„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ეს ნიშნავს, რომ თუკი აქამდე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა შეეძლოთ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ახლა ეს უფლება შეეზღუდებათ. იმისთვის, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.
„კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და ცხოვრობს, აქვს სრული პასიური და თუ აქტიური საარჩევნო უფლება.
ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობ,ს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“, – განაცხადა შალვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ამით ხმის მიცემის უფლება არავის არ ეზღუდება.
„თქვენ იცით, რომ დღესაც არ იხსნებოდა საზღვარგარეთ ყველა ქვეყანაში საარჩევნო უბნები. ზოგიერთ ქვეყანაში იხსნებოდა და მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე დიდი დიასპორა არის, იქ საერთო არ იხსნებოდა, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციას. არავის არანაირი უფლება არ ეზღუდება.
ჩვენ ვხედავთ, რამდენად ძლიერი არის სურვილი ჩვენს არჩევნებში გარე ჩარევისა და, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, შეიძლება გახდნენ პოტენციური სამიზნე გავლენისა და ჩარევისა ქართულ არჩევნებში. ამას ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მათ შორის ვხედავთ სხვადასხვა კრიტიკას ამ მხრივ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ ემიგრანტთა ნაწილისთვის საქართველოში ჩამოსვლა დიდ ხარჯს უკავშირდება, ზოგიერთს კი დასაბრუნებლად შესაბამისი საბუთებიც არ აქვს წესრიგში, პაპუაშვილი ამ შემთხვევაშიც ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, ყველას შეუძლია სამშობლოში დაბრუნება.
„თუკი ადამიანს აქვს სურვილი, რომ იყოს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე, თავის მხრივ, როდესაც ადამიანი იმყოფება ქვეყნის გარეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება ადამიანი მოწყვეტილიც იყოს იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მისი მოქალაქეობის ქვეყანაში არის. შეიძლება ორმაგი მოქალაქეობაც ჰქონდეს და პოლიტიკურად აღარ იყოს დაინტერესებული საქართველოსთან დაკავშირებით. ვისაც ინტერესი აქვს და აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გზით, 4 წელიწადში ერთხელ უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში და საქართველოში მისცეს ხმა.
თუ შევხედავთ ტექნიკურ ნაწილსაც, ვინმეს თუ საბუთი აქვს გაუმართავი, ის ვერც საზღვარგარეთ აძლევდა ხმას. საზღვარგარეთ როდესაც უბნები იხსნებოდა, იქაც ძირითადად დედაქალაქებში, იმ ქვეყანაში მყოფ საკონსულო დაწესებულებებში, ამიტომ იმ ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს, თუკი ეს დიდი ქვეყანა იყო, ალბათ, უწევდათ [საქართველოში ჩამოსვლის] შესადარი გზის გავლა იმისთვის, რომ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებთან. შეიძლება დღეს ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლა უფრო მარტივი და იაფიც იყოს ადამიანისთვის, ვიდრე ამერიკის ერთი შტატიდან სხვაგან წასვლა და ხმის მიცემა…
ვისაც უნდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს სამშობლოში და მისცეს ხმა არჩევნებში. მე მგონი, ყველას შეუძლია, ვისაც ამის სურვილი აქვს. სხვათა შორის, საქართველოშიც უწევთ მოქალაქეებს ერთი ადგილიდან მეორეში წასვლა ხმის მისაცემად… საქართველოს მოქალაქე 4 წელიწადში ერთხელ ყველა დაბრუნდეს და მისცეს ხმა. როდესაც იქნებიან აქტიურად ჩართულები საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის ადგილზე ინფორმაციას ნახავენ და არ იქნებიან დამოკიდებული მედიის მიერ ინტერპრეტირებულ სურათზე საქართველოსთან დაკავშირებით, შეძლებენ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.
ემიგრანტები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლებოდათ. ვინაიდან, როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა. ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებმა კამპანიებიც წამოიწყეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში საარჩევნო უბნები დაემატებინა. თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გახსნა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 უბნით მეტი. ახალი გადაწყვეტილებით კი, „ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს და ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, მას საქართველოში ჩამოსვლაც შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა) საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა საგრძნობლად მცირდება და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შედეგები წლების მიხედვით:
- 2016 წელს – 39,6% (ეროვნულ დონეზე 48,68%)
- 2020 წელს – 29,03% (ეროვნულ დონეზე 48,22%)
- 2024 წელს – 13,49% (ეროვნულ დონეზე 53.93%).








