საზოგადოება

პარლამენტის ეზოდან აკრედიტებული ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოყარეს

2 მარტი, 2023 • 1679
პარლამენტის ეზოდან აკრედიტებული ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოყარეს

„ნეტგაზეთის“, „ონ.ჯის“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს, რომლებსაც პარლამენტის საშვი და პრეს-აკრედიტაცია ჰქონდათ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ცნობით, კოლეგებთან ერთად პარლამენტის შიდა ეზოდან საპროტესტო აქციას იღებდა, რა დროსაც მათთან მივიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი თორნიკე ჯანელიძე.

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტმა მას აკრედიტაცია უჩვენა, „ონ.ჯის“ ჟურნალისტმა – ერთჯერადი საშვი, „ფორმულას“ ჟურნალისტმა უთხრა, რომ საშვი ქურთუკში უდევს, ქურთუკი კი ზემოთ აქვს.

ამის შემდეგ მან ორიოდე წამით, როგორც თავად თქვა, დარეკა, რის შემდეგაც ჯერ „ონ.ჯის“ ჟურნალისტი გააგდეს ეზოდან, შემდეგ კი – „ნეტგაზეთის“ და „ფორმულასი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა დაცვის თანამშრომელს აკრედიტაცია და პარლამენტში შესასვლელი საშვი უჩვენეს, დაცვამ ისინი ეზოდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააგდო.

თავდაპირველად ეზოს დატოვება მოსთხოვეს „ონ.ჯის“ ჟურნალისტს, შემდგომ კი – „ფორმულას“ და „ნეტგაზეთის“ წარმომადგენლებს და სამივე მათგანს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს პარლამენტის ეზო.

იხილეთ ვიდეო:

გარდა ამისა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მობილიზებულნი არიან პოლიციელები. დაკავებულნი არიან მომიტინგეები, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა და მიზეზი უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი