საზოგადოება

შეწყალება არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ – ყაველაშვილის შეთავაზება დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

4 ივლისი, 2025 •
შეწყალება არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ – ყაველაშვილის შეთავაზება დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს
“ქართული ოცნების” პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შეწყალებას ჰპირდება, ოღონდ გარკვეული პირობით: მას უნდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილება მიიღონ.

“ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”, – წერია მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საფუძლით 8 ოპოზიციონერი ლიდერია დაკავებული. პროკურატურა მათ ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევას, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ოპოზიცინერი ლიდერები აცხადებენ, რომ არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმურობას. შესაბამისად, არ მივიდნენ იქ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე.

ამ დროისთვის დაკავებულია:

  • “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე – მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 23 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
  • “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე – მოსამართლე ზვიად შარაძემ 23 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
  • “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე – მოსამართლე ზვიად შარაძემ 23 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
  • “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 24 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
  • “კოლაიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 27 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
  • “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერი, გივი თარგამაძე – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 27 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
  • “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია – მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 1-ელ ივლისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
  • ყოფილი თვადაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი – თამარ მჭედლიშვილმა 4 ივლისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;

მასალების გადაბეჭდვის წესი