26 ოქტომბრის არჩევნებზე 5146 დამკვირვებელი ეყოლება იმ ორ ორგანიზაციას, რომლებიც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დარღვევებში არიან შემჩნეული სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ამათ გარდა, ცესკოში დამკვირვებლად რეგისტრირებულებს შორის არიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მწირია ან საერთოდ არ იძებნება.
„ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში იკვლევს, ვინ აკვირდება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ვინ არიან ისინი?
დამკვირვებლების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა, ცესკოში 102 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არჩევნებს აკვირდებიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც აფილირებული არიან როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან.
ნეტგაზეთმა ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები იკვლია, რომლებსაც 300-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავთ დარეგისტრირებული. ასეთია სულ 22 ორგანიზაცია.
სამოქალაქო ორგანიზაციები
2024 წლის არჩევნებს დააკვირდება სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელიც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად შექმნა. „ჩემი ხმის“ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებს, ჯამში, 2000-მდე დამკვირვებელი ეყოლება. მათგან ყველაზე მეტი დამკვირვებელი იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (977) სახელით და „საქართველოს მომავლის აკადემიას“ (1232).
გარდა ამისა საპარლამენტო არჩევნებს ტრადიციულად დააკვირდებიან დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს წლებია აკვირდებიან:
- საია [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია], რომელსაც ცესკოში 650 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული;
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 1665 დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი;
- „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ , რომელსაც 418 დამკვირვებელი ეყოლება;
- „ღია სივრცე კავკასია“, რომელიც არჩევნებს 652 წარმომადგენლით დააკვირდება. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს საიას ყოფილი იურისტი ირმა პავლიაშვილი;
- „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ 512 დამკვირვებლით. ორგანიზაცია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა.
ორგანიზაციები, რომლებიც, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ იყვნენ დაკავშირებული
ყველაზე მეტი დამკვირვებელი ორ ორგანიზაციას ჰყავს – „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერს“ (2654 დამკვირვებელი) და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ (2492 დამკვირვებელი). „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ დირექტორი ეკა აგლაძეა, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ ეკა აგლაძის მეუღლე, გრიგოლ გაგნიძე ხელმძღვანელობს. ორივე ორგანიზაცია წინა არჩევნებსაც აკვირდებოდა და მათი წარმომადგენლები სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დარღვევებში არიან შემჩნეული.
მაგალითად, 2022 წლის შუალედური არჩევნების დროს, ,,სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სადამკვირვებლო მისია იუწყებოდა ამ ორგანიზაციების აკრედიტებული დამკვირვებლის მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საარჩევნო აგიტაციის შესახებ.
„საარჩევნო უბნებთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნით მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის აკრედიტებული დამკვირვებლების მიერ, რომელთა შორისაა: „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“ და სხვა….
საარჩევნო უბანთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მობილიზება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობითაც. პროცესს ხელმძღვანელობდა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი….
საარჩევნო უბნის მიმდებარედ შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული ვერბალური კომუნიკაცია. საუბარი უკავშირდებოდა ამომრჩევლებისთვის საწვავის ტალონის გადაცემის შესახებ დაპირებას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული კომუნიკაციის თანახმად, ტალონებს მათ მოგვიანებით გადასცემდა „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი“ – იუწყებოდა ISFED-ის სადამკვირვებლო მისია 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე.
რამდენიმე თვის წინ გრიგოლ გაგნიძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზეც იყო წარდგენილი. თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა და მხარი აწ უკვე მოქმედ გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს დაუჭირა, რომელსაც „უალტერნატივო“ უწოდა.
„ქართულ ოცნებას“ ღიად უჭერს მხარს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ასოციაცია თავისუფალი თაობის“ თავმჯდომარე შორენა მირცხულავა. ასოციაციის თავმჯდომარე Facebook-ზე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას მიმართაც. „ასოციაცია თავისუფალი თაობა“ არჩევნებზე 666 დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებზეც ინფორმაცია მწირია ან საერთოდ არ იძებნება
26 ოქტომბრის არჩევნებს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით აკვირდებიან ისეთი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაზე ან მათ ხელმძღვანელებზე ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. ამ ორგანიზაციების დამკვირვებელთა რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისას, რომლებიც არჩევნებს ათწლეულებია აკვირდებიან.
იმ ორგანიზაციებს შორის, რომელთა საქმიანობაზეც ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან, არიან:
- „თავისუფალი ხმა“, რომელსაც 1614 დამკვირვებელი ეყოლება. ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ კურტანიძეა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი ქალაქ ხაშურშია.
- „მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოება“, რომელსაც 1039 დამკვირვებელი ეყოლება. ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ქისტაურია, მისი გამგების წევრები ეკატერინე კერესელიძე და ნათია რიჟამაძე არიან.
- „საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი“, რომელსაც 1364 დამკვირვებელი ეყოლება. ორგანიზაციის დირექტორი დიმა ქარჩავაა. რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი სენაკის სოფელ თეკლათშია.
- არჩევნებს 402 წარმომადგენლით დააკვირდება ორგანიზაცია „მომავლის ნათება“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ნოდარ ალადაშვილია. ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია არ იძებნება, გარდა იმისა, რომ ის 2015 წელს ერთ-ერთი იყო იმ ორგანიზაციათა შორის, რომელიც საიას, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წინააღმდეგ გამოდიოდა. ასევე ორგანიზაცია უერთდებოდა 2015 წელს აქციას „არა ნაცტერორიზმს“.
არჩევნებს 308 დამკვირვებლით დააკვირდება „ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა კალანდიაა. „ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“ ერთ-ერთია იმათ შორის, რომელიც რუსული კანონის ფარგლებში შექმნილ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრშია“ რეგისტრირებული.
არჩევნებს ასევე დააკვირდება „ახალი თაობა უკეთესი მომავლისთვის“ ( 371 დამკვირვებელი), რომლის თავმჯდომარეები არიან: ირაკლი ფერაძე და ზვიად ბუცხრიკიძე.
ორგანიზაციები, რომლებიც, შესაძლოა, ენმ-სთან იყვნენ დაკავშირებული
არჩევნებს 376 დამკვირვებლით დააკვირდება „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარეც ლაშა ადამიაა. ლაშა ადამია „ნაციონალური მოძრაობასთანაა“ აფილირებული. ადამია აქტიურად ითხოვდა ენმ-ის ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე“, რომელიც არჩევნებს 314 ადამიანით დააკვირდება. ორგანიზაციის დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძეა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. ორგანიზაციის გამგეობის ერთ-ერთი წევრი მარად შავაძე კი ხულოს საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა. „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს ერთ-ერთ სამუშაო ადგილად Facebook-ზე მითითებული ორგანიზაციის გამგეობის კიდევ ერთ წევრს, რისმაგ ხოზრევანიძეს.
სხვა დამკვირვებლები
26 ოქტომბერს არჩევნებს 322 წარმომადგენლით დააკვირდება „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“, რომლის თავმჯდომარეც ირენა სტურუა არის. ირენა სტურუა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ისე აკვირდებოდა.
309 დამკვირვებელი ეყოლება საპარლამენტო არჩევნებზე „სამოქალაქო ერთობას“, რომლის დირექტორიც ნესტან დალაქიშვილია. დალაქიშვილი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტია და ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულაზე“ პროდიუსერად მუშაობს.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნებზე 300-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება, „მესხეთის სამოქალაქო საზოგადოებაა“, რომლის თავმჯდომარე ხათუნა ქურდაძეა. ორგანიზაციას 585 დამკვირვებელი ეყოლება. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმათ შორის, რომელმაც ევროკომისიას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა.
არჩევნებს ასევე დააკვირდება „ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება“ (386 დამკვირვებელი), რომლის დირექტორი ნანა შარაშიძეა.
