კორეაში მცხოვრები ქართველი ინფლუენსერის, სოფია კვინიკაძის (Depressed Georgian in South Korea) თქმით, “ქართული ოცნების” კვოტით საარჩევნო კომისიის სიაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხვდა.
მან სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომლითაც უპასუხა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ოცნების” “დამკვირვებელი” უნდა ყოფილიყო.
როგორც სოფია აღნიშნავს, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და მართლაც სურდა არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა, რის გამოც საელჩოსაც მიმართა. მისი თქმით, ამის შემდეგ დაურეკეს და “ქართული ოცნების” დამკვირვებლობა შესთავაზეს, ამაზე კი კატეგორიული უარი განაცხადა.
“ვაქტიურობდი არჩევნების ამბებში და ძალიან მინდოდა, რომ დამკვირვებელი ვყოფილიყავი. საელჩოს ვთხოვე, რომ დამკვირვებელი ვყოფილიყავი და მათ მითხრეს, რომ სიაში შემიყვანდნენ. რამდენიმე დღეში საქართველოდან შემოვიდა ზარი – “სოფოს ხომ არ უნდა, “ოცნების” დამკვირვებელი რომ იყოსო”. მე კატეგორიული უარი განვაცხადე- მთელი ამ თვეების განმავლობაში ვაპროტესტებ, ამათ კანონებს ვგმობ და მაინც ბედავენ და მთავაზობენ, რომ გამაფორმონ მათ დამკვირვებლად”, – ამბობს ინფლუენსერი.
მისივე თქმით, აზრს ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებდა და საზოგადოების ნაწილმა ინფორმაციის გადამოწმების გარეშე გააკრიტიკა.
“დღეს დედაჩემისგან მივიღე ზარი, რომ ჩემზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. ინფორმაციის დაზუსტების გარეშე დაიწყეს ჩემი ლანძღვა, მიწასთან გამასწორეს. ჩემი პოზიცია იციან, რადგან ამ აქციებზე ყოველთვის სწორ მხარს ვიდექი, ხმამაღლა ვაფიქსირებდი ჩემს აზრს და ვგმობდი ამ პარტიას.
რატომ ვარ ჯერ კიდევ ამ დამკვირვებელთა სიაში, ძალიან საინტერესოა, ამას გავარკვევ და მოვიკითხავ”, – აღნიშნავს სოფია კვინიკაძე.
ნეტგაზეთი ამ საკითხზე ცესკოსაც დაუკავშირდა. მათი თქმით, სოფია კვინიკაძე “ქართული ოცნების” საარჩევნო კომისიის სიაში ნამდვილად არის და თუ კომისიის წევრობა არ სურს, მას შეუძლია განაცხადი ცესკოს ვებ-გვერდზე შეიტანოს, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუჩერდება.
