თურქეთის “ცესკომ” გამარჯვებულად ერდოღანი გამოაცხადა

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურად გამოაცხადა.

შედეგი 28 მაისის ღამით გახდა ცნობილი.

თურქეთის “ცესკოს” თავმჯდომარის, აჰმეთ იენერის თანახმად, ერდოღანმა ხმათა 52.14%, ანუ 27,513,587 ხმა მიიღო, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი — 47.86% აქვს, ანუ 25,260,109 ხმა.

იენერის სიტყვებით, ის მონაცემები, რომლებიც სისტემაში ჯერ არ შეუყვანიათ, შედეგს ვერ შეცვლის.

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს როგორც ერდოღანმა, ისე — ქილიჩდაროღლუმ. მოქმედმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა, მისმა კონკურენტმა კი თქვა, რომ ეს იყო ყველაზე უსამართლო საარჩევნო პროცესი უკანასკნელ წლებში.

პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, პირველი ტურის მსგავსად, ქილიჩდაროღლუმ კვლავ მოიგო თურქეთის 5 უდიდესი ქალაქიდან ოთხი — სტამბოლი, ანკარა, იზმირი და ადანა. ამასთან, ოპოზიციის კანდიდატმა ისევ გაიმარჯვა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონების დიდ ნაწილში, ისევე როგორც, ქურთებით დასახლებული პროვინციების დიდ ნაწილში.

უწინდელის მსგავსად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაღალი შედეგები აჩვენა ცენტრალურ თურქეთსა და შავი ზღვისპირეთში. პარალელური დათვლის მიხედვით, მან თებერვლის მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებშიც მოიგო, სადაც იქამდეც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 14 მაისის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ზე მეტის მოპოვება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 წელია, თურქეთს მართავს. ის თურქეთის მმართველ პარტიას, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” თავმჯდომარეობს. მისი მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” თავმჯდომარეა.

2023 არჩევნების პირველი ტური ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში. მიზეზებს შორის დომინირებდა ერდოღანის მმართველობისას გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანობა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

საერთაშორისო დამკვირვებელთა თქმით, მოქალაქეებს პირველ ტურში არჩევანის საშუალება ჰქონდათ, თუმცა თურქეთს არ შეუსრულებია ძირითადი პრინციპები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ეუთო/ოდირის შეფასებით, “მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტიები სარგებლობდნენ გაუმართლებელი უპირატესობით, მათ შორის, მიკერძოებული მედიაგაშუქებით”.

უკანასკნელ წლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა არამხოლოდ გაიფართოვა ძალაუფლება, არამედ, გააძლიერა განსხვავებული აზრის დევნა, რომელიც შეეხო როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისე მედიას, აკადემიურ სივრცესა და სასამართლოს.

სხვადასხვა ბრალდებით, რომელთა შორისაა ტერორიზმთან კავშირი, ხელისუფლების დამხობის მცდელობა  თუ პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ერდოღანის მრავალი კრიტიკოსი დაუკავებიათ და გაუსამართლებიათ.

ამ პროცესებისა და საზოგადოების პოლარიზების ფონზე, ბუნდოვანია ერდოღანის განცხადებების რეალისტურობა იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული არამხოლოდ თავად და მისი მხარდამჭერები, არამედ მთელი თურქეთია.

ერთიანობის შესახებ საუბრის პარალელურად, სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა მის მთავარ კონკურენტს დასცინა, ოპოზიციური პარტიების მიმართ კი ჩვეული ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენა.

მორიგი საპრეზიდენტო ვადისას მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკა იქნება. ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში 44%-ს შეადგენს, თუმცა ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და 85.5%-ს მიაღწია. აღნიშნულს თან სდევს თურქული ლირის გაუფასურება და ფასების ზრდა.

კრიზისის გამწვავებაში არაერთი ადანაშაულებს უშუალოდ ერდოღანს: იმ ფონზე, როცა რიგმა ქვეყნებმა ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდეს, თურქეთის პრეზიდენტი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს და საპირისპიროსკენ უბიძგებდა ცენტრალურ ბანკს.

ერდოღანი ახლაც ამ პოზიციაზეა და კვლავ არ ეთანხმება აზრს, რომ ფინანსური განაკვეთის დაწევა ინფლაციას ზრდის.

ოპოზიციის დაპირება, ეკონომიკის გაჯანსაღების გარდა, იყო კორუფციასთან ბრძოლა, ისევე როგორც, დემოკრატიულ რეფორმების გატარება, თურქეთის დაბრუნება საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე, ისევე როგორც, მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა და მეტად დაახლოება დასავლეთის ბლოკთან.

 

ამავე თემაზე გირჩევთ:

ერდოღანის მადლობა მხარდამჭერებს “თურქეთის კიდევ 5 წლით მართვის” შესაძლებლობისთვის

რა ხდება მეორე ტურის წინ თურქეთში