საზოგადოება

კორეის მთავრობა ემიჯნება სეულში აფხაზური ცენტრის გახსნას, თბილისი დუმს

26 სექტემბერი, 2025 •
კორეის მთავრობა ემიჯნება სეულში აფხაზური ცენტრის გახსნას, თბილისი დუმს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ რეაგირებს სამხრეთ კორეის პარლამენტის შენობაში „აფხაზეთის კულტურის ცენტრის“ პრეზენტაციაზე.

აფხაზურმა მედიამ 23 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში აფხაზეთის კულტურის ცენტრის საზეიმო გახსნის შესახებ. „აპსნიპრესის“ თანახმად, ცერემონია კორეის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრი დაურ კოვე, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წევრები, ხელოვანები, მეწარმეები და ჟურნალისტები, ღონისძიებაზე შესრულდა „აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და კორეის რესპუბლიკის ჰიმნები“.

„ნეტგაზეთმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, რა რეაგირება ჰქონდა თბილისს სამხრეთ კორეაში ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის ცენტრის გახსნაზე, თუმცა ორი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მიიღო. უცნობია, დაიბარეს თუ არა საგარეო უწყებაში სამხრეთ კორეის ელჩი საქართველოში.

ამავე პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები გამოიძახეს.

სამხრეთ კორეის საელჩო საქართველოში ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ კორეის პარლამენტის შენობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მასპინძლობა და აფხაზეთის კულტურის ცენტრის პრეზენტაცია მთავრობის პოზიციას არ ასახავს.

„კორეის მთავრობა არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კორეა საპრეზიდენტო სისტემაა, სადაც პარლამენტი და აღმასრულებელი შტო (მთავრობა) გამიჯნულია. პარლამენტარის ქმედება ყოველთვის არ ემთხვევა ან არ ასახავს მთავრობის პოზიციას. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ სამხრეთ კორეის საელჩოში.

ამ თემაზე:

სოხუმის ცნობით, სამხრეთ კორეის პარლამენტში აფხაზეთის კულტურული ცენტრი გაიხსნა

მასალების გადაბეჭდვის წესი