საზოგადოება

კალაძე კანდიდატის სტატუსზე: თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არა — არც ეს არის პრობლემა

1 მაისი, 2023 • 1457
კალაძე კანდიდატის სტატუსზე: თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არა — არც ეს არის პრობლემა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს ყველა კრიტერიუმი იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. თუმცა, “თუ სტატუსს არ მოგვანიჭებენ”, მისი შეფასებით, “არც ეს არის პრობლემა”. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 1 მაისს ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველო ამ სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის ჰქონდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. მისი შეფასებით ევროკავშირის გადაწყვეტილება ამ საკითხზე იყო პოლიტიკური, რადგან საქართველოს ხელისუფლება მათთვის პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, კალაძის შეფასებით, ევროკავშირის სტატუსი ქვეყანამ ვერ მიიღო, რადგან არ უერთდება სანქციებს და “არ იწყებს ომს”:

“ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება. თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს”, – განმარტა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე საპასუხოდ, რომელიც “მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიასა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა, კალაძემ განაცხადა:

“ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“, – თქვა მან.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს.

ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე გადაწყვეტილების მიღება მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი