აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიულმა ხელმძღვანელობამ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და ამერიკის მთავრობას მოუწოდა, გამოიყენოს სანქციები და სხვა ინსტრუმენტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას ჰპარავს და მათ ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ მათ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მოხსნან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და გააუქმონ ანტიდემოკრატიული და უსამართლო კანონები“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი), თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი), წამყვანი წევრი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატი), წამყვანი წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატი) და სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი).