ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს გამოაცხადებს უკრაინის შეიარაღების ახალ გეგმას, რომელიც, სავარაუდოდ, შეტევით იარაღს მოიცავს.
ორმა ინფორმირებულმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ გეგმა, სავარაუდოდ, მოიცავს შორი მოქმედების რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვამდე. თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონდა ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.
„ტრამპი ნამდვილად გაბრაზებულია პუტინზე. მისი ხვალინდელი განცხადება ძალიან აგრესიული იქნება“, – განუცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა Axios-ს.
ახალი ინიციატივა, რომელიც დონალდ ტრამპისა და ნატოს გენერალურ მდივნის, მარკ რუტეს შეხვედრაზე გამჟღავნდება, გულისხმობს, რომ ევროპული ქვეყნები დაფარავენ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის საფასურს, რომელიც აშშ-შია წარმოებული. ეს სქემა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი კვირის წინ, ნატოს სამიტზე შესთავაზა.
„ზელენსკი ჩვეულებრივი ადამიანივით მოვიდა, არა შეშლილივით, და ჩაცმული იყო ისე, როგორც ნატოში უნდა ყოფილიყო. მასთან ერთად იმ ადამიანთა ჯგუფი იყო, რომლებიც, როგორც ჩანდა, შეშლილები არ იყვნენ. ამიტომ, მათ კარგი საუბარი ჰქონდათ“, — განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ნატოს სამიტის ფარგლებში ზელენსკი-ტრამპის შეხვედრის შესახებ.
ტრამპი ამბობს, რომ იარაღის საფასურის 100%-ს ევროპული ქვეყნები გადაიხდიან.
„ეს ჩვენთვის ბიზნესი იქნება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა დააანონსა, რომ 14 ივლისს რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს.
