რას ამბობს იუნესკო გელათზე – დასკვნა

კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საჭიროებს შიდა და გარე საკონსერვაციო სამუშაოებს.

იუნესკოს განმარტებით, დაუყოვნებლივი საჭიროებები განპირობებულია 2015-2018 წლებში დამონტაჟებულ სახურავებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრასთან, რამაც გამოიწვია ტენიანობის შეღწევა და ისტორიული ფრესკების დაზიანება მთავარი ტაძრის შიგნით.

იუნესკოს დასკვნით, გადაუდებელი ჩარევები უნდა განხორციელდეს ჰოლისტიკური [ყველა ელემენტის გათვალისწინებით] კონსერვაციის პროგრამის შემუშავების პარალელურად, რაც გულისხმობს კონსერვაციის არსებული გენერალური გეგმის განახლებას.

იუნესკო ამბობს, რომ სასურველია უფრო მჭიდრო დიალოგი ძეგლის კონსერვაციაში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის და  რეკომენდაციას იძლევა, რომ  უცხოელ ექსპერტებთან ერთად მეტი ქართველი რესტავრატორი ჩაერთოს პროცესში.

ამასთან, იუნესკო აღნიშნავს, რომ მთავარი ტაძრის ფრესკებზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შეფასებას ხელს უშლის მათ მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა.

მიუხედავად ამისა, იუნესკოს თქმით,  შეშფოთება შეიძლება გამოითქვას დასავლეთ ფრთის ზედა ნაწილში კედლის მხატვრობაზე ზოგიერთი მასალის გამოყენებასათან დაკავშირებით.

იუნესკო რეკომენდაციას იძლევა, რომ მუდმივად წარმოებდეს საფუძვლიანი და დეტალური დოკუმენტაცია (როგორც კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, ასევე ყველა განხორციელებული დამუშავების ჩასაწერად).

მათი თქმით, ეს ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს  გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოების გამოყენებისა და ფრესკული ნახატების მუდმივი მონიტორინგისთვის.

გარდა ამისა, იუნესკო რეკომენდაციას გასცმეს, რომ წმინდა გიორგის ტაძარში წყლის გარედან შეღწევის თავიდან ასაცილებლად  დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ზომები.

ამასთან, იუნესკო რეკომენდაციას იძლევა, რომ ტაძრის ყველა ნაწილში უსაფრთხო ხარაჩოები დაიდგას.

რაც შეეხება ტაძრის გადახურვას, იუნესკოს დასკვნაში ნათქვამია, რომ ახალი სახურავის საბოლოო დიზაინში მიზანშეწონილია სპილენძის გამოყენების განხილვა, ისე, როგორც ეს გელათის მონასტრის აკადემიის შენობის შესასვლელშია გაკეთებული.

ამასთან, იუნესკო აღნიშნავს, რომ ახალი მუდმივი სახურავის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ზამთრის მკაცრი კლიმატი და გარემო პირობები.

რას ამბობს კულტურის სამინისტრო

როგორც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა,  ეს არის ერთობლივი დასკვნა და შედგენილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე.

ინსპექტირების ჯგუფი სამინისტროს მიერ 2022 წლის ივლისში გაგზავნილი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო ექსპერტთა ჯგუფი – 2022 წლის ნოემბრის ბოლოს (28 ნოემბერი-2 დეკემბერი).

კულტურის  მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით,  დასკვნა საბოლოო არ არის, ვინაიდან იუნესკოს პროცედურული წესების თანახმად, შეიძლება ზოგიერთი მონაკვეთი ან ფაქტობრივი გარემოება დაზუსტდეს.

როგორც წულუკიანი აცხადებს, იუნესკოს დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები იქნება სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.

„დღეს გელათის პრობლემები უკავშირდება სახურავს, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა. იუნესკოს დასკვნაში ასევე დადასტურებულია, რომ ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით. მინისტრმა შეახსენა ოპონენტებს, რომ მისი მოადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ მუშაობდნენ მოცემულ პერიოდში კულტურის სამინისტროში და რომ თავად კულტურის მინისტრად დაინიშნა მხოლოდ 2021 წლის 19 მარტს.

მანამდე პროცესებს ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად და სამართლებრივად ჰქონდა დელეგირებული ძეგლებზე ზრუნვის ყველა უფლებამოსილება“,  – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, სამინისტრო ამბობს, რომ  იუნესკო სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებულიყო სამუშაოები, რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა. წულუკიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ იუნესკოს დასკვნაში საუბარია გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმის არარსებობაზე.

მისი თქმით, გეგმა არ არსებობს, რადგან ის 2017 წელს არ დამტკიცდა.

„როცა კულტურის სამინისტრო 2021 წლიდან შეუდგა პრობლემების აღმოფხვრას, 2017 წლამდე შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი აღმოჩნდა მოძველებული, ახლის შემუშავებას კი სჭირდება პრობლემების სრულყოფილი ანალიზი და საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი გეგმა. ძეგლზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, იუნესკოს მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუნესკოსთვის გასაგებია, პირველ ეტაპზე რატომ მიენიჭა უპირატესობა ფიზიკური ჩარევების განხორციელებას და არა ძეგლის მართვის გეგმის განახლებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, წულუკიანის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პირდაპირი ვალდებულება იყო, რომ 2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია არსებულიყო.

„იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წელს მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნის ფაქტს, რომლის ზოგიერთმა წევრმა იუნესკოს ადგილზე ვიზიტისას განუცხადა, რომ სამინისტროსთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია”.

„მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა ჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ ეს დავტოვოთ წარსულში და წინ წამოვწიოთ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“, – განაცხადა წულუკიანმა.

სამინისტროს განცხადებით, მოცემულ ჯგუფში, როგორც ადრე, წამყვანი იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს როლი და „სახელმწიფოს წარმომადგენლობა კვლავ იქნება მრავალფეროვანი, როგორც 2021 წელს“.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოდან მაქსიმალურ ჩართულობას ისურვებდა. მისი თქმით, სამინისტრო აუცილებლად მიიწვევს სასულიერო პირებს.

„გარდა ამისა, ჯგუფში მოწვეულნი იქნებიან მოწვეული პროფესიონალები და შესაბამისი კომპეტენციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები“, –  განაცხადა წულუკიანმა.

რას ამბობს ჩუბინაშვილის ცენტრი

კულტურის სამინისტროს მიერ იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნებას ეხმიანება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.

ჩუბინაშვილის ცენტრი აცხადებს, რომ ინგლისურენოვან ანგარიშს თან ერთვის კულტურის სამინისტროს ოფიციალური განცხადების ტექსტი, რომელშიც არსებითად არასწორად არის ინტერპრეტირებული ანგარიში.

ჩუბინაშვილის ცენტრი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას გააცნობენ ანგარიშის უფრო დეტალურ მიმოხილვას.

„ამჟამად მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა პროექტის მართვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, პრობლემის სტრატეგიული ხედვა, დროებითი სახურავის მოწყობა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგია, არსებითად ემთხვევა გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ 2023 წლის 27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსს, ისევე როგორც საქართველოს იკომოსის, სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეულ ექსპერტთა (ოსტინ ნევინი, ლორინდა ვონგი, ფრანჩესკა პიკე და სარა სტენიფორთი) დასკვნებს“, – აცხადებს ჩუბინაშვილის ცენტრი.

ჩუბინაშვილის ცენტრი ხაზგასმით აღვიშნავს, რომ გელათის პრობლემებზე და, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერ საკითხზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და რეკომენდაციები ემსახურება ძეგლთა დაცვის სფეროში საქმიანი დისკუსიებისა და ფართო საექსპერტო განხილვების პრაქტიკის დამკვიდრებას, რის გარეშეც ეს სფერო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ვერ გაუტოლდება.

„თუმცა აქვე დავძენთ, რომ დისკუსიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული და შედეგის მომტანი, როდესაც ისინი ჯანსაღ კალაპოტში მოექცევა, მეცნიერთა მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებისგან დაიცლება და, რაც მთავარია, ბოლო პერიოდის მეთოდოლოგიური და მართვის ხარვეზების აღიარებას დაემყარება“, – აცხადებს ჩუბინაშვილის ცენტრი.

„გავეცანი იუნესკოს დასკვნას და შემრცხვა“

იუნესკოს დასკვნას ეხმიანება პარტია „ლელოს“ წევრი დეა მეტრეველი. მისი თქმით,  გელათში სიტუაცია სავალალოა.

მეტრეველის თქმით, იუნესკოს დასკვნამაც ამხილა ის უმძიმესი და უმართავი პროცესები, რაც გელათის გარშემო ბოლო 3 – 4 წელი ვითარდება. მისი თქმით, ეს დასკვნაც ზედმიწევნით იმეორებს და თანხვედრაშია აქამდე გამოთქმულ ყველა რეკომენდაციასთან და ანგარიშთან.

„გავეცანი და შემრცხვა, თუ როგორი გულგრილობით მიმდინარობდა გელათის”გადარჩენის” სამუშაოები. მოცულობითი დოკუმენტიდან გიზიარებთ რამდენიმე წარმოდგენილ მოსაზრებას, რაც ძირითად სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს:


მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია.

ახლად გადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძრში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დაასველა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართა.

ამ სტატიაში შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვას – რა დაემართა გელათს და ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები