ჩიტაძის ქუჩაზე დაძაბულობიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსული კაონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს.
გდდ-ის თანამშრომლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება 23:15 საათისთვის დაიძაბა. პოლიციამ მოქალაქეების დაკავება ჩიტაძის ქუჩაზე განაახლა.
როგორც ერთ-ერთი პოლიციელი ტელეკომპანია პირველის ეთერში აცხადებდა, მათი მისამართით მოქალაქეები ბოთლებს ისროდნენ, თუმცა კადრებში ჩანდა, რომ პლასტმასის ბოთლებს მოქალაქეების მიმართულებით პოლიციელებიც ისროდნენ.
აღნიშნულის შემდეგ წინა პლანზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადმოინაცვლეს და წიწაკის სპრეის შემდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აღნიშნულს წინ არ უძღოდა გაფრთხილება.
შედეგად, აქციის მოანწილეებს ჩიტაძის ქუჩის დატოვება მოუხდათ, თუმცა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს რუსთაველის გამზირის მიმართულებითაც, რის გამოც მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.
თუმცა, მას შემდეგ, რაც კვამლი გაიფანტა, ადამიანები კვლავ რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან.