უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 იანვრის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და მსოფლიოს, განსაკუთრებით კი აშშ-ს, მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“კიევსა და მის მიმდებარედ რუსეთის მასირებული დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია კვლავ გრძელდება. დაზიანდა 20 საცხოვრებელი კორპუსი. დარტყმების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები ასევე გრძელდება ლვოვის ოლქსა და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში. სამწუხაროდ, ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ დედაქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულია ათობით ადამიანი. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე განმეორებითი დარტყმაც განხორციელდა – სწორედ იმ მომენტში, როდესაც მაშველები პირველი დარტყმის შემდეგ დაზარალებულებს დახმარებას უწევდნენ.
საერთო ჯამში, გასულ ღამეს რუსეთმა გამოიყენა 242 დრონი და 13 ბალისტიკური რაკეტა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ერთი საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, ასევე- 22 ფრთოსანი რაკეტა.
ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხს გათბობა და ელექტროენერგია აღუდგეს.
საჭიროა მსოფლიოს მკაფიო რეაქცია. უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომლის სიგნალებსაც რუსეთი ნამდვილად აქცევს ყურადღებას. დღევანდელი დარტყმა ასევე არის ძალიან ხმამაღალი შეხსენება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
9 იანვრის ღამეს რუსეთის მიერ მასობრივ თავდასხმას კიევში მსხვერპლი მოჰყვა – ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა 24 მდე გაიზარდა.








