დღეს, 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის დღეა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1995 წლის 24 აგვისტოს.
კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, ორბელიანის სასახლეში გაიმართა. მასში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, სახალხო დამცველი, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გასული 7 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა 2018 წელს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, მასში არცერთი ცვლილება არ შესულა, არ შეცვლილა არცერთი კონსტიტუციური ძირითადი დებულება.
„ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი, მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არცერთი მცდელობა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არცერთი მცდელობა“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სამაგიეროდ, საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების მცდელობა ჰქონდათ „ქართული ოცნების“ ოპონენტებს, მათ შორის, უცხოელებს.
ამ კონტექსტში კობახიძემ ახსენა შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმება და თქვა, რომ მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციაში სხვადასხვა შესწორების შეტანა იყო.
„ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი. მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულად 2018 წლის დეკემბერში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა. ორიოდე თვეში, „ქართული ოცნების“ რიგებიდან დეპუტატების გადინების შედეგად, მმართველმა გუნდმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. „ქართულ ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო 2020 და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგადაც.
შესაბამისად, 7 წლის განმავლობაში მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ბერკეტი არ ჰქონია. ამ ხნის განმავლობაში კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციაც ემხრობოდა. მაგალითად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, 2020 წელს კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელიც პროპორციულთან მიახლოებულ (120/30-ზე) საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და 1%-იან ბარიერს ითვალისწინებდა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ სჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა 4 მიზნის მისაღწევად:
- „ნაციონალური მოძრაობის“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“, — ე.ი. ოპოზიციის ასაკრძალად;
- „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტის დასამტკიცებლად;
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, მმართველობის სისტემის და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
- კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ვერ დაასახელებს.
მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა 113 ხმა.
