“დეფორმად” წოდებული  ე.წ. განათლების რეფორმის შედეგად იხურება ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკაც. “იურიდიულ კლინიკებს მხარდაჭერა სჭირდება და არა დახურვა”, – ამბობს ბრიჯიტ არიმონდი, ჩიკაგოს სამართლის სკოლის კლინიკური პროფესორი.  “ნეტგაზეთი” მის წერილს სრულად გთავაზობთ:


უილიამ შექსპირის ერთ-ერთი პერსონაჟი ცნობილ ფრაზას ამბობს: „პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ,  მოდი, მოვკლათ ყველა იურისტი.“ ეს ძალიან ცუდი იდეა იქნებოდა. ხშირად ამბობენ, რომ იურისტები სამართლის უზენაესობის მცველები არიან, ხოლო სამართლის უზენაესობა, თავის მხრივ, დემოკრატიული საზოგადოების კეთილდღეობისთვის აუცილებელი საყრდენია.  

რა არის სამართლის უზენაესობა? გაეროს სისტემაში ის განიმარტება, როგორც „მმართველობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა პირი, ინსტიტუცია და ერთეული – საჯარო თუ კერძო, მათ შორის თავად სახელმწიფოც – ანგარიშვალდებულია კანონების წინაშე, რომლებიც საჯაროდ არის გამოცხადებული, თანაბრად აღსრულებული, დამოუკიდებლად განჭვრეტილი და შეესაბამება ადამიანის უფლებათა  საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს.“  

სამართლის უზენაესობის დაცვას დიდი სარგებელი მოაქვს როგორც სახელმწიფოების, ისე მათი მოქალაქეებისთვის, ის აუცილებელია ინდივიდუალური თავისუფლებისთვის. იცავს ძირითად უფლებებს – გამოხატვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას; უზრუნველყოფს თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას; და იცავს ხელისუფლების გადამეტებული ჩარევისგან. ამ გარანტიების გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. სამართლის უზენაესობა ასევე აუცილებელია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. საკუთრების უფლებების პატივისცემისა და  სამართლიანი დავების გადაწყვეტის გარანტიის გარეშე უცხოელი ინვესტორები და ადგილობრივი მეწარმეები თავს შეიკავებენ რესურსების ბიზნესში ჩადებისგან.  

როდესაც დავები წარმოიშობა სამოქალაქო სივრცეში ან ეკონომიკურ სფეროში, სამართლის უზენაესობა ნიშნავს, რომ ისინი გადაწყდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ, მხოლოდ კანონისა და ფაქტების საფუძველზე, შიშისა და მიკერძოების გარეშე.

აქ ჩნდებიან იურისტები. მათ ევალებათ იცოდნენ კანონი, გამოიკვლიონ ფაქტები, მოამზადონ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები, შემდეგ კი ეფექტურად და ეთიკურად წარადგინონ მტკიცებულებები და არგუმენტები სასამართლოში. ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა და მის შესასრულებლად საზოგადოებას სჭირდება იურისტები, რომლებიც სათანადო განათლებით არიან აღჭურვილი. ამიტომ სამართლის სკოლებს ევალებათ შეიმუშაონ და დანერგონ ყველაზე ეფექტური სასწავლო პროგრამები, რათა მომავალი იურისტები მზად იყვნენ სამართლის უზენაესობის მცველის როლის შესასრულებლად.  

კლინიკური იურიდიული განათლება სწავლების მძლავრი მეთოდია. ტრადიციული, დოქტრინალური სწავლების მეთოდი კვლავ დომინანტია – ლექციებითა და საკითხავებით სტუდენტები სწავლობენ სამართლებრივ დოქტრინას. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კლინიკური მეთოდი.  

იურიდიული კლინიკის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ სტუდენტები სწავლობენ რეალურ საქმეებზე მუშაობით. ისინი ამას აკეთებენ კლინიკური პროფესორების ზედამხედველობით – პროფესორების, რომლებიც არა მხოლოდ კარგი მასწავლებლები არიან, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც აქვთ. არავის მოუვა აზრად, რომ მედიცინის სტუდენტები კლინიკური პრაქტიკის გარეშე გახდნენ ექიმები. მომავალ იურისტებსაც სჭირდებათ მსგავსი პრაქტიკული სწავლება.  

რას სწავლობენ სტუდენტები იურიდიულ კლინიკაში?

პრაქტიკულ უნარებს: იურიდიული კლინიკის სტუდენტები სწავლობენ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია კარგი იურისტობისთვის, როგორიცაა კლიენტებთან და მოწმეებთან  ინტერვიუს ჩატარება, კლიენტების კონსულტირება, მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოში და ზეპირი არგუმენტების წარმოთქმა. ეს არ არის მარტივი უნარები. მაგალითად, ინტერვიუ: როგორ ამზადებ მკაფიო და კარგად ორგანიზებულ კითხვებს ინტერვიუსთვის; როგორ ამყარებ ურთიერთობას კლიენტთან ან მოწმეებთან, რომ მათ თავისუფლად და გულწრფელად ისაუბრონ შენთან; როგორ უსმენ კარგად და სვამ საჭირო დამატებით კითხვებს ინტერვიუს დროს; როგორ რეაგირებ, როდესაც ინტერვიუში რაღაც მოულოდნელი ხდება. სტუდენტები სწავლობენ ამ უნარებს ინსტრუქციით, პრაქტიკით, გამოცდილებაზე დაყრდნობით და შემდგომი პრაქტიკით.  

არსებით სამართალს: იურიდიული კლინიკის სტუდენტები უღრმავდებიან  სამართალს, რომელიც მათ ისწავლეს დოქტრინალურ კლასებში. სტუდენტებს შეიძლება ჰგონიათ, რომ იციან კონკრეტული სამართლებრივი დოქტრინა. რა არის დისკრიმინაცია? რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, რომ კონტრაქტი იყოს იურიდიულად სავალდებულო? პასუხები ასეთ კითხვებზე შეიძლება შედარებით მკაფიო ჩანდეს, მაგრამ როდესაც ცდილობ დოქტრინის გამოყენებას კონკრეტულ ფაქტებზე რეალურ საქმეში, ეს ხშირად ბევრად რთული ხდება. რეალურ ცხოვრებაში ფაქტები ხშირად არეულ-დარეულია და კარგ ადვოკატს სჭირდება საქმის თეორიის ჩამოყალიბება, რომელიც ამ ფაქტებს ითვალისწინებს. იურიდიული კლინიკის სტუდენტები სწავლობენ ამას და სწავლობენ ორმხრივ ფიქრს – მოცემული ფაქტების გათვალისწინებით, რა სამართლებრივი არგუმენტები ეხმარება მათ კლიენტს და  დაცვის რა არგუმენტებისთვის უნდა მოემზადონ მოწინააღმდეგის მხრიდან.  

სამართლებრივ წერას: იურიდიული კლინიკის სტუდენტები სამართლებრივ წერაში უფრო მეტ გამოცდილებას იძენენ. კლიენტების ეფექტურად წარმომადგენლობისთვის იურისტებმა უნდა იცოდნენ ტექნიკური წესები, რომლებიც უნდა დაიცვან სასამართლოში დოკუმენტების წარდგენისას. ამ წესების დაუფლების საუკეთესო გზა არის პრაქტიკა, იურიდიული კლინიკები კი უზრუნველყოფენ ამ პრაქტიკას. სტუდენტები ასევე იღებენ გამოცდილებას სამართლებრივი არგუმენტების წერაში, რომლებიც მკაფიო და დამაჯერებელია. იურიდიული კლინიკის სტუდენტის პირველი მონახაზი იშვიათად არის საბოლოო – ისინი ამზადებენ მონახაზებს, იღებენ უკუკავშირს ინსტრუქტორებისგან და შემდეგ ხელახლა წერენ დოკუმენტებს – ხშირად მრავალჯერ.  

იურიდიულ ეთიკას:  იურიდიული კლინიკის სტუდენტები იმ ეთიკური სტანდარტების შესახებ ცოდნას ივითარებენ, რომლებიც იურისტებმა უნდა დაიცვან. რა გარემოებები წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს? რას აკეთებ, თუ გგონია, რომ შენი კლიენტი გატყუებს? რა ხდება, თუ შენი კლიენტი გეუბნება, რომ აპირებს რაღაც უკანონოს გაკეთებას? ზედაპირზე სამართლებრივი ეთიკის სტანდარტები შეიძლება მკაფიო ჩანდეს, მაგრამ პრაქტიკაში ეს შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეთიკური სტანდარტების დაცვა შეიძლება ასუსტებდეს კლიენტის საქმეს. იურიდიული კლინიკის სტუდენტები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ეთიკური სტანდარტები პრაქტიკაში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,  სწავლობენ, რატომ არის აუცილებელი სამართლის უზენაესობისთვის, რომ დაიცვან ეს სტანდარტები.  

პროფესიონალიზმს: იურიდიული კლინიკის სტუდენტები სწავლობენ პროფესიონალიზმს. ისინი სწავლობენ ვადების დაცვას, რადგან მათი არდაცვით შეიძლება ზიანი მიადგეს კლიენტის საქმეს. ისინი სწავლობენ გუნდურად ეფექტურ მუშაობას, თავიანთი კლიენტების ენერგიულად დაცვას, ხოლო მოწინააღმდეგეების მიმართ თავაზიანობის შენარჩუნებას. ისინი მოტივირებულნი არიან, მაქსიმალურად კარგად შეასრულონ სამუშაო, რადგან შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი კლიენტებისთვის. 

იურიდიული კლინიკური განათლების ღირებულება უკვე ფართოდ არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. ბოლო ათწლეულებში, მზარდი რაოდენობის სამართლის სკოლებმა ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში ჩართეს იურიდიული კლინიკური განათლება თავიანთ სასწავლო პროგრამებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამართლის სკოლას არ აქვს იურიდიული კლინიკა და იურიდიული კლინიკები ხარისხობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება,  გვაქვს როგორც ხელმისაწვდომობის, ასევე  ხარისხის გაზრდის ტენდენცია. 

საქართველოში არსებული რამდენიმე სამართლის სკოლა, საჯარო და კერძო, ამჟამად სტუდენტებს სთავაზობს იურიდიული კლინიკის კურსებს. ზოგიერთი ამ კლინიკებიდან მრავალი წელია არსებობს და კარგად არის განვითარებული, სხვები უფრო ახალი ან ნაკლებად განვითარებულია. მათგან ყველაზე ძლიერი სკოლები  განსაკუთრებულ შესაძლებლობებს  სთავაზობს სტუდენტებს, რომლებიც იურიდიულ კლინიკის კურსებს ირჩევენ. ამ გამორჩეულ კლინიკებს შორის არის ადამიანის უფლებათა იურიდიული კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის წარმატებას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის სამართლის სკოლისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ძლიერმა მხარდაჭერამ და ისეთი პროფესორების შერჩევამ, რომლებსაც აქვთ როგორც მასწავლებლად, ასევე პრაქტიკოს იურისტად მუშაობის დიდი გამოცდილება. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გააზრებული, რეფლექსიური პროცესი, რომელიც წინ უძღოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის განვითარებას. 2018 წელს, კლინიკის გახსნამდე მიმდინარეობდა ერთწლიანი დაგეგმვის პროცესი, მას შემდეგ კი,  ყოველწლიურად, სანამ მომდევნო წლის გეგმებს შეიმუშავებს, კლინიკა დროს უთმობს მიმდინარე წლის მიღწევებისა და გამოწვევების შეფასებას. შესანიშნავი იურიდიული კლინიკა ერთ ღამეში არ ჩნდება – რასაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკამ მიაღწია, დროთა განმავლობაში განვითარდა. დიდი დანაკარგი იქნება ისეთი შესანიშნავი იურიდიული კლინიკების გაუქმება, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა.  


ავტორის შესახებ:

ბრიჯიტ არიმონდი არის ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პრიტზკერის სამართლის სკოლის (ჩიკაგო, ა.შ.შ.) კლინიკური პროფესორი ემერიტა. მან დააარსა და 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კლინიკას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგი ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს კლინიკური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იგი კითხულობს საჯარო ლექციებს და კონსულტაციას უწევს იურიდიულ კლინიკებს ქვეყნის მასშტაბით.