„გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, თუ ეს საჭირო გახდა“ — სახ. დეპარტამენტი ფრენების აღდგენაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვენდანტ პატელმა რამდენიმე საათის წინ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასა და ქართული კომპანიების შესაძლო სანქცირებაზე.

„თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ეს იქნება მზარდი წუხილის მიზეზი არა მხოლოდ აშშ-სა და სხვა დასავლური სახელმწიფოებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ქართულ აეროპორტებს ემსახურებიან, თუ ისინი მოემსახურებიან სანქცირებულ თვითმფრინავებს. მთლიანმა დასავლურმა საზოგადოებამ საკუთარი თავის დისტანცირება მოახდინა რუსეთის ფედერაციისგან და ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არ არის რუსეთთან თანამშრომლობის გაზრდის დრო“, — განაცხადა პატელმა.

მას ასევე ჰკითხეს, რომ მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა ადრეც გააკეთა, თუმცა ფრენები მაინც განახლდება, შესაბამისად, უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე სახის სანქციებს, რაზეც სპიკერის მოადგილის პასუხი იყო:

„ჩვენ ჩვენი წუხილები ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, ასევე ძალიან ცხადად ვიმოქმედეთ, როცა გადავდგით ნაბიჯები ჩვენს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების აკრძალვაზე, როგორც ეს ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ გააკეთა. ამგვარად, ჩვენ გავაგრძელებთ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას და გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, თუ ეს საჭირო გახდა. თუმცა ახლა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი”, — თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

მიდმინარე წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ასევე ავიაკომპანიებს პირდაპირი ავიარეისების შესრულების ნება მიეცას. საქართველოს ხელისუფლებამ 15 მაისს ასეთი ფრენის განხორციელებაზე პირველი ნებართვა უკრაინაში სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ მისცა. „აზიმუტი“ პირველი რეისის შესრულებას მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 17 მაისს გეგმავს.

რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას გეგმავს ქართული „ჯორჯიან ეარვეიზიც“.