რუს და უკრაინელ სინდისის პატიმრებს, ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ახალი ბრალი წაუყენეს. მათ ციხეში ბანქოს თამაშს ედავებიან, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

ეს ინფორმაცია “პუბლიკამ” გაავრცელა და ნეტგაზეთს ანტონ ჩეჩინის ცოლმა, მანჩო სამხარაძემ დაუდასტურა.

სინდისის სამივე პატიმარი გლდანის ციხეში ერთ საკანში ზის. საუბარია იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ბანქო მუყაოს ფურცლებისგან თავად დაამზადეს და იმით ერთობოდნენ. ეს ამბავი 3-და 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

“საუბარია მუყაოს ფურცლებისგან თვითნაკეთი წესით დამზადებულ ბანქოზე, რომელიც, ასევე პროკურატურის პოზიციით, საკანში მყოფმა მეოთხე ბრალდებულმა – ლიტველმა გიედრიუს ვოტრონოვიჩმა [ამჟამად უკვე ექსტრადირებულია სამშობლოში] დაამზადა, დანარჩენმა სამმა კი მხოლოდ ისარგებლა. შემთხვევა კი 5 ოქტომბერს მოხდა”, – წერს პუბლიკა.

ადვოკატები მიუთითებენ თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებზეც – ანტონ ჩეჩინის ადვოკატის თქმით, საქმეზე ბრალდებულს ამ შემთხვევამდე [5 ოქტომბერი] მისთვის გასაგებ ენაზე არ ჰქონდა მიწოდებული სია/ჩამონათვალი/დოკუმენტი ციხეში აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით. როგორც დაცვის მხარე ამბობს, მათთვის გასაგებ ენაზე შესაბამისი პროტოკოლი მსჯავრდადებულებს მიაწოდეს დაახლოებით ორი თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ფაქტი [5 ოქტომბერი] მოხდა.

სამივე მათგანი საქართველოში გამართული პროევროპული პროტესტების აქტიური მონაწილე იყო. ჩეჩინსა და გრიბულს ნარკოტიკების ფლობის მუხლით 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, ხოლო კუხარჩუკს 2 წლით – ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით. სამივე მათგანი უარყოფს წარდგენილ ბრალს. ჩეჩინი და გრიბული ნარკოტიკების ჩადებაზე ლაპარაკობენ.