19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება სასამართლოში ვერ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ აქვს. არადა, როგორც მხარეებმა განმარტეს, ვიდეოში არაფერი ჩანს თავად ცეცხლაძის გარდა, რომელიც ფეისბუქ-ლაივის ფორმატში საუბრობს – ხმის გარეშე ვიდეოს ღირებულება არ აქვს.

ვიდეო დღეს, 23 ივლისს უნდა გამოეკვლიათ. დღესვე პროკურატურამ მოწმის სახით სხდომაზე მიიყვანა გამომძიებელი ლევან ბასილაძე. სწორედ ბასილაძემ “დაათვალიერა” აღნიშნული ვიდეო ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” გვერდზე და ჩამოწერა. როცა სხდომაზე ვიდეოს ჩართვა დააპირეს, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის მიერ მათთვის გაგზავნილ ვიდეო უხმოა. მათ მოითხოვეს, რომ ვიდეო აჩვენონ სასამართლოსთვის გადაცემული ვერსიიდან, რომელსაც “დედანს” უწოდებენ.

ბასილაძის დაკითხვის შემდეგ გამოცხადდა შესვენება, რათა ვიდეოს ის ვერსია ენახათ, რომელიც სასამართლოშია დალუქული. აღმოჩნდა, რომ ხმა არც იმ ვიდეოს აქვს.

პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ საქმეში დევს გამომძიებელ არსენ ხუნაშვლის მიერ შედგენილი რამდენიმეფურცლიანი ოქმი, სადაც დეტალურადაა აღწერილი ვიდეოს შინაარსი. თუმცა არც ვიდეო და არც სხვა წერილობითი მტკიცებულება დღევანდელ სხდომაზე არ გამოუკვლევიათ.

ლევან ბასილაძის გამოკითხვა შემდეგ სხდომაზე განახლდება. თუმცა დღეს მან ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ ვიდეოს შინაარსზე, არამედ მის ქვეშ დაწერილ კომენტარებზეც. გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ შეისწავლა 80-ზე მეტი კომენტარი, რომლებიც თანხვედრაში იყო ვიდეოს შინაარსთან. მაგალითად, მან თქვა, რომ ცეცხლაძე ვიდეოში საუბრობდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, მათ შორის ხელკეტებით, რის საპასუხოდაც ვინმე სოსო ხარატიშვილმა დაწერა კომენტარი: “ხელკეტებით, ჯაჭვები, აირწინაღები, პატარ-პატარა კრეატიული ბონუსები”.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა ლევან ბასილაძეს ჰკითხა, არის თუ არა დარწმუნებული, რომ ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარების ავტორები რეალური ადამიანების მიერაა დაწერილი და არა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული. აღმოჩნდა, რომ გამომძიებელს არც იმ გვერდის ადმინისტრატორების ვინაობა შეუსწავლია, საიდანაც ვიდეო ჩამოწერა და არც ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარების ავტორების ნამდვილობა.

რას (ვერ) ადასტურებს ვიდეო?

ვიდეო, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა 19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ, გამოქვეყნდა ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ფეისბუქ გვერდზე. ის დაახლოებით 14-15 წუთის ხანგრძლივობისაა. როგორც თავად ცეცხლაძე ჰყვება, ლაივი 2024 წლის ნოემბრის პროევროპული აქციების დარბევის შემდეგ ჩაწერა და მასში საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაიცვან თავი მოქალაქეებმა დარბევის დროს, რა ატრიბუტიკა გამოიყენონ აქციებზე და ა.შ.

ვიდეო ამჟამად არ იძებნება. როგორც “დაფიონის” წევრები და ცეცხლაძის ახლობლები ამბობენ, ის კიბერშეტევის (სავარაუდოდ, საჩივრების [report] შედეგად), უკვე რამდენიმე თვეა წაშლილია. ვიდეოს აღდგენის მოთხოვნით მათ კომუნიკაცია აქვთ META-სთან, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.

ზვიად ცეცხლაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას. თუმცა პროკურატურა ორგანიზებული ჯგუფის არსებობას ჯერჯერობით ვერ ადასტურებს. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის წარდგენილი ბრალდება გაუგებარია.

ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც ორგანიზებული ჯგუფის არსებობა შეიძლება დადასტურდეს, არის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის კომუნიკაცია – პირისპირი, წერილობითი ან სხვა რაიმე ფორმით. პროკურატურას არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს – ბრალდებულთა უმეტესობამ ერთმანეთი მხოლოდ დაკავების შემდეგ, ციხეში გაიცნო.

ცეცხლაძის შემთხვევაში, პროკურატურის ლოგიკა ასეთია: ვიდეოში, რომლის გამოკვლევა დღეს ვერ მოხერხდა, ცეცხლაძე ახმიანებს ძალადობრივ მოწოდებებს. ამ ვიდეოს უყურეს სხვა მოქალაქეებმა, იქ მოსმენილი მოწოდებების შემდეგ გავიდნენ აქციაზე და შეუერთდნენ “ძალადობრივ ჯგუფს”.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ვიდეოს შინაარსი არა სამართალდამცველთა მიმართ ძალადობის წახალისება, არამედ პირიქით, მათი მხრიდან წამოსული აგრესიისგან თავის დაცვის მეთოდების გაზიარებაა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლაძე ვიდეოში ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებს, პროკურატურის პასუხისმგებლობაა დაადასტუროს, რომ ამ მოწოდებამ გამოიწვია კონკრეტული ძალადობრივი ქმედება. თუმცა პროკურატურა არ თუ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის არსებობს, იმასაც ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებულთაგან რომელიმეს ქმედებამ ვინმე, ან რამე დააზიანა.

ვიდეოს გამოკვლევა, ალბათ, საკითხს უფრო ცხადს გახდიდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, 23 ივლისის სხდომაზე ეს ვერ მოხერხდა. ამ სხდომაზე მომხდარი მნიშვნელოვანი დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ “ნეტგაზეთის” რეპორტაჟში ამ ბმულზე.