საზოგადოება

ორწლიანი ტყვეობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა აზოვსტალის წარმოშობით ქართველი მცველი

1 თებერვალი, 2024 • 5048
ორწლიანი ტყვეობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა აზოვსტალის წარმოშობით ქართველი მცველი

თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნდა 58 წლის უმცროსი სერჟანტი ზახარ (ზაქრო) ნონიაშვილი. იგი მარიუპოლში აზოვსტალის მცველთა შორის იყო და ტყვედ 2022 წლის მაისში ჩავარდა.

პროექტი WarTears, რომელიც ღია წყაროებიდან ტყვეებზე ცნობებს აგროვებს, აღნიშნავს, რომ ნონიაშვილი 1964 წელს კახეთის სოფელ მატანში დაიბადა და უკრაინაში საცხოვრებლად 40 წლის წინ გადავიდა.

ის უკრაინის მოქალაქეა.

უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო საბჭო წერს, რომ ნონიაშვილი, მეუღლე ტატიანასთან ერთად, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 109-ე ბრიგადაში მსახურობდა. მისი მეუღლეც 2022-ის მაისში ტყვედ ჩავარდა და სამშობლოში ნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდა. ნონიაშვილი და მეუღლე, შვილებთან ერთად, ომამდე მარიუპოლში ცხოვრობდნენ და რუსეთის შეჭრის შემდეგ ტერიტორიული თავდაცვის რიგებში გაწევრიანდნენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტატიანა „სიმამაცისთვის“ ორდენით დააჯილდოვა.

ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ტატიანა, შვილებთან და დედასთან ერთად, ქალაქ დნეპრში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა 2023 წლის 14 იანვარს რუსეთმა დაბომბა მრავალსართულიანი სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. 40 დაღუპულს შორის იყვნენ ტატიანა, მისი შვილი და დედა. გადარჩა მხოლოდ უფროსი შვილი, რუსლანა.


გარეკანის ფოტოზე: ტყვეობიდან დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო

მასალების გადაბეჭდვის წესი