„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რის საფუძვლადაც პოლიციის მიერ მტკიცებულებების გაყალბებას ასახელებენ.

ხვალ, 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მზია ამაღლობელის საჩივარს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმებას ეხება. ეს მუხლი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც ვიდეო-კადრებიდან ჩანს, 2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისთვის აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ. თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, დაკავების ოქმში 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა მიუთითეს.

საქმეზე გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის ჩვენების და ორი ვიდეოფაილის საფუძველზე მიიღო, რომელსაც ადვოკატების ცნობით, შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან.

როგორ მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ნონა ქურდოვანიძემ და მაია მწარიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ვიდეოკადრები, რომელიც პოლიციამ სასამართლოში წარადგინა როგორც მტკიცებულება, თითქოს მზია ამაღლობელი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას სხვების დაკავებაში, გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ და არა დაკავებამდე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიდეო მასალა გახდა მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, ხოლო მისი პირველი დაკავება ასევე დაკავშირებულია სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან და მისი პატიმრობა დღემდე დასაბუთებულია სწორედ ამ უკანონო ადმინისტრაციული დაკავებით, გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ ახალი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ:

  1. პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის (ლ. გაბაიძის) დაკავებას, რაც პოლიციამ განახორციელა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე;
  2. პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გოჩა ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.

ვიდეო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარვუდგინეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“, — ნათქვამია მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებაში.

მზია ამაღლობელის ადვოკატები მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გოჩა ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მუხლებით მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.

ადვოკატები მიმართავენ გენერალურ პროკურორს, უმოკლეს დროში აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მზია ამაღლობელის პატიმრობა დღემდე ეფუძნება სწორედ ამ გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას.