ეუთოს წევრი 37 სახელმწიფო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე საქართველოში და წუხს, რომ ეუთო/ოდირი 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად დროულად არ იქნა მიწვეული.
„ვწუხვართ, რომ წინა კომუნიკაციებში გამოთქმული ჩვენი შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას“, — ნათქვამია 37 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების ფონზე, როდესაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრეს. ასევე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს არჩევნების სანდოობის, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის კუთხით. ეუთოს წევრი სახელმწიფოები ამ კონტექსტში მონიტორინგს განსაკუთრებით აუცილებლად მიიჩნევენ და წუხან, რომ ODIHR-ს არ გაეგზავნა დროული მოწვევა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საფუძვლიანი დაკვირვება.
„საქართველოს დიდი ხნის პრაქტიკიდან გადახვევა ღრმად შემაშფოთებელია. გარდა ამისა, მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების ყველა ბრალდება და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები“, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ეუთოს 37 ქვეყანა განცხადებაში მკაცრად გმობს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ „არაპროპორციულ განაჩენს და რამდენიმე მომიტინგისთვის ბოლო პატიმრობის განაჩენებს“.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული და ხაზს ვუსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაადასტუროს დიალოგისადმი ერთგულება და ეუთოს პრინციპები და ვალდებულებები. ასევე, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ეუთოს ინსტიტუტების, როგორიცაა ODIHR და RFOM, დახმარება. კურსის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ არსებობს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქარტველი ხალხის გვერდით და მათი დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში, სადაც ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალს წარმოადგენს“ ,— ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.
