როგორ იწერება ისტორიული სიმართლე

წითელი არმია თბილისში. 25 თებერვალი. 1921. წყარო: ვიკიპედია

რას მივიღებთ პრეზიდენტის მიერ შექმნილ საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიისააგან?  რა უნდა იყოს ეს -ყველასათვის გასაგები რაპორტი  თუ სამეცნიერო დასკვნა – ისტორიკოსების ნაწილის და კომისიის ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება.

კომისიამ, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით 2010 წლის 9 აპრილს შეიქმნა, მუშაობა ამა წლის 24 დეკემბერს უნდა დაასრულოს. მანამდე  კომისიამ უნდა შექმნას  დოკუმენტი, (ანგარიში-რეპორტი) საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკასა და მის შედეგებზე.

აპრილშივე პრეზიდენტმა კომისიის თავმჯდომარედ  ვასილ რუხაძე, კენტის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხოლო კომისიის აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი თორნიკე შარაშენიძე დანიშნა.

ნეტგაზეთის კითხვას, რა არის დოკუმენტის შექმნის მიზანი და რას მოემსახურება ის, შარაშენიძ პასუხობს: ”დოკუმენტი მოწოდებულია იმისათვის,რომ წაიკითხოს ჩვეულებრივმა ადამიანმა,რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იცნობს საქართველოს ისტორიას,  ან უცხოელებმა, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოს შესახებ. დოკუმენტი უნდა იყოს მოკლე და დატვირთული”,-ამბობს შარაშენიძე.

დოკუმენტი, შარაშენიძის თქმით, 40-50 გვერდი იქნება, ითარგმნება ინგლისურ ენაზე და გავრცელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ამის საპირისპიროდ, ისტორიკოსი, პროფესორი ლევან ურუშაძე ფიქრობს, რომ რაპორტი უნდა იყოს სრულფასოვანი სამეცნიერო დასკვნა:

”წინასწარ დათქმული დოკუმენტის მოცულობა არამართებულია. მთელ ამ ეპოქას და დოკუმენტურ მასალას ძალიან კარგად ვიცნობ, არ მესმის, როგორ შეიძლება ამ მასალის ჩატენვა  40-50 გვერდში. მხოლოდ ტექსტური მასალა მინიმუმ 100 გვერდს მოითხოვს. გარდა ამისა,  ეს იქნება ძალიან მშრალი დასკვნა, თუ მას საილუსტრაციოდ არ დაერთო ფოტო და დოკუმენტური მასალა”. ურუშაძის თქმით, მისი  სამეცნიერო მუშაობის 80 პროცენტი საქართველოს ისტორიის აღნიშნულ პერიოდს, რუსეთ-საქართველოს 200 –წლიან ურთიერთობას მოიცავს.

ისტორიულის სიმართლის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე ვასილ რუხაძე საქართველოში არ იმყოფება და ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობს იმ ადამიანებთან, რომლებიც რაპორტზე  მუშაობენ.  რუხაძე  ლევან ურუშაძესაც ინტერნეტით დაეკონტაქტა. ურუშაძემ ვასილ რუხაძეს თავისი ხედვა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ელექტრონული ფორმით გააცნო.

”მე ვთქვი და მორჩა- ასეთი იყო რუხაძის პასუხი, მას აქვს თავისი დამოკიდებულება, ეს არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი”,-ამბობს ურუშაძე.

”ეს არ შეიძლება იყოს ფართო მასებზე გათვლილი პოპულარული ბროშურა, ეს უნდა იყოს ღრმად მეცნიერული,სრულფასოვანი,ზედმიწევნით არგუმენტირებული სამეცნიერო დასკვნა,რომელმაც პასუხები უნდა გასცეს რუსეთ-საქართველოს 1783–2008 წლების ურთიერთობების ისტორიაში დაგროვებულ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას…აქედან გამომდინარე წინდაწინ დათქმა მოცულობის ყოვლად დაუშვებელია”.

ურუშაძე ამბობს,რომ ფართო მასებისთვისაც საჭიროა დოკუმენტის გაცნობა. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანი დასკვნა მომზადდება:

”მომზადდეს ბროშურა პოპულარულ ენაზე, სადაც ჩამოყალიბებული იქნება კომისიის დასკვნის ძირითადი დებულებები”.

კიდევ ერთი მიზეზი,რის გამოც ისტორიკოსმა ლევან ურუშაძემ უარი განაცხადა საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიის კონსულტანტობაზე, იყო კომისიის კონსულტანტების შემადგენლობა. კერძოდ კი ისტორიკოსი,პროფესორი დიმიტრი შველიძე,რომელიც დოკუმენტზე მუშაობისთვის მიიწვია კომისიის თავმჯდომარემ.

დიმიტრი შველიძემ 1981 წელს გამოაქვეყნა დისერტაცია, სათაურით ”ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ”.

”აუცილებლად უნდა ითქვას,რომ ამ სადისერტაციო ნაშრომის, ოფიციალური, წამყვანი ორგანიზაცია იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი – საკავშირო კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი”,-ამბობს ლევან ურუშაძე.

ურუშაძე ამბობს,რომ თვითონ დისერტაციის სათაური და წაყმყვანი ორგანიზაცია მეტყველებს იმაზე,რომ ეს დისერტაცია, არის ისტორიის ფალსიფიკაცია.

”გარდა ამისა, შველიძის დისერტაციის თემაზე გამოქვეყენებული ნაშრომები, ეს არის 1977 წელს გამოქვეყნებული,მაცნეს ისტორიის სერიაში, საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ მიმდინარეობათა ლენინური კონცეფციის საკითხისთვის”,ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის მარქსისტულ-ლენინური სულისკვეთებით გაჟღენთილი ფალსიფიკაცია”.

ურუშაძე ამბობს,რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას აკეთებს დღეს შველიძე, მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა 1990 წლამდე.

დიმიტრი შველიძე, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს,რომ თუ საკითხს ისე მივუდგებით, როგორც ლევან ურუშაძე, ეროვნული არსებობა დღეიდან ან ხვალიდან უნდა დაიწყოს საქართველომ.

ისტორიკოსი ამბობს, რომ სხვანაირი სათაურით მას აუკრძალავდნენ აღნიშნულ თემაზე მუშაობას, დაცვაც არ შედგებოდა და ვერც შეისწავლიდა აღნიშნულ საგანს. დისერტაცია სათაურით” ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ (1895-1907)”.

”არ ვუარყოფ, მე სამართლიანი და ობიექტური ადამიანი ვარ, 1980-ან წლებში მე დაწერილი მაქვს ეს, ისევე როგორც გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი წერდნენ, კოლმეურნეობაზე ლექსებს. ის, რომ ლენინი ბოლშევიკების ბელადი იყო, კი ვწერდი მეც”. (საკანდიდატო დისერტაციიდან ამონარიდი: ”რევოლუციური პროლეტარიატის ბელადი, ვ.ი. ლენინი”).

“შველიძისეული ლოგიკით ყველაფრის გამართლება შეიძლება. შევარდნაძეც ასე იმართლებს თავს: “მაშინ ასე იყო საჭირო”. ფაქტი ერთია და უტყუარი: ბ–ნი შველიძე 1990 წლამდე იყო საბჭოთა რეჟიმის ერთგული მსახური და მარქსისტულ–ლენინური იდეოლოგიის ჭუჭურტანიდან ჭვრეთდა საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას, ე.ი. ეწეოდა ისტორიული სიმართლის გაყალბებას”-ამბობს ურუშაძე.

მიმდინარე წლის 9 აპრილს მიხეილ სააკაშვილის განკარგულება ამ საკითხზე   4 პუნქტისგან შედგება. მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთ თვეში უნდა  უზრუნველყოს ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების პროექტის შემუშავება .

დებულება, ერთი თვის ნაცვლად, 4 თვეში დამტკიცდა. 2010 წლის 5 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა, ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ,ბრძანებულება გამოსცა.

დებულების მიხედვით, ისტორიული სიმართლის დამდგენმა კომისიამ დასკვნა-რაპორტი 2010 წლის 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.

კომისიას სამი თვე დარჩა რაპორტის წარდგენამდე. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია, ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

შარაშენიძის თქმით,  6-7 მეცნიერი დაიქირავეს კონსულტანტებად. მათგან მხოლოდ ორს ასახელბს: ისტორიკოსი, პროფესორი სიმონ მასხარაშვილი და პროფესორი გოჩა საითიძე.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გოჩა საითიძეს, რომელმაც სიმართლის დამდგენ კომისიაზე საუბარი არ ისურვა.

”მიმართეთ თორნიკე შარაშენიძეს, მე არ ვარ პასუხისმგებელი პირი… კონტრაქტიც არ გაგვიფორმებია.”

თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ კონტრაქტები უკვე მზად არის და კონსულტანტებთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება.

საითიძემ აღნიშნა, რომ ის მუშაობს, თუმცა რამდენად იქნება მისი ნაშრომი კომისიის მიერ გაზიარებული და როგორ გაგრძელდება მისი მუშაობა, ჯერ არ იცის.

კომისიის თავმჯდომარე ვასილ რუხაძე საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული სიმართლის დამდეგენი კომისიის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა  საქართველო მალევე დატოვა და ამ დრომდე ამერიკაში იმყოფება.

შარაშენიძე ამბობს, რომ სწორედ ვასილ რუხაძის იდეა იყო  მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნა. ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში ”weekend”-ში გამოქვეყნდა  მისი სტატია სათაურით– “კოლექტიური მეხსიერება – ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების სამსახურში.” სტატიის მთავარი იდეა ერის კოლექტიური მეხსიერების (საერთო მეხსირება,რომელიც გადაიცემა და კონსტრუირდება ჯგუფის მიერ) შესწავლა იყო.

მის წერილს მოკლე ხანში  ისტორიკოსების ნაწილის,  მათ შორის ისტორიკოს ლევან ურუშაძის გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც რუხაძის იდეას იწონებდა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც კომისიამ 200– წლიანი ისტორიის შესწავლა  დაიწყო, მათი გზები გაიყარა. დღეს  ლევან ურუშაძე, საზოგადოებასთან ერთად, იმ დასკვნას ელის, რომელსაც, მისი მონაწილეობის გარეშე,  ისტორიული სიმართლის შემსწავლელი კომისია დადებს.

ურუშაძე ფიქრობ,რომ საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენ კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს ისტორიკოსი,რომელიც საფუძვნიალად იცნობს საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს. ხოლო ვასილ რუხაძე პოლიტოლოგია, რაც ისტორიკოსის თქმით  უარყოფითად იმოქმედებს კომისიის საქმიანობაზე.

პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიისთვის ფინანსების გამოყოფა  კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა. შარაშენიძე ამბობს, რომ ჰონორარებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი. მასში არ შედის დოკუმენტის ქართულ და სხვა ენებზე გამოცემის ხარჯები.