ბერლინში გამართული კონსულტაციების შემდეგ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი თბილისში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, პეტერ ფიშერს გერმანიის საგარეო უწყების სრული მხარდაჭერა აქვს.
ფიშერი გერმანიამ კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დროებით გაწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირზე, გერმანიაზე და პერსონალურად ელჩზე მიმართული თავდასხმების გამო, რაც მრავალი თვეა გრძელდება.
გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ არის გადახრილი და მუდმივად თავს ესხმის ევროკავშირს. კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც. ელჩის გაწვევა კი გერმანიის საგარეო უწყების პასუხია საქართველოს მთავრობის მიმართ.
„ელჩის გაწვევა კულმინაციური წერტილია განგრძობითად მიმდინარე ესკალაციისა საქართველოს პრორუს მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ელჩ ფიშერს შორის. სექტემბერში კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და საჯაროდ ახსენეს ფიშერის ქვეყნიდან გაძევების საკითხი“, — წერს გერმანული გამოცემა.
„შპიგელი“ მიუთითებს, რომ ამას წინ უძღოდა გერმანიის ელჩის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა „ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის მისამართით და მას პრობლემები ექმნებოდა „ოცნების“ მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესებზე დასწრების გამოც. დღეებით ადრე კი საქართველოს მთავრობამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი დააჯარიმა რუსთაველზე უწყვეტად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისვლის და სოლიდარობის გამოხატვის გამო.
„ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს და სხვა ევროპელ დიპლომატებს დიდი ხანია ვენის კონვენციის დარღვევაში, შიდა საქმეებში ჩარევასა და „რადიკალების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს. „რადიკალებს“ ივანიშვილის პარტია უწოდებს ოპოზიციურ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ. სექტემბერში ელჩი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს. რის შემდეგაც, უკვე ოქტომბრის დასაწყისში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იხმო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
“ჩვენ მას გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა არის მიუღებელი და უნდა შეჩერდეს”, – განაცხადა მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
