საზოგადოება

კობახიძის თანახმად, ხალხს 15 და 17 წლის წინ ნაყიდი ქიმიური ნივთიერება შეასხეს

5 დეკემბერი, 2025 •
კობახიძის თანახმად, ხალხს 15 და 17 წლის წინ ნაყიდი ქიმიური ნივთიერება შეასხეს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნივთიერება, რომელიც 2024 წელს პროტესტის წინააღმდეგ გამოიყენეს, 2007 და 2009 წლებშია შეძენილი.

კობახიძემ დღეს 5 დეკემბერსაც ვერ დააკონკრეტა, რა ნივთიერებაზეა საუბარი, თუმცა გადაჭრით განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პირობებშია ნაყიდი.

კობახიძის ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ხალხს 17 და 15 წლის წლის ნაყიდი ქიმიური ნივთიერება შეასხეს.

“2007 და 2009 წლებში იქნა შეძენილი, რომელიც გამოიყენებოდა 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, 2010-ში. მერე 2019-ში, 2020-ში და ა.შ. გამოიყენებოდა ნივთიერება, რომელიც შეძენილ იქნა 2007- და 2009 წლებში”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შსს არ ამოწმებდა ამ ნივთიერებას, ისე იყენებდა ადამიანების წინააღმდეგ? – კობახიძე პასუხობს, რომ პოლიციაში იცოდნენ, რომ იყენებდნენ წყალს, “კონკრეტულ ნივთიერებას” და გამხსნელს.

“ერთადერთი ვანო მერაბიშვილს შეიძლება შეექმნას გარკვეული პრობლემა, თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა”, – განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის და შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. უტიაშვილი წინა ხელისუფლების დროს შსს-ში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო.

მან პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა ის, ვისი მინისტრობის დროსაც სავარაუდოდ გამოიყენეს ეს ნივთიერება ადამიანების წინააღმდეგ, თქვა რა, რომ არაქიმიკოს ვახტანგ გომელაურს მხოლოდ მისი დანიშნულება უნდა სცოდნოდა და არა მისი ქიმიური შემადგენლობა.


პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი, “კამიტი” გამოიყენეს.

„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი