აშშ არ შეუერთდა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას გაეროში, მოსკოვმა კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „სიბრძნისთვის“ შეაქო.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ 18 აგვისტოს დახურულ სხდომაზე, ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.
სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრმა შემდეგმა ქვეყნებმა: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, სლოვენია, დანია და საბერძნეთი, ასევე საბჭოს მომავალმა წევრმა ლატვიამ.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას.
განცხადება ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართუულ ნაბიჯებზე, ქართველების უკანონო დაკავებებზე, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაზე და სხვა. გმობს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობებს და მოითხოვს დამნაშავეთა დასჯას.
განცხადება ხაზს უსვამს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობას და რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერუტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.
აშშ-ის პოზიცია
გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება, აქედან 5 (აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) მუდმივი წევრია, 10 კი ორ წელიწადში ერთხელ იცვლება.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ტრადიციულად ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. აშშ ყოველწლიურად უერთდებოდა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებას, თუმცა წელს ერთობლივ განცხადებაში არ ფიგურირებს. (გაეროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე იძებნება უშიშროების საბჭოს წევრების ერთობლივი განცხადებები 2018 წლიდან — აშშ ყველა მათგანის თანაავტორია).
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-მა შეცვალა რიტორიკა კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მშვიდობის ხელშეწყობით ახსნა. შეერთებული შტატები აღარ უჭერს მხარს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებსაც, რომელიც უკრაინის კონტექსტში რუსეთის აგრესიას ახსენებს და უფრო ლმობიერი, ალტერნატიული რეზოლუციების ინიციატორია.
რუსეთის პოზიცია
რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გაეროში დიმიტრი პოლიანსკიმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „სიბრძნისთვის“ შეაქო და გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს ევროპული ქვეყნები, რომლებმაც აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს.
„თქვენ ახლა ნახეთ ევროპული დიპლომატიის საბრალო უსარგებლობის ცოცხალი ილუსტრაცია. მათ სცადეს, ნაფტალინიდან ამოეღოთ კონფლიქტი, რომელიც დღეს იმდენად აქტუალური აღარ არის, რომ უშიშროების საბჭოს მისი განხილვა დასჭირდეს, ერთადერთი მიზნით — ძირი გამოუთხარონ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმდინარე ძალისხმევას“, — განაცხადა პოლიანსკიმ.
მან თქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა არის 2.5 მილიარდი დოლარი და შარშან 1.5-მა მილიონმა რუსმა ტურისტმა მოინახულა საქართველო.
„ეს მოწმობს ჩვენი ორი ერის სურვილზე, აღადგინონ კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობა. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ასეთი სცენარი არ აწყობს. ისინი, ვისაც სურდა, საქართველო თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების პაიკად ექცია, ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს. თუმცა საქართველოს ხელმძღვანელობას საკმარისი სიბრძნე აღმოაჩნდა, რომ ასეთი ბოროტი სცენარი უარეყო. თუმცა ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეს მოსვენებას არ აძლევს და ცდილობენ, საქართველო მიიყვანონ იმავე ტრაგედიამდე, რაშიც უკვე ჩააგდეს უკრაინა. ჩვენ ასეთ მცდელობებს შევეწინააღმდეგებით“, — განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებულია „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით“ და „ამ ქვეყნებს შორის“ თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი გაეროში აქებს „ქართული ოცნებას“. უფრო მეტიც, იმოწმებს მის განცხადებებს 2008 წლის ომში საქართველოს დასადანაშაულებლად.
მაგალითად, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ და 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთის ქვეყნების დასადანაშაულებლად დაიმოწმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.
პირველად, „ოცნების“ ამ განცხადებიდან მეორე დღესვე, 2024 წლის 14 აგვისტოს, იგივე ამონარიდი ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაეროში, დიმიტრი პოლიანსკიმ წაუკითხა.
რუსული პროპაგანდისტული მედია აქტიურად აშუქებს “ოცნების” “აღიარებას” აგვისტოს ომზე
