“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნეტგაზეთის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც ნეტგაზეთს ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

სინამდვილეში, ნეტგაზეთმა ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, 9 სექტემბერსაც დააანონსეს საპროტესტო აქცია.

ტექსტი, რომელიც პაპუაშვილის სქრინშია მოცემული, სწორედ აქტივისტების გაერთიანების, “ერთობის” განცხადებაა და “ოცნების” ლიდერის მიერვე გავრცელებულ სქრინშივე (ბოლო წინადადება) ჩანს, რომ ნეტგაზეთი დაანონსებული აქციის ორგანიზატორების განცხადებას ციტირებს.

გამოდის, რომ პაპუაშვილი მედიის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციის გაშუქებას ასაღებს ამ მედიის მხრიდან “ძალადობის დაორგანიზებად” (!).

რეალურად, დაგეგმილი აქციების ანონსებისა და ზოგადად მიმდინარე მოვლენების გაშუქება მედიის მოვალეობაა.

ნეტგაზეთი პაპუაშვილის ცილისწამებას განიხილავს მორიგ ზეწოლად მედიაზე, რომლის დამფუძნებელიცა და დირექტორიც ამ დრომდე უკანონოდაა დაპატიმრებული. მსგავსი დეზინფორმაცია მაღალი თანამდებობის მხრიდან ახალისებს ძალადობას ჟურნალისტებზე.