„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტში ჩაამატებს გამოტოვებულ საგამონაკლისო წესს, თუ სამოქალაქო საზოგადოება დასთანხმდება კანონის მიღებას, თუმცა გამონაკლისს განსაზღვრავს არა პრეზიდენტი, არამედ ხელისუფლების სხვა რომელიმე შტო.
რა ხდება?
პარლამენტში განიხილება „აგენტების“ შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული ორი კანონპროექტი.
მეორე კანონში, რომელსაც „ხალხის ძალა“ ამერიკულის ზუსტ ანალოგს და “სიტყვა-სიტყვით თარგმანს” უწოდებს, FARA-სგან განსხვავებით, გათვალისწინებული არ არის გამონაკლისი პარტნიორი ქვეყნებისა და მათი წარმომადგენლებისთვის, რომლის სიასაც აშშ-ში პრეზიდენტი ადგენს.
განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. „ამერიკული კანონპროექტი“ არსებითად განსხვავდება ავთენტური ამერიკული კანონისგან, თავდაპირველად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა გაავრცელა.
„კანონპროექტის დეტალურად შესწავლამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ე.წ. „ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის 613-ე პარაგრაფის (გამონაკლისები/EXEMPTIONS) კონკრეტული და ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი F პუნქტი. აღნიშნული პუნქტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.
ნორმის შეგნებული გამოტოვებით პრინციპულად იცვლება შინაარსი. უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიციირებული ე.წ. „ამერიკული კანონი“ ვრცელდება პარტნიორ ქვეყნებზეც, რაც ქმნის ერთგვაროვან მიდგომას მტრულად განწყობილი და მოკავშირე ქვეყნების მიმართ. ეს განზრახ დამახინჯება ავთენტური ამერიკული კანონისა აზიანებს საქართველოს ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.
უმრავლესობის განმარტება
საგამონაკლისო წესის გამოტოვების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლაშა ტუღუშმა ისაუბრა.
„თქვენ ბრძანეთ, რომ ეს 100%-იანი თარგმანია ამერიკული კანონის. ამ დროს გამოტოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ეხება გამონაკლისებს. ამ პუნქტის შეცვლით თქვენ პრინციპულად შეცვალეთ FARA-ს კონცეფცია და აბსოლუტურად სხვა კანონი გამოვიდა და ეს აღარ არის ამერიკული კანონი. რატომ ამოიღეთ ეს მუხლი?“ — განაცხადა ტუღუშმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამონაკლისის შესახებ პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოტოვებას იმით ხსნის, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არაა და მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.
„ჩავამატებთ იმ მუხლს, რომ ხელისუფლებას მიენიჭოს განსაკუთრებული უფლებამოსილებები. პრეზიდენტი არის საპრეზიდენტო ქვეყანაში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის მთავრობა. [ამერიკული კანონის] გადმოტანა შინაარსის გადმოტანას ნიშნავს, თორემ სიტყვა-სიტყვით თუ უნდა გადმოგვეტანა, მაშინ სადაც საქართველო წერია, იქ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ეწეროს და ასეთი რამე ვერ მოხდება. იქ არის პირველი პირი პრეზიდენტი, უზარმაზარი ძალაუფლებით, საქართველო არის საპარლამენტო ქვეყანა“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.
საკითხზე მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა “ხალხის ძალიდან” თქვა, რომ ამერიკული კანონის ჩანაწერის ზუსტი გადმოტანა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა. თუმცა საგამონაკლისო წესის დამატების მზადყოფნა გამოთქვა იმ შემთხვევაში, თუ კანონის მიღებაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან „შეთანხმება შედგება“.
„მაგრამ ამის გამოსავალსაც სამართლებრივად ვნახავთ და თუ თქვენ იტყვით და შევთანხმდებით, რომ ეს კანონი მივიღოთ, თანახმა ვართ, ჩვენ გადმოვიტანოთ. საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არაა და უფლებამოსილება ექნება, ვინც მართავს ქვეყანას — საქართველოს მთავრობას. ამ ცვლილებას შევიტანთ, თუკი თქვენ იტყვით, რომ კი ბატონო, ამერიკული კანონი იქნება კარგი და მისაღები“, — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
