მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანი ეხმაურება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს. როგორც მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ფეისბუკზე წერს, შეუსაბამოდ მიაჩნია სილის გაწვნისთვის ის სასჯელი, რომელსაც ამაღლობელს უფარდებენ. საუბარია 4-დან 7 წლამდე პატიმრობაზე.

“შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მზია ამაღლობელის მიმდინარე სასამართლო პროცესს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველი ჩვენგანი დედის ნაშობნი არა ვართ?! ქალის კულტი ხომ ჩვენ ერში ოდითგანვე განსაკუთრებული როლით და პატივისცემით სარგებლობდა. დაზარალებულმა [ირაკლი დგებუაძე] სასამართლოზე განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ამ კანონით ქალს სილის გაწვნისთვის 4 – დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს.

მე მესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია და მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, თუმცა შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ.

ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და შვილო, განა შენ არ გაგზარდა ქართველმა დედამ, გყავს და ან მეუღლე, განა უცხოა შენთვის მორალური კანონები – შენდობა და პატიება, რომელიც ხშირად აღემატება დაწერილ კანონებს.

“რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ” .

მიუტევეთ და მოგეტევებათ”, – გიორგი (ჯამდელიანი) ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის.

ეპისკოპოსის მოსაზრება სასჯელის სიმძიმეზე თანხვედრაშია მზია ამაღლობელის ადვოკატების დაცვის პოზიციონირებასთან. მზია ამაღლობელის დაცვის მხარეც ადასტურებს, რომ მან ირაკლი დგებუაძეს სილა ნამდვილად გააწნა, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა პოლიციელზე თავდასხმა, რაც 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათი პოზიციაა, რომ სახეზე გვაქვს პოლიციელის შეურაცხყოფა. მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის მზადაა პასუხი აგოს სილის გაწვნისთვის, თუმცა მისი ქმედება არ ყოფილა პოლიციელზე თავდასხმა. მზია ამაღლობელის ადვოკატების პოზიციაა, რომ ირაკლი დგებუაძისთვის გაწნული სილა ჯდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში, მუხლში, რომელიც პოლიციელისადმი შეურაცხყოფას ითვალისწინებს და ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

მზია ამაღლობელი უკვე 4 თვეზე მეტია პატიმრობაშია. შედარებისთვის ის უფრო დიდი ხანია, რაც პატიმრობაში იმყოფება, ვიდრე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გააწნა სილა პოლიტიკური მოსაზრებების გამო.