ევროკავშირის პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლების გამო, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

„ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მოეხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.

უკრაინაში უკანონო ომის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაუწესეს სანქციები რუსეთის საავიაციო სექტორს. ჩვენ და პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან ან რუსეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წინა კვირას გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტომ [ICAO] გაახმიანა შეშფოთება, რაც გადაეცა [საქართველოს] მთავრობას. [შეშფოთება] ეხება რუსეთის საავიაციო სექტორისა და ხომალდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ზოგად სიტუაციას“, – აღნიშნა მან.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე ამბობენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways“-მა.