უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რას გამოიწვევს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება

რას ფიქრობენ საქართველოს საკითხებზე მომუშავე უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” მიერ  ინიცირებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე? – ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა 25-ზე მეტი ექსპერტი, ყოფილი თანამდებობის პირი და პოლიტიკის კომენტატორი გამოკითხა.

ზემოხსენებული კანონპროექტის მიხედვით, „შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება” და „უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით [მოქმედი] ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს“. 2023 წლის 14 თებერვალს მოძრაობამ ოფიციალურად დააინიციირა კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მმართველი ქართული ოცნება ამ იდეის წინააღმდეგი არ ყოფილა.  შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტმა ეს კანონი წარმატებით მიიღოს, რაც მეტად მოწყვლადს გახდის სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც სამომავლოდ ნეგატიურად აისახება ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.

წარმოდგენილ სტატიაში პოლიტიკის მეცნიერები და ექსპერტები აფასებენ საკუთარ მოლოდინებში დარწმუნებულობის ხარისხს 1-იდან 3 ქულამდე და სთავაზობენ მკითხველს საკუთარი პასუხის მოკლე განმარტებას.

ჰუბერტუს იანი

რუსეთისა და კავკასიის ისტორიის პროფესორი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
ვეთანხმები (3)

აღნიშნული პოლიტიკა პირველად მიიღეს და გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში და შედეგს ყველა ხედავს. ამან რუსეთში გამოიწვია დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების სრული დემონტაჟი და ავტოკრატიული და კორუმპირებული დიქტატურის აღზევება, რასაც თან ახლავს მრავალი შეუზღუდავი სასჯელი და უდანაშაულო პირების დაპატიმრება. ეს პოლიტიკა დიამეტრულად ეწინააღმდეგება ევროპაში არსებულ იურიდიულ პრაქტიკას და თავისუფლების ტრადიციებს. ეს, ფაქტობრივად, გააჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს (რაც, შესაძლოა, განზრახული იყოს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღმაც). კანონის მიღება გრძელვადიან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარებაზე. ამავდროულად, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ახალგაზრდა და განათლებულ თაობაზე, რომელთაგან ბევრმა, შესაძლოა, ქვეყნიდან წასვლა მიიჩნიოს გამოსავლად (ისევე, როგორც რუსეთში).

სტივენ ჯონსი

დირექტორი, საქართველოს შესწავლის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
ვეთანხმები (3)

ეს არის პროვოკაციული კანონპროექტი და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი ამას არ მიიღებს. ის შექმნილია რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების კანონმდებლობის მიხედვით. ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ანადგურებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლებას, იმოქმედონ მთავრობის წნეხის შიშის გარეშე და გამოხატონ განსხვავებული აზრი. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები და მათი მოქმედების თავისუფლება აუცილებელია საქართველოს დემოკრატიის გამართული ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ წვდომა მათთვის საჭირო ინფორმირებულ ანალიზსა და კომენტარზე. მაგრამ ეს კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცცევა, კიდევ უფრო მეტ ჩრდილს მიაყენებს საქართველოს მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა ნაწილებს. ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება გამოცხადდეს “უცხოურ აგენტად”; ეს არის საშინელი მინიშნება საბჭოთა დროზე, როდესაც „უცხოობა“ სახიფათო იყო. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული ღიაობისკენ და ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზანს.

ჯული ჯორჯი

პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, ქუინს კოლეჯი, CUNY
ვეთანხმები (3)

უცხოური გავლენის შესახებ კანონები, როგორც წესი, არის ინსტრუმენტი იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების იზოლირებისთვის და შევიწროებისთვის, რომელთა ხმები, თუნდაც რთულად მოსასმენი, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტია. დემოკრატიების მართვა რთულია, თუმცა ისინი ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებებია. ქართველები იმსახურებენ დემოკრატიაში ცხოვრებას. ქართული ელიტა არ ისახავს მიზნად განსხვავებული ხმების ჩახშობას, თუმცა იარლიყებით აკეთებს აქცენტს მათზე. ასეთ შემთხვევაშიც კი, თუ სადმე არსებობს უცხოური აგენტის შესახებ კანონები, დროთა განმავლობაში სუსტდება სამოქალაქო საზოგადოება, ქრება მედიის თავისუფლება, რაც ყოველთვის ავტორიტარული რეჟიმების გაჩენით სრულდება. ეს ტრაექტორია საფუძვლიანადაა შესწავლილი და კარგადაა ნაცნობი. შესაბამისად, ეს კანონი არ არის უბრალოდ კანონი – ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ დემოკრატიის მშენებლობის მცდელობები საქართველოში დასრულდა. მთავრობა მარტო ტოვებს საკუთარ ხალხს, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე იმუშავა და ამდენი გადაიტანა, რათა ღია და უსაფრთხო საქართველოს პერსპექტივა შეექმნა.

ლინკოლნ მიტჩელი

კოლუმბიის უნივერსიტეტი

ნაწილობრივ ვეთანხმები (2)

ჩემი პოზიცია არის ის, რომ გათვითცნობიერებული ვარ თემაში საკმაოდ კარგად, თუმცა პასუხში მაინც ნაწილობრივ დარწმუნებული ვარ. ჩემ ხედვას უმთავრესად განსაზღვრავს ის,რომ ამგვარი კანონის მიღება ვერ დაეხმარება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, თუმცა ევროპაში საქართველომ უკვე გადაინაცვლა რიგის უკან, შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღება დიდად გადამწყვეტი არ იქნება.

ჰელგე ბლეკისრუდი

ასოცირებული პროფესორი, ოსლოს უნივერსიტეტი

ვეთანხმები (2)

უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება, ამ სიტუაციაში, იქნება ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში ფუნდამენტურად არასწორი სიგნალის გაგზავნა. ევროკავშირში წევრი სახელმწიფოები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ შესაძლოა გარე ძალებმა გამოიყენონ დემოკრატიის ხარვეზები თავის სასარგებლოდ ყალბი ამბების და სხვადასხვა ოპერაციების მეშვეობით. ამ ფონზე, კანონი უცხოური აგენტების შესახებ, არსებული შეთავაზების მიხედვით, ვერ აღიქმება წინ გადადგმულ ნაბიჯად ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მაიკლ ემერსონი

ასოცირებული უფროსი მკვლევარი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS)

ვეთანხმები (1)

მე ამ კანონის პროექტის ტექსტი არ მინახავს, ამიტომ თავშეკავებული ვიქნები შეფასებებში. მაგრამ, ზოგადად, თანამიმდევრულობისთვის, ანალიტიკური ცენტრი CEPS, სადაც მე ვმუშაობ, უნდა განიხილებოდეს, როგორც უცხოური აგენტი ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს ინიციატივა რუსულ მოდელს მიჰყვება.

შტეფან მაისტერი

DGAP, საერთაშორისო წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში

ვეთანხმები (3)

საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან. მისი მოქმედებები მედიის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის შესუსტება და ახლა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ აღქმულია კრიტიკულად, რადგან საბოლოო ჯამში, ის ძირს უთხრის ევროინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებს. უცხოური გავლენის შესახებ კანონი უფრო ახლოსაა რუსულ პრაქტიკასთან, რომელიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს საერთაშორისო კონტაქტები და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. ყველაფერი ეს დაკავშირებულია საზოგადოების კონტროლთან და იზოლაციასთან. საქართველოს ევროინტეგრაციისთვის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საერთაშორისო კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი აქტივობა დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან, რაც მნიშვნელოვანია ადამიანური პოტენციალის განვითარებისთვის ქვეყანაში, განათლებისთვის, საერთაშორისო გაცვლითი აქტივობებისთვის, ახალგაზრდა მოსახლეობის ისედაც საკმაოდ შეზღუდული რესურსების ქვეყანაში შესანარჩუნებლად. საზღვარგარეთიდან ფინანსდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც საზოგადოებას აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ ხარისხიან ინფორმაციას და კვლევებს პოლარიზაციის გაღვივების ნაცვლად. ბევრი მომსახურება ქართული საზოგადოებისთვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ კი არა, საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება ევროპიდან და ამერიკიდან. თუ ეს ყველაფერი აღარ იქნება შესაძლებელი, სიტუაცია საზოგადოებაში გაუარესდება, უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი დატოვებს ქვეყანას და ასეთი კანონი შეამცირებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებს. საქართველოს ჰქონდა რეფორმატორი ქვეყნის ძლიერი იმიჯი წარსულში. ქვეყანას ისევ საუკეთესო მაჩვენებლები აქვს რეფორმების მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. მაგრამ ეს წარსულის მემკვიდრეობაა. კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ვერ შედგება. საქართველოს დიდი მიღწევები აქვს გასულ ორი ათწლეულის მანძილზე, რაც გამოიხატებოდა მის ღიაობაში უცხოელების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ასეთი კანონის მიღება დააზიანებს მნიშვნელოვან უპირატესობას, რაც საქართველომ მოიპოვა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით და მეტად დააახლოებს მას რუსულ რეპრესიულ პოლიტიკურ კულტურასთან. რუსეთი დასუსტდება და დაკარგავს გავლენას უკრაინასთან ომის გამო. ნებისმიერი დაახლოება რუსეთთან და კომპრომისი, რუსულ ნარატივთან თავსებად ნებისმიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ექნება მხოლოდ უარყოფითი გავლენა პოლიტიკურ კულტურაზე ქვეყანაში, და დაწვავს ხიდებს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მე შემიძლია ვიმსჯელო ბრიუსელში მიმდინარე საუბრებზე დაყრდნობით როგორც ინსტიტუტებში, ისე წევრ სახელმწიფოებში. დიდი ცვლილებაა მოსალოდნელი საქართველოს შესახებ და ეს კანონი და ანტიდასავლური და ანტიევროპული ნარატივები და პოლიტიკა მიმზიდველი ნამდვილად არ არის.

ქრისტოფერ ბერგლუნდი

ასოცირებული პროფესორი, მალმოს უნივერსიტეტი

ვეთანხმები (3)

ქართულმა ოცნებამ ამ დროში კვლავ აჩვენა, რომ მას არ აქვს ინტერესი კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართ. ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე წნეხისა და კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის შემდეგ, ეს კანონპროექტი ქმნის შესაბამის გარემოს სამოქალაქო ორგანიზაციების შევიწროებისთვის. ევროკავშირისთვის არ ექნება აზრი ფინანსური დახმარების გაგრძელებას, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირებულებებს ცხადად უგულებელყოფს.

სონია შიფერსი

დირექტორი, ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისი

ვეთანხმები (3)

საუბრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შეშინებას. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან კრიტიკულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის არასრულფასოვან შესრულებასთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ მთავრობა არ არის მოხარული ამ კრიტიკის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს ეს კრიტიკა საქართველოს ევროპული დემოკრატიული მომავლისთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ნათლად დააფიქსირებენ პოზიციას, რომ უცხოური აგენტის კანონის მიღება მიუღებელი იქნება მისთვის და გამოიწვევს უარყოფით შედეგებს ორმხრივ ურთიერთობებში.

ლისინია სიმაო

საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, კოიმბრას უნივერსიტეტი

ნაწილობრივ ვეთანხმები (2)

ჩემი პასუხი ეფუძნება სხვა მსგავს შემთხვევებთან შედარებით შეფასებას, ვიდრე საქართველოს კონკრეტული შემთხვევის დეტალურ ცოდნას.

ტომას დე ვაალი

უფროსი მკვლევარი, კარნეგი ევროპა

ნაწილობრივ ვეთანხმები (2)

ეს შემოთავაზებული კანონპროექტი წააგავს რუსულ „უცხოური აგენტების კანონს“ და იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებენ, ეს ცალსახად ძალიან დააზიანებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. თუმცა მნიშვნელოვანია გავიაზროთ კანონის რეალურობა. ამ ინიციატივის მიღება ნაკლებადაა მოსალოდნელი და შეიძლება აღვიქვათ უფრო როგორც გამიზნული პროვოკაცია. ეს არის პოლიტიკოსთა გუნდის იდეა, რომელსაც არ აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ინტერესი და უნდა საკუთარი დღის წესრიგის წინ წამოწევა, სახელის გათქმა დასავლელ პოლიტიკოსებთან საჯარო დაპირისპირების გზით. კოორდინირებული პასუხის გაცემის მიზნით საჭიროა სიფრთხილე, საყოველთაო სკეპტიციზმი [კანონის მიმართ] და შეკავების სტრატეგია, რამაც არ უნდა მისცეს „სახალხოობის ჟანგბადი“ ამგვარ პროვოკატორებს.

ტრეისი ჯერმანი

პროფესორი, ლონდონის სამეფო კოლეჯი

ნაწილობრივ ვეთანხმები (2)

ფინანსური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეშფოთება ამ კანონპროექტის შესახებ ჩნდება იმის გამო, თუ როგორ იყენებს რუსეთი საკუთარ კანონმდებლობას „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რათა შეზღუდოს და აკრძალოს ორგანიზაციების და ინდივიდების ფართო სპექტრის აქტივობა. ეს კი ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ასოცირდება ლიბერალური დემოკრატიის გამართულ ფუნქციონირებასთან.

ფერნანდო კასალ ბერტოა

ასოცირებულ პროფესორი, ნოტინგემის უნივერსიტეტი

ვეთანხმები (3)

კანონპროექტი ანტისაზოგადოებრივია.

ბაკურ კვაშილავა

პროფესორი, დეკანი, ჯიპა

ვეთანხმები (3)

ეს არის პირდაპირი კალკი რუსეთში წლების წინ მიღებული კანონმდებლობისა, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ისედაც შერყეული დემოკრატიული ინსტიტუციების საბოლოო გაცამტვერებაში.

ვანო ჩხიკვაძე

ღია საზოგადოების ფონდი

ვეთანხმები (3)

გადაწყვეტილება დიდწილად შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია #10-ს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას გულისხმობს. საგულისხმოა, ასევე, ამავე თემაზე ვენეციის კომისიის შეფასება

გია ნოდია

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

ვეთანხმები (3)

ეს კანონი არსებითად იმეორებს რუსეთის და მისი სატელიტების თუ მიმბაძველების მსგავს კანონმდებლობას, რომლის მიზანია, აღმოფხვრას დასავლურ ქვეყნებთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობა მათ ქვეყნებში. ასეთი ნაბიჯი, ერთი მხრივ, უპირისპირდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს, მეორე მხრივ კი, გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების მიმართ.

დავით აფრასიძე

პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვეთანხმები (3)

ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის ისედაც მყიფე სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, რადგან გაართულებს მის დაფინანსებას და შეზღუდავს მის სამოქმედო არეალს. ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისთვის, ასევე, შექმნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაკონტროლებისთვის. ამდენად, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ბარიერებზე და ანგარიშგების ფორმებზე, რასაც კანონი გაითვალისწინებს. ზოგადად, ახალ ბარიერს, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა ექნება.

გიორგი ისაკაძე

რედაქტორი, BMG/Forbes Georgia

ვეთანხმები (2)

ვერ ვხედავ საქართველოში მყარ ინსტიტუციებს, რომლებსაც ძალუძთ ჭეშმარიტად “გავლენის აგენტების” გამოვლენა საქართველოში, რაც მეტად სპეცსამსახურების და სამართალდამცავების თემაა, ვიდრე პოლიტიკური კონოტაციის სამიზნე, რაც შემდგომ “წარმატებით” გამოყენებული იქნება რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირებისთვის. პროექტის შინაარსი და სათაური წარმოშობს ანალოგებს და ასოციაციას რუსეთის კანონმდებლობასთან, როდესაც “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად” ასეულობით პირი დასახელდა, იქნება შეტანილი რეესტრში, რომლებიც, ცხადია, ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირები არიან.

თინათინ ახვლედიანი

მკვლევარი, ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS)

ვეთანხმები (3)

ეს კანონი სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის მთავრობას, რომ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში ჩაერიოს. ხელისუფლებამ კანონიერი უფლებამოსილება, შესაძლოა, მიზანმიმართულად ბოროტად გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იმ ნაწილზე, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს და მათ თავს დაესხას. ბოლო წლებია საქართველოში ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას, კორუფციას, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და უარესდება მედიის თავისუფლება. ამ ფონზე კი, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს უფრო მეტად მიტაცებას. საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი როლის გათვალისწინებით, კანონი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და, შესაბამისად, საქართველოს ევროპულ მომავალს.

ნატა საბანაძე

მოწვეული პროფესორი, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში.

ნაწილობრივ ვეთანხმები (3)

პირველ რიგში, ეს იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისგან გადახვევა. უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე, რომლისგან გადახვევა უკვე დაწყებულია. ეს კანონი კიდევ ერთი, განსაკუთრებით დამაზიანებელი ნაბიჯი იქნება. ფინანსური სანქცია მოჰყვება თუ არა, რთული სათქმელია სრული დამაჯერებლობით. ალბათობა დიდია.

შალვა ძებისაშვილი

პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი

ვეთანხმები (3)

ნებისმიერი კანონპროექტის შინაარსი და მოსალოდნელი ეფექტი განისაზღვრება არა მხოლოდ მასში არსებული ფორმულირებებით, არამედ პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური გამოცდილებით და ნორმატიული აქტების გამოყენების ან არგამოყენების ტრადიციით. შესაბამისად, სამივე კომპონენტის მიხედვით იქმნება აბსოლუტურად დასაბუთებული დიდი რისკი, რომ კანონში არსებული ფორმულირებები ძირითადად ასახავს ავტორიტარული რეჟიმების ტიპურ მცდელობებს გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების შეზღუდვის, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი (და არასამთავრობო) ორგანიზაციების მოქმედებების შეზღუდვის და პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნის ან მათზე ზეწოლის განხორციელების.

თამარ ხულორდავა

ეგერია სოლუშენს, დამფუძნებელი პარტნიორი

ვეთანხმები (3)

არათუ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღება, არამედ მისი სერიოზული განხილვაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ისედაც შერყეულ საერთაშორისო რეპუტაციას. კანონის საბოლოოდ არმიღების შემთხვევაშიც კი, მისი განხილვით უდიდესი ზიანი მიადგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს ქვეყნის სხვადასხვა სექტორის მზაობას ევროპული სტანდარტების და კანონმდებლობის დანერგვისთვის, მაგრამ ევროპული ინტეგრაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური პროცესია. ქვეყანას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს და აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობის სერიოზულ კანდიდატად.

ირაკლი ქობალია

ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი, პოლიტიკის სკოლის დეკანი

ვეთანხმები (3)

რუსული ტიპის კანონი უცხოური აგენტების შესახებ იქნებოდა პირდაპირი ჩარევა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვა. პარალელები რუსეთთან იქნებოდა მკაფიო და თვალშისაცემი. ასეთ ვითარებაში, დემოკრატიის დღის წესრიგი ევროკავშირთან იზარალებს, მათ შორის დაფინანსების ნაწილში.

კახა გოგოლაშვილი

უფროსი მკვლევარი, რონდელის ფონდი

ვეთანხმები (3)

საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ასოცირების შესახებ (2014) პრეამბულაში ადგენს შემდეგს: “…სურთ რა, წვლილი შეიტანონ საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში, საერთო ინტერესთა სფეროების ფართო სპექტრში მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გზით, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა…და აღნიშნავენ რა ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოში შესაბამისი რეფორმების განხორციელებას…” ანუ ამ ჩანაწერით საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თანხმდება, რომ ევროკავშირთან ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს (როგორც ეს ყველა სხვა სახის თანამშრომლობის შემთხვევაში ხდება) ევროკავშირის დაფინანსების დაშვებას აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებში. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით ნებისმიერი იურისტი “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავს, როგორც ასოცირების შეთანხმების სულისკვეთების და თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაზიანების მცდელობას.

პაატა გაფრინდაშვილი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, დირექტორი

ვეთანხმები (3)

არათუ კანონის მიღება, არამედ მისი კანონპროექტის სახით ინიციირებაც კი უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენი პარტნიორების თვალში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ერთგულებაზე, ვინაიდან ამგვარი კანონის დღეს მიღება ავტოკრატიული/დიქტატორული რეჟიმების პრაქტიკაა.

მიხეილ სარჯველაძე

უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის გერმანული ინსტიტუტი/იენის უნივერსიტეტი *პოსტდოკი

ვეთანხმები (3)

პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონის მიღება ევროინტეგრაციული პროცესისგან გადახვევა მარტივი მიზეზის გამო იქნება: დაუშვებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფომ საკუთარი ძალაუფლების მონოპოლიზაცია მოახდინოს სამოქალაქო სექტორზე, რადგან აღნიშნული ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ძირითად პრინციპებთან. თუ სახელმწიფო დგამს მსგავს ნაბიჯს, ეს მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის დარღვევის სისტემურობაზე მიუთითებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადახრის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. იმ ფონზე, როცა საქართველოს უჭირს ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 რეკომენდაციის შესრულება, უცხოელი გავლენის აგენტის შესახებ კანონი კიდევ უფრო გაზრდის მზარდ დისტანციას ევროკავშირთან. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მაგალითს, რუსეთში მსგავსი კანონის საფუძველზე არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდა, არამედ ცალკეული პირების თუ აქტივისტების, რომლებიც შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სამთავრობო აქტორებისთვის მარტივ სამიზნედ გადაიქცნენ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ როცა სამთავრობო სექტორისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების კონფისკაციის თუ აღნიშნული დახმარების სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე არსებობს, კანონის მიღება ფინანსურ დახმარების მიღების პროცესზე (საქართველოში არსებული ორგანიზაციებისთვის) ნეგატიურად აისახება. გარდა ამისა, კანონის მიღება აიძულებს სამოქალაქო სექტორს, დატოვოს ქვეყანა, ისე როგორც ეს რუსეთში ორგანიზაცია „მემორიალის“ შემთხვევაში მოხდა.

თამარ სულუხია

ვეთანხმები (3)

თორნიკე გორდაძე

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი

ვეთანხმები (3)

შესაძლებელია, რომ ამ კანონპროექტზე საუბარი მმართველი ძალის ერთგვარი ტაქტიკაა და ამით ის ცდილობდეს დასავლეთიდან (ევროკავშირიდან და აშშ-დან) გახშირებული კრიტიკაზე ამგვარ რეაგირებას. მმართველი პარტია (“ხალხის ძალა” მის ნაწილად და ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ) ამით აჩვენებს მის მზაობას, რომ დასავლეთიდან მომავალ წნეხზე მას შეუძლია ამგვარი რეაგირება: ღიად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომლის გეოპოლიტიკური გაგრძელება იქნება საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა. საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში მის არაფორმალურ მმართველს შესაძლოა ამით სურდეთ დასავლეთს აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ ევროპის და აშშ-ის წინააღმდეგ უფრო აქტიურად იმოქმედონ. კანონს მიიღებენ თუ არა, დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე. თავისთავად, ასეთი ტაქტიკა, თუნდაც საქმე კანონპროექტის დამტკიცების მდე არ მივიდეს, აჩვენებს შემდეგს:

1. საქართველოს მთავრობისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ძალაუფლებაში დარჩენა. ის ადვილად შეელევა ბოლო ათწლეულების პოლიტიკას;

2. საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკურად დასავლეთი არის სუსტი და მას შეუძლია შანტაჟის ენით ესაუბროს. ის ხშირად იმეორებს, რომ ევროპას უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა;

3. საქართველოს მთავრობა საკმაოდ შორს დგას ღირებულებების კუთხით ევროკავშირისა და აშშ-სგან. მისთვის ბევრად უფრო ახლოა რუსული, ან უფრო მსუბუქი უნგრული და თურქული მოდელები.

ქეთევან ბოლქვაძე

უფროსი ლექტორი, ლუნდის უნივერსიტეტი

ვეთანხმები (3)

როგორც ჩანს, ეს კანონი წარმოადგენს რუსეთის კანონის ასლს უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2012 წელს და ფართოდ გამოიყენებოდა განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის ჩასახშობად. არასამთავრობო/დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართ, ქართული ოცნების უარყოფით დამოკიდებულების გათვალისწინებით, არსებობს საშიშროება, რომ კანონი გამოყენებული იქნეს ნებისმიერი განსხვავებული ხმის შეზღუდვისა და დელეგიტიმაციისთვის. ეს კი, უდავოდ, კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირსა და მის დასავლელ პარტნიორებს.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს. კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ექსპერტთა შეფასება: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე?