო უნდა გაუქმებულიყო. თუმცა, მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა და მოკლედ რომ შევაჯამოთ, მისთვის დაანონსებული ახალი უწყება აღარ შეიქმნება, ხოლო უკვე არსებული რეგიონული განვითარების სამინისტრო კვლავ ინფრასტრუქტურის უწყებას დაუბრუნდება, რომლისგანაც 18 თვის წინ განაცალკევეს.