საზოგადოება

აშშ განმარტავს, რატომ გააუქმა კობახიძის მიწვევა

25 სექტემბერი, 2024 •
აშშ განმარტავს, რატომ გააუქმა კობახიძის მიწვევა

აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს დელეგაციას შეხვედრებზე უარი უთხრა და გააუქმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა მიღებაზე.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ აშშ-ის საელჩოში.


  •  25 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
  • მიღებაზე მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, თუმცა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე.
  • „ამერიკის ხმა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
  • გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის დაწესებულ სანქციებზე. კობახიძის თქმით, „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
  • მიმდინარე წლის მაისში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, შეხვედრაზე უარი უთხრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი