საზოგადოება

ჰერჩინსკიმ რატი ბრეგაძეს EU-ს 27 სახელმწიფოს სახელით სააკაშვილის შესახებ დემარში გადასცა

27 თებერვალი, 2023 • 1644
ჰერჩინსკიმ რატი ბრეგაძეს EU-ს 27 სახელმწიფოს სახელით სააკაშვილის შესახებ დემარში გადასცა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 27 წევრი სახელმწიფოს სახელით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დემარში [ოფიციალური გზავნილი] გადასცა. მას თან ახლდა შვედეთის ელჩი. შეხვედრა დღეს, 27 თებერვალს შედგა.

“შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეობას წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრთან მოვიტანეთ ოფიციალური დემარში, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.

ძალიან შეშფოთებული ვართ მისი გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობების გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომლებიც ამ დემარშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე დედაქალაქის წარმომადგენლების მონაწილეობით შეთანხმდნენ”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან მათ ჰქონდათ “ძალიან ღია და გულწრფელი” საუბარი. მას წარუდგინეს ევროკავშირის პოზიცია, იუსტიციის მინისტრმა კი აცნობა იმ სამუშაოების შესახებ, რასაც “მთავრობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესანარჩუნებლად” აკეთებს.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, განუხილავს თუ არა სააკაშვილის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმდინარე მოლაპარაკებები აქვს და ასევე პერიოდულად ხვდება სალომე ზურაბიშვილსაც, რა დროსაც განიხილავენ ყველა საკითხს:

“ჩვენ ძალიან ღიად განვიხილავთ ყველა საკითხს. საქართველოს ვეპყრობით როგორც ახლო პარტნიორს. ასე რომ, არსებითად მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, რომ მქონდეს წვდომა ძირითად გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და დავრწმუნდე, რომ ყველა შემაშფოთებელ საკითხს განვიხილოთ ღიად”, – უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი