საზოგადოება

EU-მ „ოცნებას“ შესთავაზა დიალოგი, თუმცა პასუხი არ მიუღია

3 ივნისი, 2025 •
EU-მ „ოცნებას“ შესთავაზა დიალოგი, თუმცა პასუხი არ მიუღია

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ბელორუსიის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ჟულიენ ბურტემბურგმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეს დიალოგი ადამიანის უფლებებზე, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა „ძალიან შემაშფოთებელ სიტუაციას“ საქართველოში, მათ შორის რეპრესიულ კანონმდებლობას, დეზინფორმაციას, ასევე პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების დევნას.

„ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციას ევროკავშირის შესახებ და ჩვენი ელჩი ყოველდღიურად განიცდის დეზინფორმაციულ თავდასხმებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ეს საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზიდან და ამ ეტაპზე ხელახალი ჩართულობისთვის სივრცე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას დიალოგი ადამიანის უფლებებზე, რათა განხილულიყო შემაშფოთებელი საკითხები, თუმცა ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი გზავნილი ნათელია — საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები. მათ უნდა შეწყვიტონ ძალადობა და დაშინება, შეაჩერონ ყველა რეპრესიული კანონი და დაიწყონ ნამდვილი დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, — განაცხადა ჟულიენ ბურტემბურგმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის დახმარება, პირდაპირი კონტაქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის. ასევე, ხელთ აქვს სხვა ინსტრუმენტებიც.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა გასული წლის დეკემბერში სანქციების საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ამ თემაზე მსჯელობა წევრ ქვეყნებთან გრძელდება. ასევე არსებობს დამატებითი ზომებიც, რომლებიც შესაძლებელია გააქტიურდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენი ელჩი და დელეგაცია ადგილზე რჩებიან სწორედ ამისთვის“, — განაცხადა დიპლომატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი