საზოგადოება

ბადრი ესებუა დააკავეს – მთავარი არხი

8 თებერვალი, 2023 • 2796
ბადრი ესებუა დააკავეს – მთავარი არხი

ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ,სავარაუდოდ, ბადრი ესებუა დააკავა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი კადრებიც გაავრცელა. ვიდეომასალაში   ჩანს დაკავებული თავდამსხმელი, თუმცა შსს-ს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ინფორმაციას ჯერ აზუსტებენ.

მთავარი არხის ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში დააკავეს. სწორედ ზუგდიდში,  ბანკის შენობაში შეიჭრა 2020 წელს და 43 მძევალი აიყვანა.

“საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა, 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

ამის შემდეგ ბადრი ესებუა იძებნებოდა.

[ინფორმაცია განახლდება]

არქივიდან: მძევლები გათავისუფლდნენ – რა ვიცით ამ დროისთვის გამტაცებელზე


მთავარი ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი