ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” (საარჩევნო ნომერი 25) არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანების მცდელობა არ შედგა. მართალია, მოლაპარაკებებში, რომელიც თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო ჩართული, თუმცა ის უშედეგო აღმოჩნდა.

ექსპრემიერი და მისი თანაპარტიელები საარჩევნო კამპანიისას ნაკლებად საუბრობენ ისეთ დაპირებებზე, რომლებიც ტრადიციულად გვხვდება ხოლმე წინასაარჩევნოდ. ეს იქნება პენსიების თუ ხელფასების მატება, სამუშაო ადგილების შექმნა, ამა თუ იმ სფეროს დაფინანსების ზრდა დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მართალია, მათ საარჩევნო პროგრამაში თითქმის ყველა სფეროში გასატარებელი კონკრეტული რეფორმებია გაწერილი, მათ შორის, პენსიების ზრდაც, მინიმალური ხელფასის დადგენა, უმუშევრობის დაზღვევა და ა.შ. მაგრამ საჯარო საუბრისას აქცენტს აკეთებენ სისტემური რეფორმების ხედვაზე, რომელსაც “ღირსეული ცხოვრების მანიფესტს” უწოდებენ.

მანიფესტში ვკითხულობთ, რომ პარტიის ხედვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის შესახებ ეფუძნება სოციალ-დემოკრატიულ პრინციპებს.

პარტიაში ამბობენ, რომ ევროპული ტიპის სახელმწიფო მშენებლობა, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა იქნება დაცული, მხოლოდ კომპლექსური მიდგომითა და სხვადასხვა სფეროს ურთიერთდაკავშირებული განვითარებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ არ აკეთებენ აქცენტს ცალკეულ დაპირებებზე და მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვენ “ევროპული ტიპის სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს” შესაქმნელად.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო სიის მე-3 ნომერი, დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც საარჩევნო პროგრამაში აქვთ გაწერილი, აუცილებლად შესასრულებელი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი აფიქრებინებს, რომ მხარდაჭერა ექნება მათ ხედვებსაც.

“ეს არ არის ჩვენ მიერ მოგონილი ველოსიპედი. ეს არის ის ევროპული სოციალური კეთილდღების მოდელი, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირის სისტემა. საქართველოს ევროპული არჩევანი არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი. არამედ, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ტრანსფორმაცია ისე, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში. ევროპული ქვეყნების გამოცდილება არის ერთგვარი საგზაო რუკაც ჩვენთვისაც.

ევროპაში ინტეგრაციის პროცესში ეს საკითხები უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების ტრანსფორმაცია დავაფუძნოთ სოლიდარობაზე. საზოგადოების სხვადასხვა – სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, ასაკობრივ ჯგუფებს შორის სოლიდარობაზე. ყველა ყველასთან უნდა იყოს დაკავშირებული და თითოეული ადამიანი ქმნიდეს კეთილდღეობას თავისთვის, საკუთარი ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის. ეს შეიძლება ზოგადი პოსტულატია, მაგრამ ამის უკან არის ძალიან კონკრეტული სოციალურ ეკონომიკური პოლიტიკის ხედვები”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რა კონკრეტული ხედვები დგას “საქართველოსთვის” შექმნილ “ღირსეული ცხოვრების მანიფესტში?

“ნეტგაზეთი” შეეცადა მოკლედ შეეჯამებინა პარტიის საარჩევნო პროგრამა.

სოციალური პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ სოციალური დაცვის პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს იმისკენ, რომ მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში (შესაძლებლობების შესაბამისად), ადამიანებს აღარ დასჭირდეთ სახელმწიფოსგან დახმარების მიღება. სახელმწიფოს რესურსი უნდა მოხმარდეს ადამიანების განვითარებას, მათ პროფესიულ ზრდას, დასაქმებაში ხელშეწყობას, რათა მერე ამ ადამიანებმა თავად შექმნან საკუთარ კეთილდღეობა.

“ამის შემდეგ, სახელმწიფოს მხოლოდ იმათთვის დარჩება მიზნობრივი მხარდაჭერის ვალდებულება, რომლებსაც ამის აუცილებელი პირობა აქვთ. ეს იქნება შშმ პირები თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფები. ისინი, ვინც თავისით ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ კეთილდღეობას”, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, ამისთვის საჭიროა არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა, გამართული ჯანდაცვის დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა; სახელმწიფო არა მხოლოდ ხელს უწყობდეს სამუშაო ადგილების შექმნას კერძო სექტორში, არამედ თავად ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. გარდა ამისა, დაადგინოს მინიმალური ხელფასი და სამუშაო პირობების მაღალი სტანდარტი.

“ეს შეიძლება იყოს ზოგიერთი სოციალური ჯგუფისთვის, მაგალითად, ახალგაზრდებისთვის პირველი სამუშაოს სუბსიდირება. იმისთვის, რომ არ დაიკარგონ სამუშაო სივრცეში, არ მოუწიოთ პროფესიის შეცვლა, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ და განათლების მიღების შემდეგ შეძლონ პრაქტიკული უნარების გამომუშავება, ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება”, – განმარტავს ცქიტიშვილი.

სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საპენსიო სისტემა. ცქიტიშვილი ამბობს, რომ არსებული რესურსების პირობებში სრულიად შესაძლებელია პირველივე წელს პენსიის 200-ლარიანი მატება. სამომავლოდ კი კანონით იყოს გარანტირებული მისი მუდმივი ზრდა შესაძლებლობის ფარგლებში. გარდა ამისა, მისი თქმით, პენსია უნდა განისაზღვრებოდეს პრინციპით – “იხდის ის, ვინც დღეს მუშაობს და იღებს ის, ვინც დღეს უკვე პენსიაზეა”.

“ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თაობათა შორის სოლიდარობა არსებობდეს და არ იყოს რისკის ქვეშ ჩვენი დანაზოგები, რომლის ინვესტიცია დღეს შეიძლება ვიღაცამ გააკეთოს და სულ არ ვიცით, სად იქნება ეს ფული 10-15 წლის მერე”, – განმარტავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურა

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მუდმივად ახსენებენ მასშტაბურ პროექტებს – გზები, პორტები, სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. თუმცა ფიქრობს, რომ ყურადღების მიღმა რჩება პატარ-პატარა პროექტები, რომლებიც მოქალაქეებს, განსაკუთრებით რეგიონებში, სჭირდებათ მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის.

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გაზიფიკაცია, წყალმომარაგება, ან ინტერნეტიზაცია იქ, სადაც ეს ბაზისური საჭიროებები ჯერ კიდევ არ არსებობს. ასევე, სამელიორაციო ან საირიგაციო სისტემების გამართვა.

“ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს კონკრეტულ ადგილას მცხოვრებლებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე. რა თქმა უნდა, გზა ყველას სჭირდება, მაგრამ არის კიდევ უფრო მეტად საჭირო ინფრასტრუქტურული საჭიროებები. მათ შორის, სატრანსპორტო სისტემების განვითარება სოფლებსა და ქალაქებს, მუნიციპალურ ცენტრებს შორის, რათა გაიზარდოს მობილობა საზოგადოებაში.

მეორე – თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა გამოვიყენოთ, როგორც დასაქმების ინსტრუმენტი. ინფრასტრუქტურული პროექტების ინტენსიური განვითარება სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის დასაქმების პრობლემების გადაჭრის გზაც. თუ არ გვყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელი, ამაში უნდა გავაკეთოთ ინვესტიცია მანამდე, სანამ დავიწყებთ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში ადგილობრივები დავასაქმოთ. იმისთვის, რომ მას უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

“საქართველოსთვის” საარჩევნო პროგრამა მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ, რომლებიც მიბმულია ტურიზმის ხელშეწყობასთან, ორივე ერთად კი, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან. პროგრამაში საუბარია ფინანსური სექტორის იმგვარ განვითარებაზე, სადაც საბანკო სფეროსთან კონკურენციაში შევა კაპიტალის ბაზარი, რაც, პარტიის ხედვით, გაზრდის ადგილობრივი წარმოების ხარისხსა და და რაოდენობას. ყველა ამ სფეროს, ისევე როგორც, მაგალითად, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების რეფორმა გაწერილია სახელმწიფოს მაქსიმალური ჩართულობითა და გარანტიების უზრუნველყოფით.

დიმიტრი ცქიტიშვილს ვკითხეთ, როგორ იქნება შესაძლებელი სოციალური პროგრამების ასეთი ზრდა თუ სხვა მიმართულების პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით, როცა ამ ყველაფერში სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩართულობაზეა საუბარი. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სოციალური კეთილდღეობის მოდელი საჭიროებს არა განსაკუთრებული ფინანსური რესურსების მოძიებას, არამედ მათ სწორ პრიორიტეტიზაციას. გარდა ამისა, ამბობს, რომ კორუფციის აღმოფხვრით ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გამოთავისუფლდება, რომელიც ახლა ხალხს არ ხმარდება. პლუს, ევროკავშირთან დაახლოება გაგვიზრდის მხარდაჭერას როგორც უშუალოდ ევროპული ფონდებიდან, ისე სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგანაც.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს, უფრო დიდი და უფრო ძლიერი, აქტიური სახელმწიფო აპარატი გვჭირდება. არსებულ ლიბერალური სივრცეში ეს არის ჩვენი ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვებისგან”, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

კოალიციური მთავრობა

ჩვენ დიმიტრი ცქიტიშივილს შევახსენეთ, რომ ვერც ერთი წინასაარჩევნო გამოკითხვით პარტია “საქართველოსთვის” ხელისუფლებაში ვერ მოდის. საუკეთესო ვარიანტში, მათ მოუწევთ კოალიციური მთავრობის პირობებში მუშაობა, სადაც მათთან ერთად სხვა პარტიების წევრებიც იქნებიან. მათი ნაწილი სულაც არ იზიარებს სოციალ-დემოკრატიულ პრინციპებს და რიგ საკითხებზე მკვეთრად მემარჯვენე პოზიციაც აქვთ. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, “კოალიცია ცვლილებებისთვის” (#4) საერთოდ გადასახადების შემცირებას ჰპირდება მოსახლეობას. დიმიტრი ცქიტიშვილს ვკითხეთ, როგორ აპირებენ სხვა პარტიებთან თანამშრომლობას და მათი პროგრამით გაწერილი იმ საკითხების ლობირებას, რომელთა შესახებ სხვა პარტიებს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაში მუშაობისას პარტიის “საქართველოსთვის” მთავარი მოკავშირე თავად ევროკავშირი იქნება.

მან მაგალითად მოიყვანა ორი დოკუმენტი:

  1.  ევროპის სოციალურ უფლებათა სვეტი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სოციალური პოლიტიკის სტანდარტებს. მასში მოცემული 20 პრინციპი თანასწორობის, განათლების უფლების, ჯანდაცვის, დასაქმებისა და ღირსეული ანაზღაურების, უმუშევართა დასაქმების, ბავშვთა მხარდაჭერისა თუ მოხუცებულთა ზრუნვის შესახებ ზედმიწევნით ემთხვევა “საქართველოსთვის” საარჩევნო პროგრამაში გაწერილ ხედვებს.
  2. თავად ევროკავშირის კანონმდებლობა, ე.წ. ევროპული აკი (EU Acquis), ეს არის უფლებათა და ვალდებულებათა განმსაზღვრელი ზოგადი დოკუმენტი, რომელიც ინტეგრირებულია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში.

მისი თქმით, ორივე დოკუმენტით განსაზღვრული პრინციპების დაცვა თუ შესაბამისი რეფორმების გატარება აუცილებელი პირობაა ევროინტეგრაციისთვის. დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ მათი ხედვა ევროკავშირის პოლიტიკის მსგავსია. შესაბამისად,

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი და მოკავშირე ამ ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელებაში იქნება ევროკავშირი. ევროინტეგრაციის პროცესში, ძალიან ლიებრალურმა ჯგუფებმა, რომლებიც დომინირებდნენ საქართველოში წლების განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ უნდა მოთოკონ თავიანთ ლიბერტარიანური პოზიციები და დაუბრუნდნენ ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგს. სხვა შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ჩიხში შეიყვანენ ევროინტეგრაციის პროცესს.

ძალიან ლიბერტარიანული პოლიტიკით ვერ შევალთ ევროკავშირში. გვჭირდება სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელი. ეს არ არის ჩვენი მოგონილი, ამაზე დგანან ევროპული სახელმწიფოები. ამიტომ, მე ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყვნენ, უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ საკუთარი იდეოლოგიური მრწამსი ცოტათი შემოაბრუნონ და შეარბილონ”, – განაცხადა დიმიტრი ქიტიშვილმა.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ თუ მათ მიერ გაწერილი რეფორმების ერთობლივად განხორციელება შეუძლებელი გახდება, შესაძლოა შეიქმნას თემატური კოალიციები, სადაც ყველა საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ. მისი თქმით, პარტია “საქართველოსთვის” ღიაა განსხვავებული ხედვების მოსასმენად და თანამშრომლობისთვის. თუმცა “არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ არ გადავალთ, ვერ გადავალთ, იმიტომ, რომ სხვანაირად საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება”.

“ღირსეული ცხოვრების მანიფესტს”, ისევე როგორც საარჩევნო პროგრამას, დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ პარტიის ვებ-გვერდზე.

გარდა ამისა, “საქართველოსთვის” ხედვას საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო მოხელეთა გათავისუფლებას პარტიული წნეხისგან, ისე მათი პროფესიული განვითარების, დაცვისა და თუ დამოუკიდებლობის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ სტატიაში.

რა გზავნილი აქვს ოპოზიციას იმ საჯარო მოხელის მიმართ, ვისაც არჩევნების შემდეგ სამსახურის დაკარგვის ეშინია