ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ შეგვიძლია სურვილის შემთხვევაში ამოვწეროთ ჩვენს კუთვნილ საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებული უცხო პირები. რა ეტაპებს გავდივართ ამისთვის: მაგალითად, როგორ ვამოწმებთ ჩვენს კუთვნილ ბინაში რეგისტრირებულ პირებს, მაშინაც კი, როცა ჩვენ თავად ამ მისამართზე არ ვართ რეგისტრირებული.
კუთვნილ ბინაში რეგისტრირებული პირების შემოწმება
ყველაზე მარტივი გზა, რომ შეამოწმოთ თქვენი რეგისტრაციის ადგილზე რეგისტრირებული სხვა პირები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში თქვენი პირადი მონაცემების შეყვანაა.
ამისთვის შედიხართ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთათვის შექმნილ ვებგვერდზე, შეგყავთ პირადი ნომერი, გვარი და ამის შემდეგ სისტემა მოგიძებნით როგორც პირადად თქვენს რეგისტრაციის ადგილს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად არიან იმავე მისამართზე რეგისტრირებული.
თუ ხართ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე, მაგრამ იქ არ ხართ რეგისტრირებული და გაინტერესებთ ამ მისამართზე რეგისტრირებული პირების რაოდენობა და ვინაობა, იუსტიციის სახლიდან უნდა გამოითხოვოთ ცნობა სულადობის შესახებ. მომზადებულ დოკუმენტში მითითებული იქნება პირები, ვინც კონკრეტულ მისამართზე არიან რეგისტრირებული. სულადობის შესახებ ცნობის გამოთხოვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი და ამისთვის იუსტიციის სახლში მისვლა არ არის აუცილებელი.
ცნობის ელექტრონულად გამოთხოვა შეგიძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდიდან ან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალიდან.
აღნიშნულ გვერდებზე ავსებთ ელექტრონული განაცხადის ფორმას.
ელექტრონულ განცხადებაში შეგყავთ მოთხოვნილი პირადი მონაცემები, როგორიცაა გვარ-სახელი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი, რომლის შემოწმებაც გსურთ. ასევე დაგჭირდებათ პირადი ფოტოსურათი. განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ, ღილაკზე დაჭერით დაარეგისტრირებთ თქვენს განცხადებას, რის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ.
ელექტრონული ფორმით განცხადების გასაკეთებლად აუცილებელია, რომ დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებკამერის საშუალებით. ამისთვის დაგჭირდებათ სკაიპის აპლიკაცია.
ცნობის მოსამზადებლად მომსახურების ვადა მხოლოდ ორი სამუშაო დღეა. სერვისის საფასური კი 20 ლარს შეადგენს.
თქვენი განცხადების შემოწმება შეგიძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საიტის საშუალებით ამ გვერდზე. აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება, მისი შინაარსი, ნახოთ, განხილვის რა ეტაპზეა ის და გაეცნოთ განცხადებასთან დაკავშირებით მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას.
როგორ ვიქცევით, როცა კუთვნილი საცხოვრებელი ფართიდან უცხო პირების ამოწერა გვსურს?
როცა ჩვენს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან იქ რეგისტრირებული ადამიანების ამოწერა გვინდა, ამისთვის ორი ალტერნატივა გვაქვს:
- თუ მფლობელი ვარ, იუსტიციის სახლში წარვადგენ საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სიას და კომუნალური მომსახურების გადასახადების ქვითარს, სადაც ფიქსირდება მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა.
- ან ორი მოწმის თანხლებით მივალთ იუსტიციის სახლში, სადაც მოწმეები წერილობით დაადასტურებენ, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი კონკრეტული ადამიანი/ადამიანები ბოლო 6 თვის განმავლობაში არ/აღარ ცხოვრობენ მითითებულ საცხოვრებელ ფართში.
რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე განცხადების განხილვა უფასოა.
აქვე იხილეთ ვიდეო-ინსტრუქცია იმის შესახებ, როგორ ვიქცევით, როცა ჩვენი საკუთარი რეგისტრაციის ადგილის შეცვლა გვსურს: