საზოგადოება

ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას

5 ივნისი, 2024 •
ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას

საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა თავი შეიკავა გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა.

რეზოლუციის კენჭისყრა  4 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

რეზოლუცია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერაა ინიციირებული. წელს რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი (შარშან მხარს 100 სახელმწიფო უჭერდა), რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პირველად ისტორიაში რეზოლუციას მხარი დაუჭირა საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 სახელმწიფომ, ხოლო 52-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მათ შორის იყო ირანიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ტვიტერზე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი.

„78-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით.

დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის”, – წერს ილია დარჩიაშვილი X- ის პირად გვერდზე. თუმცა მინისტრის პოსტში საერთოდ არ არის ნახსენები ჩინეთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ახალ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა და მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას.

_____
ამავე თემაზე:

ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი