საზოგადოება

რატომ იქნება პრობლემური ძველი პირადობების დაბრუნება არჩევნებზე

18 ნოემბერი, 2023 • 1989
რატომ იქნება პრობლემური ძველი პირადობების დაბრუნება არჩევნებზე

საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე ძველი, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის საკითხი ისევ გააქტიურდა.

კანონპროექტი, რომელიც ძველი პირადობებით ხმის მიცემის ამჟამად აკრძალული უფლების დაბრუნებას ითვალისწინებს, „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივით დარეგისტრირდა და მას პირველ მოსმენაზე მხარი საპარლამენტო უმრავლესობამაც დაუჭირა.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ფრიდონ ინჯიას ინიციატივის უკან მმართველი პარტია დგას, რომელსაც არჩევნებზე ძველი პირადობების დაბრუნებით მანიპულაციების საშუალება ეძლევა.

პირადობის მოწმობა და არჩევნების სანდოობა

2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომელთაც საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) ან პასპორტი გააჩნიათ.

ფრიდონ ინჯიას მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ, რომ ეს წესი „ათიათასობით პირს“, რომელსაც ელექტრონული პირადობის მოწმობა არ აქვს, უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსიროს თავის პოზიცია.

თუმცა, ზუსტად რამდენია ისეთი პირი, რომელსაც ძველი პირადობის მოწმობა აქვს, ცნობილი არაა. ამას ვერც განმარტებით ბარათში ვნახავთ და ამ კითხვას ვერც კანონპროექტის ინიციატორი ფრიდონ ინჯია პასუხობს.

„ზოგჯერ იყო ნათქვამი, რომ 300 ათასამდეა, 200 ათასამდეა… ათეულობით ათასობითაა. ამისი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ბევრს შეიძლება დაკარგული ჰქონდეს“, – ამბობს ინჯია და დასძენს, რომ „ერთი ამომრჩეველიც რომ იყოს, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს, რომ მას შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“.

რამდენ მოქალაქეს აქვს ამჟამად ე.წ. ლამინირებული პირადობა, ამ კითხვით ნეტგაზეთმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაც მიმართა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რომელსაც მინიმუმ 10 სამუშაო დღე სჭირდება. ცესკოში გვითხრეს, რომ არ აწარმოებენ სტატისტიკას იმაზე, თუ რამდენი ამომრჩეველი რომელი პირადობის მოწმობით აძლევს ხმას არჩევნებზე.

არჩევნების სანდოობასა და ბიომეტრიულ დოკუმენტებს შორის არსებულ კავშირზე ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა იუსტიციის მაშინდელი მინისტრი თეა წულუკიანიც და ამბობდა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა არის პიროვნების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელზეც გადის სანდო არჩევნები და შესაბამისად ქვეყნის დემოკრატიული და სწორი განვითარება.

„დემოკრატიულ და სწორ განვითარებაში, სხვა ბევრს შორის, ასევე იგულისხმება სანდოობის პირობებში ჩატარებული არჩევნები. გაისად საარჩევნო წელია. ამიტომ ის ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარი საარჩევნო სია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს შემოიტანა, არის სანდო, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებობს ელექტრონული პირადობის მოწმობა და მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ერთ დღეს ეჭვქვეშ დადგება”, – აცხადებდა წულუკიანი.

ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში კითხვებს ბადებს ის, თუ რატომ უჭერს „ქართული ოცნება“ მხარს ცვლილების შეტანას იმ კანონში, რომელიც 1 წლის წინ თავადვე მიიღო.

რატომ არის პრობლემური ძველი პირადობების დაბრუნება არჩევნებზე

ფრიდონ ინჯიას სახელით ინიციირებულ კანონპროექტით არჩევნებზე გარკვეული მანიპულაციების საფრთხეს ხედავს „ლელოს“ წევრი და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე. მისი თქმით, სინამდვილეში ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, რომ დაიტოვოს შანსები გარკვეული მანიპულაციებისთვის.

გიორგი სიორიძის თქმით, ეს ორი მთავარი მიზეზის გამოა პრობლემური:

  1. არის მანიპულაციების საფრთხე, რადგან, დაახლოებით, 300 ათასი ძველი პირადობა არსებობს, ვის აძლევენ ამ პირადობებს და როგორ იყენებენ მათ, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე.
  2. ჩვენ გვექნება ელექტრონული არჩევნები და ამას ტექნიკური ნაწილიც აქვს, რადგან ელექტრონული მანქანები ძველ პირადობებს ვერ აღიქვამს თუ პირად ნომერს ხელით არ შეიყვან. შესაბამისად, ეს ტექნიკურად დროში გაწელავს კენჭისყრის პროცესს.

გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე ხაზს უსვამს, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა აბსოლუტური უფლება არაა და ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ელექტრონული პირადობის მოწმობაც უნდა აიღოს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანებს არ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აღარ ჰქონდეთ ძველი პირადობის მოწმობა. თუ სინოდისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც აქვთ პრობლემა, რომ რელიგიური საფუძვლით არ აიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობები, ეს არ არის სავალდებულო.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, მაშინ უნდა გვქონდეს ელექტრონული პირადობის მოწმობა ან პასპორტი. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს საარჩევნო ხმის უფლება, მაგრამ ჩვენ ხმას ვერ მივცემთ, მაგალითად, მართვის მოწმობით. შესაბამისად, ეს არ არის აბსოლუტური უფლება. ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ქვეყნის დატოვების უფლება, მაგრამ თუ გვინდა საზღვრის გადაკვეთა, მაშინ უნდა ავიღოთ ბიომეტრიული პასპორტი“, – აცხადებს ნეტგაზეთთან გიორგი სიორიძე.

2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესს შეეხებოდა. კერძოდ, მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებდნენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე და მიაჩნდათ, რომ პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე დარჩენა სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას იწვევდა და კონსტიტუციურ უფლებებს უზღუდავდა.

რაც შეეხება რელიგიურ არგუმენტს, ამ საკითხზე არსებობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2012 წლის განჩინება, რომლის თანახმადაც, ID ბარათები „საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“.

დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებში საფრთხეს ხედავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძეც. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, ამ ცვლილებების მიღება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მომავალი არჩევნების შედეგებში არც ისეთი დარწმუნებულია და ახლა ცდილობს, რომ ეს კანონპროექტი „ევროპელ სოციალისტების“ ხელით გააპაროს.

ხატია დეკანოიძე

„რა გამოდის, რომ ჯერ ერთი, სიები გაიზრდება ან ცალკე სიები იქნება. სიები ისედაც პრობლემა იყო. ჩემს მაგალითზე გეტყვით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი ტურის მოგების შემდეგ, მეორე ტურზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 000-ზე მეტი ადამიანი მიაწერეს. მე ხომ ვერ გავაკონტროლებდი შიგნით ამას“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძის აზრით, ამ საკითხზე საკმარისი დისკუსია არ მიმდინარეობს, მაშინ, როცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილებების მიმართ სერიოზული წინააღმდეგობა არსებობდეს.

საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი. მისი თქმით, ის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობებით ყოფილიყო შესაძლებელი, ჯერ კიდევ 2021 წელს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

ამიტომ, მისი თქმით, ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა კამპანიის დასაწყებად, რომ 2024 წლის არჩევნებში ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა აღარ იქნებოდა შესაძლებელი.

„რეალურად სახელმწიფომ დაადგინა სტანდარტი საკმაოდ დიდი ხნის წინ და მაქსიმალურად უნდა ეწარმოებინა კამპანია, რომ ეს სტანდარტი გაევრცელებინა. [შეეძლო] შეეთავაზებინა უფასოდ ახალი პირადობის მოწმობები. გვაქვს მსგავსი მიმართულებით კამპანიების ისტორია და ამიტომ ეს სწორედ სახელმწიფოს ვალდებულება იყო“, – ამბობს ნანუკა ყრუაშვილი.

ნანუკა ყრუაშვილი

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს მაქსიმალურად მიახლოებული სტატისტიკა, რეალურად რამდენ ადამიანს აქვს ძველი პირადობის მოწმობა.

„მედიის საშუალებით გვესმის, რომ 300 ათასი ადამიანია ასეთი. ამას სჭირდება კვლევა. შესაძლოა, ეს ძველი მონაცემები იყოს, აქედან ბევრი ადამიანი ემიგრაციაში შეიძლება იყოს წასული… რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ერთი ადამიანის ხმის დაკარგვაც, მაგრამ დიდი ხნის წინ მიიღო სახელმწიფომ ეს რეგულაცია და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ მიყვეს მას. სახელმწიფოს მიცემული აქვს მოქალაქისთვის არჩევანის უფლება, რომ თუ მას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებელია, რომ მიჰყვნენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამიტომ აქ უფლების შეზღუდვა არ არსებობს. თუ კამპანია სწორად ჩატარდებოდა, ხმის დაკარგვის რისკი არ იქნებოდა“, -აცხადებს ნანუკა ყრუაშვილი.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ოპოზიციამაც უფრო არგუმენტირებულად ისაუბროს, თუ რა მხრივ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო კუთხით ლეგიტიმურობა, თუ ძველი პირადობის მოწმობები დაბრუნდება.

ამასთან, საიას წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასაბუთება მოისმინონ როგორც მმართველი პარტიის, ისე ცესკოს მხრიდან, თუ როგორ აპირებენ ძველი პირადობების დაბრუნების შემთხვევაში საარჩევნო პროცესში მანიპულაციების რისკის შემცირებას.

„ჩვენც გვინდა, გვქონდეს ნაკლები ლამინირებული პირადობის მოწმობა“

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებზე ძველი პირადობების მოწმობის დაბრუნებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, მთავრობას სურს, ლამინირებული პირადობა ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს.

თუმცა მისი თქმით, თითოეული ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს და ეს საკითხი იუსტიციის უწყების კომპეტენციას სცილდება.

„ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმება გაიცემა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 6 თვემდე ვადით და კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში ასევე იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე და ეს ხდება ერთი თვით. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ეს არ არის სხვადასხვა სახის რელიგიურ რწმენებთან კავშირში და რამე რელიგიურ დატვირთვას არ ატარებს პირადობის მოწმობა. მეორე მხრივ, პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის რწმენის თავისუფლებას[…]

ჩვენც მოწადინებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს პირადობის მოწმობა, შესაბამისი ელექტრონული ჩიპით. ამ საკითხის [არჩევნებზე ძველი პირადობების დაბრუნების] ინიციატორები ჩვენ არ ვართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი იმსჯელებს და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც სახელმწიფოს ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია.

დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან, მაქსიმალურ ზომებს მიიღებს იმისთვის, რომ გაყალბების არცერთი მექანიზმი არ იყოს გაპარული კანონმდებლობაში“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

რატი ბრეგაძე

რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთაც ძველი პირადობები აქვს, რატი ბრეგაძეს ამასთან დაკავშირებით კითხვა ოპოზიციის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში მოსმენისას დაუსვა.

„ნუთუ, რაიმე მექანიზმი არ გაქვთ, ან განათლების კუთხით, ან ბროშურებს ვერ დაარიგებთ, თუ მართლა 300 000-ია, საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები?“ – ჰკითხა გოცირიძემ ბრეგაძეს.

რომან გოცირიძის პასუხად რატი ბრეგაძეს, არ უარუყვია, რომ ძველი პირადობა 300 ათას ადამიანს აქვს. მან გოცირიძეს უპასუხა, რომ „არ ეკადრება 300 ათას ადამიანს ბნელი უწოდოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი