ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დღეს, 19 დეკემბერს დილით დატოვა. ის გაფრთხილებულ ვადაზე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს, რის გამოც მხარდამჭერებმა მასთან დახვედრა ვერ მოახერხეს.

ზურაბ ჯაფარიძე სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, სადაც მან  7 თვე გაატარა.

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს 7- თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი იმის გამო, რომ არ მივიდა “ოცნების” პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ზურაბ ჯაფარიძის სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას “სწავლობდა”.