არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან, რომელიც ხშირად აკრიტიკებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კრიტიკული საუბარი გამართეს და სხდომის აუდიოჩანაწერიც თავად გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ნოდარ მელაძის შაბათმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ სწორედ ეს საუბარია ასახული.
აუდიოდან ირკვევა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კრიტიკულ კითხვებს უსვამენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია და მიქაელ ბოტკოველი, პატრიარქის მდივანი.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: შენი ასეთი აქტიურობები ადრე არ მახსოვდა… პოლიტიკასთან
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: რომელ აქტიურობაზე საუბრობ?
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: აი, საჯარო სივრცეში რასაც საუბრობ.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მე 2012-შიც აქტიური ვიყავი.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: იყავი?
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: დიახ… მამა ანდრიაც [ჯაღმაიძე] იყო. ციხეების ამბავზე, ხომ გახსოვთ მამაო?!
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: კი
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ხომ იყავით აღშფოთებული მთავრობის საქციელით?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:კი, რა თქმა უნდა
მღვდელი დოროთე ყურაშვილი : მეც ვიყავი.
ახლა მათი კრიტიკის საგანია ის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლების შეფასებით, არქიმანდრიტი სხვა სასულიერო პირებს ერთგვარად აკნინებს, როდესაც სინანულს გამოთქვამს, რომ ბევრი მღვდელი არ აფიქსირებს პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ისე გამოდის, რომ საძმოს სხვა წევრებს, ჩვენ ხომ ძმები ვართ, თითქოს მორალურად აკნინებთ: ვერ ბედავენ, კაცობა უნდა გეყოს, რომ გამოხვიდე და თქვა… თქვენ საქციელს რატომ უყენებთ საზომს და სხვებს რატომ აკნინებთ
არქიმანდრიტი დოროთე: ვის ვაკნინებ?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ყველას ვისაც გულისხმობ, როცა ამბობ, რომ ვერ გამოდიან და ვერ ბედავენ ლაპარაკს.
არქიმანდრიტი დოროთე: არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სიტყვა თქვათ… არც ერთ მღვდელზე მე სახელით არ მითქვამს, როცა ჩემზე ამბობენ სახელით
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მარტო ჩვენ ვამბობთო, რამდენიმე სამღვდელო..
არქიმანდრიტი დოროთე: რამდენიმეში იქნებ თქვენც იგულისხმებით, მამაო, თქვენ ხომ ამბობთ სიტყვას?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მე ვიგულისხმები, მაგრამ ეს კაცი იგულისხმება?
არქიმანდრიტი დოროთე: რა ვიცი მე, მაგ კაცს საერთოდ არ ვიცნობ, ყველამ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს…
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სხვაზე ნუ ილაპარაკებთ, ნუ მომიწოდებთ, ჩემი პოზიცია ეგ არის, რაც ჩანს.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ჩანაწერში ამბობს, რომ მას საერთოდ არ სჯერა იმის, რასაც ოპოზიცია საუბრობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: თუ ტყუილია, რასაც ოპოზიცია ამბობს, გამოდი და უთხარი: ცდებით!
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: რა ვუთხრა, რა ჩემი საქმეა, მაგათ ველაპარაკო. დარწმუნებული არ ვარ, რომ არჩევნები გაყალბდა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ეს ხომ თქვენი პოზიციაა? მერე ადექით და თქვით!
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩემი საქმე არ არის გავიდე…
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: 2012 წელს იყო ჩვენი საქმე?
მოგვიანებით ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა არა მისი არამედ, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით შედგა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი კი ამბობს, რომ შეხვედრა ზნეობრივი კომისიის ფარგლებში არ შემდგარა ეს იყო გასაუბრება არქიმანდრიტთან, რაც მათ მეუფე შიომ დაავალა.
