რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთთან თანამშრომლობაში დადებით ცვლილებებს ხედავს და ამასთან ერთად მხარს უჭერს მისი სუვერენული განვითარების პროცესს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის წერილი წაიკითხა რუსეთის ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სერგეი კირიენკომ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „აფხაზეთი – ინვესტიციები მომავალში“ ფარგლებში, რომელიც სოხუმში 3-4 აპრილს იმართება.
პუტინის წერილში ნათქვამია: “პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტრანსპორტის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროებში. რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და საჭიროებს აქტიურ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, ახალი პროექტების წინსვლისთვის”.
ამასთან, პუტინის წერილის მიხედვით, რუსეთის მიზანია აფხაზეთის ჩამოყალიბება თანამედროვე და კომფორტულ სახელმწიფოდ ცხოვრებისა და საქმიანობისთვის.
“პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად ეხმარება მისი ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, რასაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს”, – წერს აფხაზური მედია.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
