ვიკილიქსის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა, რომელიც უკვე წლებია, დიდი ბრიტანეთის ციხეში ელოდა აშშ-ში ექსტრადირებას, საპყრობილე დატოვა. მას ამერიკულმა შეერთებულმა შტატებმა მშობლიურ ავსტრალიაში დაბრუნების უფლება მისცა.
საერთაშორისო მედიასაშუალებების ცნობით, ასანჟმა მიაღწია შეთანხმებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან, რომლის შედეგადაც, მან აღიარა მისთვის წაყენებული ბრალდება — შეთქმულება საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასამჟღავნებლად. ბრალის აღიარების შემდეგ ასანჟის სასამართლო პროცესი გაიმართება ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების სასამართლოში. ეს არის აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორია წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის კონტინენტის სიახლოვეს.
ასანჟმა დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა და სწორედ ამ მიმართულებით გაემგზავრა.
როგორც BBC იტყობინება, შეთანხმების მიხედვით, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების სასამართლოში ასანჟს შეუფარდებენ 62-კვირიან პატიმრობას, თუმცა დიდი ბრიტანეთის ციხეში გატარებული დროის გამო ამ სასჯელს მოხდილად ჩაუთვლიან. შესაბამისად, ასანჟი თავისუფალი იქნება და დიდი ალბათობით, ავსტრალიაში დაბრუნდება.
ავსტრალიელმა ჯულიან ასანჟმა ვიკილიქსი 2006 წელს დააფუძნა, საქვეყნოდ ცნობილი კი 2010 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების ასიათასობით საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის, ოფიციალური მიმოწერები და ავღანეთსა და ერაყში წარმოებული ომის მასალები. ამ მასალებს შორის იყო ინფორმაციები აშშ-ის სამხედროების ჩატარებული ოპერაციების, ჯაშუშებისა და სხვების შესახებ.
ვიკილიქსისა და ასანჟის მიმართ აზრები ორად იყოფა: მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ვიკილიქსის ქმედებებმა ათასობით ამერიკელი სამხედროსა და მათი პარტნიორების სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ, რის გამოც ასანჟმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მომხრეების აზრით კი, ასანჟის მამხილებელი ქმედებები ემსახურებოდა საზოგადოების ინტერესს, გაეგო სიმართლე სახელმწიფოს ქმედებების შესახებ.
ჯულიან ასანჟის სამართლებრივი დევნა 2010 წელს, საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებიდან მალევე დაიწყო, მაგრამ თავდაპირველად სულ სხვა საბაბით.
2010 წელს შვედეთის პროკურატურამ მისი დაკავების ორდერი გასცა გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო. ასანჟი ლონდონში დააკავეს, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს და დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა მისი შვედეთში ექსტრადირების მიზნით. ვიკილიქსის დამფუძნებელი ამ ბრალდებებს იმთავითვე უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.
2012 წელს დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვიტა ასანჟის შვედეთში ექსტრადირება, თუმცა ვიკილიქსის დამფუძნებელმა ბრიტანელ სამართალდამცავებს დაასწრო — ლონდონში, ეკვადორის საელჩოში შევიდა და აშშ-ის მოწინააღმდეგე ეკვადორის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რაც მიიღო კიდეც.
ასანჟმა ეკვადორის საელჩოში 5 წელი გაატარა, იქ ხვდებოდა მედიას, მართავდა პრესკონფერენციებს და ა.შ. მას საელჩოს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცემია, რადგან თუ ამას იზამდა, ბრიტანეთის პოლიცია მალევე დააკავებდა.
2017 წელს შვედეთმა ასანჟის წინააღმდეგ ყველა გამოძიება შეწყვიტა. 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ვიკილიქსის დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა.
მას შემდეგ, რაც ეკვადორის ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა მთავრობამ ასანჟს თავშესაფარი ჩამოართვა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საელჩო. ის ლონდონელმა სამართალდამცავებმა მყისიერად დააკავეს და მას შემდეგ დიდი ბრიტანეთის ციხეში იყო.
ბოლო წლების განმავლობაში ასანჟის გუნდსა და დიდი ბრიტანეთი-აშშ-ის მთავრობას შორის მიდიოდა სამართლებრივი ბრძოლა, რათა ვიკილიქსის დამფუძნებლის აშშ-ში ექსტრადირება შესაძლებელი გამხდარიყო.
საბოლოოდ, 2024 წლის 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ასანჟმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ციხეს თავი დააღწია და სასჯელიც მოხდილად ჩაეთვალა. შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.
