საზოგადოება

როგორ შეიცვლება თურქეთის საგარეო პოლიტიკა, თუ ოპოზიცია მოიგებს

12 მაისი, 2023 • 4076
როგორ შეიცვლება თურქეთის საგარეო პოლიტიკა, თუ ოპოზიცია მოიგებს

თურქეთის 14 მაისის არჩევნების შედეგებს, ქვეყნის ათობით მილიონი მოსახლის გარდა, დიდი ინტერესით ელიან როგორც ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში, ისე — მოსკოვში.

არაერთი მიიჩნევს, რომ გასულ წლებში რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დასავლეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რომელსაც რუსეთთან დაახლოება ერთოდა, მოქმედი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვადით არჩევა კრემლისთვის საუკეთესო სცენარია. ამას ვერ ვიტყვით ოპოზიციის კანდიდატზე, რომელიც ღიად ახმიანებს დასავლეთის ბლოკთან მეტად დაახლოების სურვილს.

სულ 2 დღე რჩება ისტორიულ კენჭისყრამდე, რომლითაც გაერთიანებული ოპოზიცია ფართო ძალაუფლების მქონე ერდოღანს უნდა დაუპირისპირდეს.

69 წლის პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა — მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთი “დასავლეთისკენ შებრუნდება”, მთავრობა ევროინტეგრაციისათვის იმუშავებს და გააძლიერებს დემოკრატიას, რომლის ხარისხიც მკვეთრად შეილახა ერდოღანის 20-წლიანი მმართველობისას.

ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთსა და დასავლეთს შორის შესაძლო დათბობის კუთხით ფართო მოლოდინები არსებობს. სხვა საკითხია, რაში შეიძლება გამოიხატოს ეს დათბობა და რამდენად ყოვლისმომცველი შეიძლება იყოს ის.

ერდოღანი-დასავლეთი: როგორი სურათი დახვდება ოპოზიციას

თუ არჩევნებში გაიმარჯვა, თურქეთის ოპოზიციას მრავალ შიდა პრობლემასთან მოუწევს გამკლავება, ეკონომიკური სირთულეებიდან კორუფციამდე. თუმცა ვითარება არც საგარეო ასპარეზზეა მარტივი.

თურქეთი ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროგაერთიანებაში ანკარის მიღებაზე მოლაპარაკებები თითქმის 20 წლის წინ დაიწყო, თუმცა პროგრესი ნელია, უთანხმოება კი — მზარდი.

2003 წელს ხელისუფლებაში მოსული ერდოღანი მმართველობის პირველ წლებში პოზიციონირებდა, როგორც რეფორმატორი მმართველი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებისკენ იყო მოწოდებული.

თუმცა თურქეთისა და დასავლური ბლოკის ურთიერთობები შესამჩნევად გაუარესდა 2010-იანი წლების დასაწყისიდან. თურქოლოგ სანდრო ბაკურაძის ხედვით, ამ დროს ერდოღანი ” უკვე გრძნობდა, რომ შიდაპოლიტიკურ არენაზე საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახერხა და ამისთვის აღარ სჭირდებოდა ევროკავშირისგან ლეგიტიმაცია”.

სანამ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ერდოღანმა სტამბოლის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. მისი პარტია ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა. ფოტო: Birgun 

არაერთ შემთხვევაში მხარეები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს იმის ახსნისას, თუ რამ გააუარესა ურთიერთობები თურქეთსა და ევროკავშირს შორის. უთანხმოების ერთ-ერთ საკითხად სახელდება ევროკავშირში კვიპროსის ყოფნა, რომლის ნაწილიც თურქეთს 1974 წლიდან აქვს ოკუპირებული. ამავე კონტექსტში ახსენებენ საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოკლე ვიზიტსაც თურქეთში, რომელმაც ქვეყნის ევროკავშირში მიღებისადმი თავისი წინააღმდეგობა იმ დღესაც დააფიქსირა და ამით ანკარა მეტად გააბრაზა.

მეორე მხრივ, შეუმჩნეველი არავის დარჩენია ერდოღანის მზარდი ავტორიტარიზმი და კრიტიკოსთა მიმართ სულ უფრო მკვეთრი შეუწყნარებლობა, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს: იქნება ეს ანტისამთავრობო პროტესტის ძალისმიერ ჩახშობა, ათობით ათასი ადამიანის დევნა გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, მრავალი კრიტიკული მედიასაშუალების გაქრობა, პრეზიდენტის ძალაუფლების მკვეთრად გაფართოება თუ მმართველი პარტიის ალიანსი ულტრანაციონალისტებთან.

თურქეთის პოლიცია 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ბრალდებულებს აკავებს.  2017 წ. ფოტო: Dogan News Agency

ხსენებულმა პროცესებმა ბუნებრივად იმოქმედა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე: 2018 წელს ევროპის საბჭომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე თქვა, რომ ანკარასთან მოლაპარაკებები “ჩიხშია” შესული. დიდად მოტივირებული აღარც თურქეთი იყო, რასაც ერდოღანი საჯარო განცხადებებშიც არ მალავდა.

საქმე მარტივად არც აშშ-თან ურთიერთობებშია: სხვა საკითხებთან ერთად, ანკარას მკვეთრად აღიზიანებდა ფაქტი, რომ მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომისას აშშ დაეყრდნო სირიელ ქურთებს, რომლებიც ეფექტურად იბრძოდნენ ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ. აშშ-ის მხარდაჭერილ ქურთულ ძალებს თურქეთი ედავება კავშირებს  “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”(PKK), რომელიც ათწლეულების მანძილზე აწარმოებდა შეიარაღებულ ბრძოლას თურქეთში ქურთების ავტონომიისთვის.

პარალელურად, შესამჩნევი იყო ერდოღანის დაახლოება მოსკოვთან. როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ნატოს წევრმა ანკარამ მოსკოვისგან რუსული წარმოების S-400 თავდაცვის სისტემა შეიძინა, ვაშინგტონმა თურქეთი საერთოდ ამოიღო პროგრამიდან, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს აშშ-სგან F-35 ტიპის გამანადგურებლების ყიდვის საშუალებას აძლევს.

ნატოს სხვა წევრებთან უთანხმოების ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდია ანკარის მიერ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შეფერხება იმ ბრალდებით, რომ მათ თურქეთის სახელმწიფოსთან მებრძოლი “ტერორისტები” ჰყავთ შეფარებული. ფინეთზე შეთანხმება მოხერხდა, შვედეთის საკითხი კი კვლავაც პროცესშია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი. ფოტო: TASS

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერდოღანის ხელისუფლების მცდელობებისას, გამოეყენებინა საგარეო პოლიტიკა შიდაპოლიტიკური საჭიროებებისთვის… გაიფლანგა იმდენი პოლიტიკური კაპიტალი, რომ ახლა, სურვილის მიუხედავად, ერდოღანი ვეღარ ახერხებს ძველი სტატუსის აღდგენას. ახალ ხელისუფლებას ამ მხრივ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ელის”, — გვეუბნება სანდრო ბაკურაძე.

თურქეთ-რუსეთის გაღრმავებული კავშირების ერთ-ერთი ბოლო გამოვლინებაა რუსული სახელმწიფო კომპანიის, “როსატომის” მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური თურქეთში, ისევე როგორც მოსკოვის გადაწყვეტილება, ანკარას ბუნებრივი აირის დავალიანებების გადახდა გადაუვადოს.

“[ეს] ერდოღანმა ძალიან კარგად გამოიყენა წინასაარჩევნო პოპულიზმისთვის უფასო გაზის დაპირებების გასაცემად”, — აღნიშნავს ბაკურაძე.

“უფრო მეტად კონსტრუქციული” — ოპოზიციის ხედვა

14 მაისის არჩევნებში ერდოღანს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან მოუწევს ბრძოლა. 74 წლის ქილიჩდაროღლუს იდეოლოგიურად განსხვავებული 6 ოპოზიციური პარტიისაგან შეკრული ალიანსი უჭერს მხარს.

ინფლაციის, ფასების ზრდისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეკონომიკა გაცილებით დიდი პრიორიტეტია, ვიდრე – საგარეო ურთიერთობები.

ბუნებრივია, ოპოზიცია ცდილობს, უპირველესად იმაში დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ყველაზე კარგად მას შეუძლია საშინაო პრობლემებთან გამკლავება, თუმცა ალიანსს გაცხადებული აქვს საგარეო პოლიტიკის მიზნებიც.

ერდოღანის გასული წლების პოლიტიკისაგან განსხვავებით, ოპოზიციის პროგრამაში იკითხება სურვილი, მეტად დაუახლოვდეს დასავლეთს და დაასრულოს კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც თურქეთისთვის ნაკლებად მოაქვს სარგებელი.

“ჩვენ 180 გრადუსით შემოვაბრუნებთ თურქეთის საგარეო პოლიტიკას. შემოვიტანთ ყველა იმ დემოკრატიულ ნორმას, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის…”, – უთხრა ქემალ ქილიჩდაროღლუმ გერმანულ DW-ს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ქემალ ქილიჩდაროღლუ. ფოტო: MAHMUT SERDAR ALAKUS/ANADOLU AGENCY/GETTY IMAGES

ოპოზიცია პირობას დებს, რომ იმუშავებს ევროკავშირში ქვეყნის “გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად” და აღასრულებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს. დაპირებებს შორისაა თურქეთის დაბრუნება საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე, მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

ოპოზიციის თქმით, აშშ-თან ორმხრივ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ექნება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ალიანსი აცხადებს, რომ “ინიციატივებს აიღებს”, რათა თურქეთი F-35-ების პროგრამაში დააბრუნოს. ბუნდოვანია, ამ შემთხვევაში რა ბედი ელის უკვე ნაყიდ S-400-ს, რომელსაც აშშ საფრთხედ განიხილავს.

“ბევრი დასავლელი ოფიციალური პირი და ლიდერი გრძნობს იმედგაცრუებას და დაღლილობას ერდოღანთან ურთიერთობისას… ისინი მიიჩნევენ, რომ [ერდოღანი] ხელმძღვანელობს თურქეთის გადახვევას დასავლეთიდან და პერსონალიზებული, პოპულისტური რეჟიმისკენ სვლას”, — ეუბნება  ვაშინგტონში მოქმედი “სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” წარმომადგენელი, ჯეფრი მანკოფი France 24-ს.

ბუნებრივია, ამ ფონზე დასავლეთში განსაკუთრებული ინტერესით ელიან 14 მაისს. აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, 2019 წელს ღიად აქვს ნათქვამი, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთის ოპოზიციას, რათა ერდოღანი არჩევნებში დამარცხდეს. ამჟამად ვაშინგტონი ასეთი ხმამაღალი არ არის, თუმცა მისი განწყობა რთული გამოსაცნობი არაა.

6 პარტიისაგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსის ლიდერები. ფოტო: Reuters

“ეს იქნება დასავლეთის მიმართ უფრო მეტად კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ გამოიყენებს ნეოიმპერიალისტურ ან ისლამისტურ რიტორიკას და ღია კონფრონტაციისგან თავს შეიკავებს.

არ იქნება ისეთი კონფრონტაციული პოლიტიკა, როგორიც იყო ერდოღანის ხელისუფლების პერიოდში და აღარც შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით საგარეო პოლიტიკის უმოწყალო ექსპლუატაცია იქნება, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე წელიწადი მაინც”, — გვეუბნება სანდრო ბაკურაძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს თურქეთის მხრიდან უარის თქმას შედარებით დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე, ისევე როგორც არ ნიშნავს უარს რუსეთთან ურთიერთობაზე.

რუსული მედიის თანახმად, 2022 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ $62 მილიარდი შეადგინა, რაც მოსკოვს ანკარის ერთ-ერთ საკვანძო სავაჭრო პარტნიორად აქცევს. თურქეთი ბუნებრივი გაზის 45%-ს, ისევე როგორც მნიშვნელოვანი რაოდენობის საწვავსა და ქვანახშირს, რუსეთისგან იღებს.

ოპოზიციის თქმით, მოსკოვთან ურთიერთობებს შეინარჩუნებს “დაბალანსებული და კონსტრუქციული დიალოგით საერთაშორისო დონეზე”.

“იმაზეცაა ხაზი გასმული, რომ რუსეთთანაც კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობა გაგრძელდება, თუმცა რუსეთთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკა ისეთი მჭიდრო აღარ იქნება, როგორიც ერდოღანის პერიოდში იყო.

ეს უფრო იქნება თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სულეიმან დემირელის პერიოდის ეკონომიკური თანამშრომლობის, მაგრამ მაინც ფრთხილი ურთიერთობების პოლიტიკის მსგავსი.

საბჭოთა ინვესტიციამ დემირელის პერიოდში, 60-იან წლებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში, მაგრამ ეს დათბობა ეკონომიკურ სფეროს მაინცდამაინც არ გასცილებია”, — აღნიშნავს ბაკურაძე.

ერდოღანის წინასაარჩევნო ბანერი. ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

კითხვის საპასუხოდ, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ვლადიმერ პუტინთან, ქილიჩდაროღლუმ გერმანულ ტელეკომპანიას უთხრა:

“ჩვენ ვართ ნატოს წევრები და ასევე ვართ ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. ამიტომ ჩვენ მივბრუნდებით დასავლეთისკენ და დასავლური ცივილიზაციისკენ.

რა თქმა უნდა, გვსურს, კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. იქ ჩვენი ბევრი ბიზნესმენი მუშაობს. მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში სწორია და არ ვეთანხმებით ამას”.

სადამდე შეიძლება მივიდეს პროგრესი?

არაერთი თანხმდება, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობები გარკვეულწილად გაჯანსაღდება, რაც ანკარასა და ბრიუსელს შორის “უკეთესი ატმოსფეროს” ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ზოგიერთის აზრით, პოტენციურმა დათბობამ, შესაძლოა, წინ წასწიოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა უვიზო მიმოსვლა თურქეთსა და ევროკავშირს შორის, ისევე როგორც დასავლური ინვესტიციების ზრდა თურქეთში და ევროკავშირი-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზება, მისგან მეტი სარგებლის მისაღებად.

მეორე მხრივ, არსებობს პოტენციური დაბრკოლებები, რომლებიც თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში სწრაფ წინსვლას საეჭვოს ხდის. აქ საუბარია არა მხოლოდ თურქეთის რთულ ურთიერთობებზე ევროკავშირის წევრ კვიპროსთან და საბერძნეთთან, არამედ  ევროგაერთიანების სახელმწიფოების მზაობაზე, თავიანთ კავშირში შეიერთონ დიდი, 85-მილიონიანი ქვეყანა პრობლემური სოციალურ-ეკონომიკური სურათით.

“დემოკრატიული თურქეთი ბევრად უფრო ფუნდამენტური საკითხი იქნება ევროპისთვის”, — ეუბნება Politico-ს თურქი ანალიტიკოსი გალიფ დალაი, მიანიშნებს რა, რომ ევროკავშირის კრიტერიუმებთან თურქეთის დაახლოება წარმოშობს კონკრეტული გადაწყვეტილებების საჭიროებას მის წევრობასთან დაკავშირებით.

თურქეთისა და ევროკავშირის დროშები. ფოტო: DW

იმ ფონზე, როცა არაერთი წინასაარჩევნო კვლევა დამაიმედებელ შედეგს იძლევა ოპოზიციის კანდიდატისთვის, ზოგიერთი უკვე მოუწოდებს ევროკავშირს, იქონიოს გრძელვადიანი გეგმა იმ სცენარისთვის, თუ თურქეთში დემოკრატიული გარდატეხა მოხდა.

თუმცა იმისათვის, რომ ევროინტეგრაციისთვის ჯეროვანი საფუძველი მოამზადოს, თურქეთს დიდი შრომა მოუწევს კორუფციის გაუარესებულ მაჩვენებელთან და ეკონომიკურ სირთულეებთან საბრძოლველად, ისევე როგორც ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

უფლებების ნაწილის განხილვა კი პრაქტიკულად შეუძლებელია ქურთების საკითხის გარეშე, რომლებიც მრავალგზის ჩიოდნენ და ჩივიან დისკრიმინაციასა და არასათანადო მოპყრობაზე სახელმწიფოს მხრიდან.

“თურქეთის შიგნით ქურთულ საკითხთან თუ რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები იმდენად ტაბუირებული და საკრალიზებულია ძალიან ბევრი კუთხით, რომ აქ, მიუხედავად ოპოზიციის დაპირებებისა დემოკრატიაზე და ქურთული მოძრაობის მიერ ოპოზიციის ტაქტიკური მხარდაჭერისა, გარკვეულ პარადიგმებზე უარის თქმა ასეთი იოლი ნამდვილად არ იქნება.

მრავალი წლის განმავლობაში ქურთული საკითხი მხოლოდ და მხოლოდ სეპარატიზმთან და ტერორიზმთან გაიგივდა, ადამიანის უფლებების საკითხად ის პრაქტიკულად არ განიხილება”, — აღნიშნავს სანდრო ბაკურაძე.

პოლიცია აკავებს ქალს, რომელიც სირიელი ქურთების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა ანკარაში. 2018 წ. ფოტო: AFP

ოპოზიციის გამარჯვების სცენარის განხილვისას, თურქოლოგი უფრო ოპტიმისტურად უყურებს თურქეთის მოსაზღვრე სირიელი ქურთების საკითხს, რომელთა გაძლიერებასაც თურქეთის ხელისუფლება მკაცრად ეწინააღმდეგება. ის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ქურთულ ძალებს ტერორისტებად განიხილავს და პერიოდულად სამხედრო ოპერაციებსაც ატარებს მათ წინააღმდეგ.

“[თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა], ის შეეცდება, დათმობა არ განახორციელოს, მაგრამ აქ რუბიკონი უკვე გადალახულია და დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში, თურქეთის ხელისუფლებას სირიაში ქურთების გარკვეულ უფლებებზე და გარკვეულ პოლიტიკურ გაძლიერებაზე თვალის დახუჭვა მოუწევს”, — ვარაუდობს თურქოლოგი.

სირიელი ლტოლვილების საკითხი

თურქეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ამბიციური დაპირებაა თურქეთში მცხოვრები მილიონობით სირიელი ლტოლვილის დაბრუნება უკან, თავიანთ სამშობლოში.

თავის დროზე თურქეთში მრავლად მიიღეს სამოქალაქო ომს გამოქცეული სირიელები, რომელთა ამჟამინდელი რიცხვიც, ოფიციალური მონაცემებით, 3.5 მილიონს შეადგენს.

ამ ფონზე სირიელების საკითხი ერთ-ერთი აქტუალურია წინასაარჩევნოდ. ერთ-ერთი კვლევით, თურქების 80%-ს სურს, ლტოლვილები თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ.

ქილიჩდაროღლუ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იმუშავებს სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რათა სირიელი ლტოლვილები 2 წლის ვადაში დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში — როგორც თავად ამბობს, უსაფრთხოდ და ღირსეულად.

ოპოზიციის ხედვით, ამისათვის საჭიროა მოლაპარაკებები სირიის სახელმწიფოსთან, ისევე როგორც სირიაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ევროპული თანხებით.

გასულ კვირას მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ქილიჩდაროღლუმ თქვა, რომ თუ ევროკავშირი ამ პროცესში თურქეთთან არ ითანამშრომლებს, ანკარა საზღვარს გაუხსნის ლტოლვილებს, “რათა წავიდნენ იქ, სადაც უნდათ”.

სირიელი ბებია და შვილიშვილი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში. ფოტო: Ozan Kose/AFP/Getty Images

ლტოლვილებთან დაკავშირებული შეთანხმება ევროკავშირსა და თურქეთს შორის 2016 წელს დაიდო. ის ანკარის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისკენ მიმავალ ლტოლვილთა ნაკადის შეჩერებას და თურქეთში მათ დაბინავებას გულისხმობს, ევროკავშირის მხრიდან დიდი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ.

მომდევნო წლებში შეთანხმების პირობები და მათი შესრულება დავის საგანი იყო ანკარასა და ბრიუსელს შორის. ერდოღანს ევროპა არაერთხელ გაუფრთხილებია ლტოლვილთა მოსალოდნელ ნაკადზე.

საკითხის აქტუალობისა და ოპოზიციის დაპირებების ფონზე, ერდოღანი ცდილობს, თავად დაალაგოს ურთიერთობა ალ-ასადთან, რომლის მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც ანკარა დიდი ხნის მანძილზე უჭერს მხარს. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ალ-ასადთან მოლაპარაკების პროცესი ლტოლვილების დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მისი ხელისუფლება აგურის ათასობით სახლს აშენებს სირიის იმ ტერიტორიებზე, რომელთაც თურქეთი აკონტროლებს.

მიუხედავად დაპირებებისა, სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საკითხს არაერთი უყურებს სკეპტიკურად. 2011 წლიდან დღემდე 880 000 სირიელი ბავშვი თურქეთში დაიბადა და საზოგადოებაში ინტეგრირდა ისე, რომ ზოგიერთი არაბულზე უკეთესად თურქულად საუბრობს.

იქიდან გამომდინარე, რომ სირიაში მასობრივად დაინგრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ბევრ სირიელს სამშობლოში არანაირი ქონება აღარ ეგულება. ამასთან, ბევრმა, ვინც ასადის რეჟიმს მხარს არ უჭერს, არ იცის, უსაფრთხო იქნება თუ არა მათი დაბრუნება სირიაში.


თურქეთში 14 მაისს იმართება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები. არაერთი კვლევით, ოპოზიციის კანდიდატი უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თუმცა დიდია მეორე ტურის ალბათობაც.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი