ახალი ამბებისაზოგადოება

ლიეტუვას სეიმმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო – მთავარი გზავნილები

27 მარტი, 2023 • 5638
ლიეტუვას სეიმმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო – მთავარი გზავნილები

ლიეტუვის სეიმმა [პარლამენტმა] საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ინიციატივებისგან, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

რეზოლუციას მხარი ყველა (114-ივე) დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციის მთავარი გზავნილები

სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

„თავი შეიკავოს ნებისმიერი საკამათო საკანონმდებლო თუ სხვა ინიციატივებისგან, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებს და ზიანს აყენებენ საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში“.

რეზოლუციაში აგრეთვე არის მოწოდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან არგადახვევის შესახებ. სეიმი ასევე იხსენებს „უცხოეთის აგენტების“ რუსული კანონპროექტის მიღების მცდელობას.

ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანო აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე და მიიჩნევს, რომ ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს სამართლებრივი დამოუკიდებლობის შესახებ.

გარდა ამისა, სეიმი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროცედურები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყანაში ან აშშ-ში გადაყვანისთვის, რათა ყოფილმა პრეზიდენტმა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

სეიმი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვისა და ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს და მხარი დაუჭიროს უკრაინას.

სეიმი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაუბრუნდნენ 19 აპრილის შეთანხმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი