რატომ არ სურს ზოგ ტრავმატოლოგს ოპერაციების გაკეთება სახელმწიფო დაფინანსებით

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ ორთოპედ-ტრავმატოლოგების ნაწილი შიშობს, რომ პაციენტებისთვის შედარებით დაბალი ღირებულის იმპლანტის გამოყენება მოუწევთ. დაფინანსების ახალი სისტემა მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს. ამ მიზეზით ზოგმა ექიმმა საერთოდ შეაჩერა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოპერაციების გაკეთება.

2022 წლის პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) მოდელი ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ თუ აქამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით ხდებოდა, ამიერიდან დიაგნოზების მიხედვით მოხდება. ტარიფს კლინიკის ნაცვლად სახელმწიფო დაადგენს.

მოდელის ამოქმედებიდან მალევე, ცვლილებებს ექიმების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სამედიცინო სფეროს მუშაკები პრობლემებს განსაკუთრებით ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სფეროში გამოკვეთენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფები იმდენად დაბალია, რიგ შემთხვევაში ამგვარი ჩარევებისას გამოყენებული იმპლანტების თვითღირებულებას ბევრჯერ ჩამოუვარდება. 

აღნიშნულის გამო ორთოპედების ნაწილი აცხადებს, რომ პაციენტებს საჭირო მანიპულაციებს ვერ უტარებენ, რამდენიმე მათგანი კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლასაც აანონსებს.

პირველი, ვინც ამ პრობლემაზე საჯაროდ ისაუბრა, ორთოპედი ლევან ჩიკვატია იყო. მისი თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ტარიფში ჩაეტიონ, ქირურგ-ორთოპედებს იაფფასიანი იმპლანტების გამოყენება მოუწევთ, რომლის ხარისხიც დაბალია და შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები. 

ჩიკვატია აღნიშნავდა, რომ არ სურს დაბალი ხარისხის ოპერაციების ჩატარება და ამის გამო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან თანამშრომლობის შეწყვეტას განიხილავს:

„ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ქირურგი-ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ, „იმპლანტ დამოკიდებული“ პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტების გასამაგრებლად. ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების, რაც საკმაოდ ძვირია მთელ მსოფლიოში. 

იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი ძირითადად გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში. დი არ ჯის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეესტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე! ოთხთვიანი ლოდინის, საუბრებისა და პეტიციების მიუხედავად, არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი — ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს! 

ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებაში, ანუ მე მაქვს უფლება, ჩაგიყენოთ „ნაგავი“ 80-120 ლარად! და მორჩა. 

შესაბამისად, მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ, შევწყვიტო (იმედია, დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,— ამბობდა ლევან ჩიკვატია.

როგორ აფინანსებდა სახელმწიფო ორთოპედიულ მანიპულაციებს DRG მოდელის ამოქმედებამდე და მას შემდეგ

ბავშვთა ქირურგი-ორთოპედი მიხეილ ჯანჯღავა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ DRG სისტემის ამოქმედებამდე, გეგმურ ოპერაციებს სახელმწიფო აფინანსებდა მდგომარეობის სირთულის მიხედვით.

ექიმის განმარტებით, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება სრულად ფარავდა მანიპულაციის ხარჯებს, ზოგ შემთხვევაში კი თანადაფინანსებაში პაციენტები შედიოდნენ და დარჩენილ თანხას თავად ამატებდნენ. DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გეგმურ ოპერაციებზე თანადაფინანსების მოდელი გაუქმდა, გარკვეულ დიაგნოზებზე კი ტარიფი შემცირდა:

„იყო შემთხვევები, როცა სპეციალური, განსხვავებული იმპლანტი სჭირდებოდა პაციენტს, რომელსაც ოჯახი თავად ყიდულობდა. თუკი ეს იქნებოდა მაღალი ხარისხის იმპლანტი, მას პაციენტი ყიდულობდა, თუკი გამოიყენებოდა ის იმპლანტი, რაც გვქონდა კლინიკაში გათვლილი, სრულად იფარებოდა საყოველთაოთი“, — ამბობს ექიმი.

ბავშვთა ორთოპედი განმარტავს, რომ სფერო სპეციფიკურია და ზრდასრული პაციენტის მკურნალობისგან კარდინალურად განსხვავდება. მაგალითად, მიხეილ ჯანჯღავას თქმით, თუ ზრდასრული პაციენტის მკურნალობისას ერთი ენდოპროტეზის ჩაყენება ერთი სახსრის გამოცვლას გულისხმობს, ბავშვებში სახსრის შეცვლის ოპერაციები ვერ /არ ტარდება, პირიქით, საკუთარი სახსრის აღდგენას, რეკონსტრუქციას ვახორციელებთ, რის გამოც ერთდოულად 2, 3 ან 4 ჩარევას ვაკეთებთ, და ზოგჯერ შესაძლოა ერთდოულად რამდენიმე სახსარზე და სეგმენტზე მოგიწიოს ჩარევა ბავშვთა სპეციფიკიდან გამომდინარე.

ექიმის თქმით, გარკვეული დეფორმაციების გამოსასწორებლად შესაძლოა, 4 პატარა ოპერაციის ჩატარებაც გახდეს საჭირო, რაც DRG მოდელის ამოქმედებამდე ცალ-ცალკე ოპერაციებად მიიჩნეოდა და კალკულაციაში ოთხივე იმპლანტი შედიოდა:

„ახლა, ასეთი შემთხვევისას, DRG გულისხმობს ერთ ოპერაციულ ჩარევას და ამ 4-დან შეიძლება მხოლოდ ერთი იმპლანტი დააფინანსოს. დანარჩენი თუ დასჭირდა, ის უფასოდ უნდა გავუკეთოთ. გარდა ამისა, ოპერაციის ღირებულებები შემცირდა. 6 ათასი ლარი თუ ღირდა პროცედურა, ჩამოყვანილია 3200 ლარზე“, — ამბობს ორთოპედი.

მიხეილ ჯანჯღავა – ბავშვთა ორთოპედი ფოტო: პირადი Facebook გვერდიდან

შესაბამისად, ექიმის თქმით, სამედიცინო მანიპულაციებისთვის საჭირო იმპლანტები, პრაქტიკულად, ოპერაციის ღირებულებაში აღარ შედის.

მიხეილ ჯანჯღავას განმარტებით, მაგალითისთვის, ბრტყელი ტერფის მკურნალობისთვის ამერიკული წარმოების იმპლანტს იყენებდნენ, რომლის თვითღირებულება დაახლოებით 3400 ლარია, სახელმწიფოს მიერ ოპერაცია კი 2800 ლარადაა შეფასებული.

ამის გამო, ექიმის თქმით, პაციენტი იძულებულია ერთჯერადად ჩაეხსნას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას და თავად გადაიხადოს როგორც იმპლანტის, ასევე ოპერაციის სრული ღირებულება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და რამდენიმე ასეთი გეგმური ოპერაციის გადადებაც მოუწიათ იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მხრიდან რაიმე შეიცვლება:

„გუშინ მქონდე შემთხვევა, ბავშვი მოიყვანეს ძვლის ანევრიზმული კისტით. ეს ნიშნავს, რომ ძვლოვან სტრუქტურაში არის დიდი ზომის პათოლოგიური კერა, ძვლოვანი სტრუქტურა განლეულია, ძვლის კიდეები მკვეთრად გათხელებულია, ძვალი გაბერილი და დეფორმირებულია. ამის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი არის სკლეროთერაპია. უნდა გამოვრეცხოთ სპეციალური ხსნარებით ორჯერ, ანესთეზიის ქვეშ, კლინიკაში.

ამ ოპერაციის ღირებულება სახელმწიფომ შეაფასა 239 ლარად. ამ კვირაში ამ ფასად მიწევს ოპერაციის გაკეთება, სადაც შედის წინასაოპერაციო ანალიზები, მომზადება, ანესთეზია, ორთოპედის ხელფასი, ასისტენტის, ანესთეზიოლოგის, ექთნის ხელფასი, წამლების ღირებულება და არაპირდაპირი ხარჯი, რაც კლინიკას აქვს“, — ამბობს ექიმი.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც მიხეილ ჯანჯღავა ბავშვთა ორთოპედიის მიმართულებით გამოყოფს, არის ის, რომ დიაგნოზების უმეტესობა თანდაყოლილია, რის გამოც კერძო სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა ამგვარი ანომალიებისა და დეფორმაციების ანაზღაურებაზე უარს აცხადებს:

„თუკი სადმე გაჟღერდება, რომ თანდაყოლილი პრობლემაა, ამას არავინ ანაზღაურებს. დაახლოებით 15 სადაზღვევო არსებობს საქართველოში და არცერთი ამას არ ანაზღაურებს. ამიტომ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ეს ყველაფერი გააკეთოს და თავად აუნაზღაუროს ამ ბავშვებს ეს ოპერაციული მკურნალობები“, — ამბობს ბავშვთა ორთოპედი.

მისი თქმით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, სტატისტიკურად, საქართველოში დისპლაზიის შემთხვევები ბევრია და ამ დიაგნოზით კვირაში ოპერაციის გაკეთება მაინც უწევთ, თუ გერმანიის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თვეში ერთეული შემთხვევა:

„მენჯ-ბარძაყის ღია ჩაყენებაზე ჩვენ რამდენ ოპერაციასაც ვაკეთებთ, ამოვარდნილობის გამო, ამდენი გერმანიაში პრაქტიკულად არ არის. მათ შეიძლება წელიწადში რამდენიმე გააკეთონ, როცა ჩვენ კვირაში რამდენიმეს ვატარებთ. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, რა თქმაუნდა, გენეტიკური ფაქტორი და დროული სკრინინგის პრობლემა.

რთული ფორმის დისპლაზიის დროს ბარძაყის ძვალი არის სახსრიდან ამოვარდნილი, ასე იბადებიან ბავშვები. ზოგს დეფორმაცია აქვს, ზოგთან ბარძაყის თავი დაზიანებულია, ზოგთან მენჯის სასხსრე ზედაპირი არ ვარგა და ოპერაციული მეთოდით ფორმირება სჭირდება.

ზოგ ბავშვს ტერფი აქვს დეფორმირებული , ზოგს მუხლი აქვს ანომალიური, ზოგს ნახევარი წვივის ძვალი არ აქვს, ბარძაყის ძვალი აქვს ძალიან მოკლე… ბევრი მსგავსი პაციენტი გვყავს და მათი მკურნალობა საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა, ზუსტად ამ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა, მათ მომავალის შექმნას, შეზღუდული შესაძლებლობების დაძლევას სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა, თანამეროვე და მაღალტექნოლოგიური საშუალებები, რაც, სამწუხაროდ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული “, — ამბობს ექიმი.

DRG-სისტემის შედეგად განსაზღვრული ტარიფების სიმცირის გამო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას უკვე გამოეთიშა კლინიკა „მედიქლაბი“. როგორც ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, შეთავაზებული ფასებით, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ხარისხიანი ოპერაციის გაკეთება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექიმი საკუთარ ხელფასზე უარს იტყოდა:

„ფინანსურად იმ თანხაში ვერ ეტეოდი. ამიტომ ჩვენ თავი შევიკავეთ, თუმცა, როგორც ამბობენ, მწვავე შემთხვევებზე ზოგიერთ ნოზოლოგიაზე ანაზღაურების თანხამ მოიმატა, თუმცა, პაციენტების თანადაფინანსების ხარჯზე, მაგრამ იმპლანტები როგორ ჩაჯდება, იმ ექიმებმაც არ იციან, ვინც ამაზე მუშაობენ“, — ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

დაბალფასიანი იმპლანტები და თანმხლები რისკები

ვაჟა გაფრინდაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ იმპლანტების ფასების მიმართულებით დიდი გაბნევაა და თუ თურქული წარმოების იმპლანტი, მაგალითად, 100 ლარი ღირს, იგივე ევროპული ან ამერიკული წარმოების იმპლანტის ფასი 10-ჯერ მეტიც შეიძლება იყოს. 

ქირურგი-ორთოპედები აღნიშნავენ, რომ შედარებით დაბალფასიანია ამერიკული და ევროპული წარმოების იმპლანტების თურქული, ინდური და ჩინური ანალოგები, თუმცა, ფასის მსგავსად, განსხვავება ხარისხშიც დიდია:

„ელემენტარულად გეტყვით, სახლში ელექტროტექნიკას რომ ყიდულობთ, „სამსუნგს“ ყიდულობთ და არა „სამსინგს“. შეიძლება იმასაც აქვს სერტიფიკატები, მაგრამ საკუთარი ოჯახისთვის ვცდილობთ ავარჩიოთ ხარისხიანი, ვამოწმებთ ფირმას, როგორი ისტორია აქვს, როგორი გაყიდვები, როგორი გამოძახილი და იმის მიხედვით ვარჩევთ და არა ფასის. ჯერ ვაფასებთ ხარისხს და შემდეგ ხარისხიანებში ვეძებთ შედარებით დაბალი ფასისას“, — განმარტავს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილი – ტრავმატოლოგი-ორთოპედი

ბავშვთა ორთოპედი მიხეილ ჯანჯღავა კი აღნიშნავს, რომ უხარისხო იმპლანტმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დაინფიცირება, დაზიანდეს თავად იმპლანტი ან გატყდეს, გამოიწვიოს შეუხორცებლობა და ადგილობრივად გარკვეული ქსოვილის გადაგვარება.

ექიმის თქმით, თუ იმპლანტი ამოღებისას გატყდა, დარჩენილი ნაწილის მოსახსნელად შესაძლოა ძვლის რეზექცია (ამოჭრა) გახდეს საჭირო:

„თუკი ძვალი დაგიინფიცირდა და, სამწუხაროდ, ამის შემთხვევები არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ოსტეომიელიტი იწყება, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს მთელი ცხოვრება ექნება და შესაძლოა შეზღუდული შესაძლებლობები დარჩეს“, — ამბობს ჯანჯღავა.

ჯანჯღავა აღნიშნავს, რომ პედიატრიული ასაკის პაციენტებში აუცილებელია ხარისხიანი იმპლანტების გამოყენება. ამ დრომდე შეძლებისდაგვარად ამერიკულ თუ ევროპულ, მათ შორის “ორთოპედიატრიქსის” იმპლანტებს იყენებდნენ. თუმცა არსებობს მათი თურქული, ჩინური და ინდური დუბლიკატები, რომლებიც ორიგინალისგან ვიზუალურად დიდად არ განსხვავდება, მაგრამ ხარისხით ჩამოუვარდება:

„იმ ამერიკულს აქვს გარანტია იმისა, რომ არის მაღალი ხარისხის. ჩინურები და ინდურები შეიძლება ხელითაც გაღუნო და როცა ძვალს აფიქსირებ ფირფიტით, რომელიც შეიძლება ხელით გაღუნო — ეს დაუშვებელია.

რაც შეეხება ფასებს, ამერიკულსა და მის დუბლიკატებს შორის, შესაძლოა, ერთი 0- თაც კი განსხვავდებოდეს, შეიძლება ორითაც. თუ მაღალი ხარისხის იმპლანტი გვჭირდება, გეგმურ ოპერაციაში ამ დაფინანსებით მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს ორთოპედი.

ექიმები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრნენ, ამბობენ, რომ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმეჯერ მიმართეს, მიხეილ ჯანჯღავას თქმით, ნოემბრის შემდეგ მან და მისმა კოლეგებმა უწყებას წერილობით სამჯერ მიმართეს.

სამინისტროსთან ნოემბრის თვეში გამართულ კონსულტაციებში ჩართული იყო ვაჟა გარფრინდაშვილიც. მისი თქმით, სამინისტროს აქვს საშუალება გააკონტროლოს, თუ რამდენი იმპლანტი გამოიყენება ქვეყანაში კალენდარული წლის განმავლობაში და მომწოდებელთან პირდაპირი კომუნიკცია დაამყაროს, რაც მათ ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა:

„სამინისტროს აქვს საშუალება, რომ გააკონტროლოს, რამდენი ენდოპროტეზი სჭირდება წელიწადში. მე, კერძო კლინიკას, როცა ამერიკული ან ევროპული მწარმოებელი მაძლევს იმპლანტს, სიტყვაზე ვამბობ, 5 იმპლანტს 3 000 ლარად, როდესაც სახელმწიფო შეუკვეთავს 5 000-ს, მისთვის შეიძლება, მწარმოებელმა გასცეს 1500 ლარად ან უფრო იაფად. ასეთი რამ უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს და შემდეგ დაეწყოთ ეს პროცესი“, — ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროში შეხვედრაც შედგა, თუმცა უწყებამ ამ ინფორმაციის მიწოდება თავად ექიმებს სთხოვა:

„ამაზე გვქონდა საუბარი სამინისტროში, რომ შემოგვთავაზეს, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაციაო და მე რატომ უნდა მივაწოდო, მთავრობამ არ იცის, ვის შემოჰქონდა, რამდენი შემოჰქონდა და რამდენი იყო გახარჯვა?! ბოლო კომუნიკაცია ჩემი ჩართულობით ნოემბერში შედგა“, — ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მიხეილ ჯანჯღავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია პაციენტების საჭიროებების ინდივიდუალურად განხილვა. მისი თქმით, ბავშვთა ორთოპედიაში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. ექიმის თქმით, პედიატრიული ასაკის პაციენტის ერთ დიაგნოზზე შესაძლოა, 15 სხვადასხვა ჩარევა არსებობდეს, შესაბამისად, განსხვავებულია იმპლანტებისა და სახარჯი მასალის ღირებულებაც:

„უნდა იყოს რაღაც ღირსეული, სწორად შერჩეული ფასი ყველა ოპერაციისთვის, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი იმპლანტით გავაკეთოთ ოპერაცია, მაგრამ ინდივიდუალური განხილვა უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ერთი და იგივე დიაგნოზით მე შეიძლება დამჭირდეს 500- ლარიანი იმპლანტი ან დამჭირდეს 16 000-დოლარიანი იმპლანტი და ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა სწორი არ იქნება. უნდა იყოს სპეციალური კომისია, რომელიც თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს“, – ამბობს ექიმი.

როგორია სახელმწიფოს პოზიცია

ორთოპედების მიერ წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, უწყებაში ჩვენთვის რესპონდენტი ვერ გამოინახა. 

სამინისტროსგან პასუხის უარის მიღების შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ლადო კახაძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ, ხომ არ იგეგმებოდა უკვე დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შეტანა, რადგანაც, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ ორთოპედებს ამ საკითხზე ორკვირიანი მორატორიუმი სთხოვა.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი პოტენციური პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაა და ამის მისაღწევად დიალოგისთვის კარი ღიაა.

კახაძე განმარტავს, რომ DRG სისტემის მიხედვით, ითვლება დიაგნოზის გარშემო არსებული ყველა დანახარჯი. დეპუტატის თქმით, ის მოიცავს გასაშუალოებულ მონაცემს, თუ რა სჭირდება ამა თუ იმ პაციენტის მკურნალობას, იქნება ეს მეთოდოლოგია, ტრანსპლანტატი, იმპლანტი, სამედიცინო პერსონალის ხელფასი, ელექტროენერგიის დანახარჯი თუ სახარჯი მასალა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ პროექტის ამოქმედების შემდეგ დაიტოვა უფლება, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში, თუ შესაბამის სტრუქტურებს ფასწარმოქმნის ირგვლივ არგუმენტირებულ შენიშვნებს მიაწვდიან, შესწორება შესაძლებელი იქნება.

ლადო კახაძე – საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ლადო კახაძის თქმით, შესაძლოა, გეგმურ ოპერაციებზე პაციენტის მიერ თანაგადახდის კომპონენტი დაბრუნდეს, თუმცა განისაზღვრება გარკვეული ლიმიტი, რათა ზედმეტი გადასახადი პაციენტის ჯიბეს არ დააწვეს:

„როდესაც თავიდან დაიწყეს ამის შედგენა და დაუახლოვდნენ ამ პროცედურას, მიხვდნენ, რომ ის განფასებები არ იყო შესაბამისობაში იმ დიაგნოზის მაღალხარისხოვან მომსახურებასთან და ოპერაციის ფასებმა მოიმატა. მაგალითისთვის, თუ ღირდა რაღაც ოპერაცია X  ლარი, გახდა X+Y ლარი და ეს ყველაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ, (X+Y) ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს. მაგრამ იყო ფორმა ასეთი, სადაც ბიუჯეტი ზოგიერთ გეგმური ოპერაციის თანადაფინანსების პროცედურას ითვალისწინებს 50%-90%-ით და ფასმა რომ მოიმატა, პაციენტის გადასახდელი ნაწილი გაიზარდა.

ეს გამოავლინა პირველმა პროცედურამ. უცბად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტს თანაგადახდის ნაწილი უნდა შემოესაზღვროს ზედა ზღვრით. პაციენტის ჯიბეს არ უნდა დააწვეს ზედმეტი გადასახადი და, მე რამდენადაც ვიცი, ეს გაზაფხულზე უნდა მორიგდეს. ჩაიკეტება, თუ არ ვცდები, 800 თუ 1 000 ლარით. ყველაზე დიდი თანაგადახდა არ გადააჭარბებს ამ თანხას. ეს იქნება როგორც გადაუდებლის დროს, ასევე გეგმურ ოპერაციებზე“, – ამბობს ლადო კახაძე.

კახაძის თქმით, 50 წელია ჯანდაცვის სფეროში მუშაობს და აცხადებს, რომ შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს. როგორც ის ამბობს, არის შემთხვევები, როცა ფორმა 100-ის შევსებისას პაციენტს ეუბნებიან, რომ სხვა იმპლანტი სჭირდებათ და არა ის, რასაც სახელმწიფო სთავაზობს:

„ამ შემთხვევაში მაშინ იმ სახელმწიფოს, რომელიც გაწოდებს, უნდა უჩივლო და დაუსაბუთო, რომ ეს იმპლანტი არ ვარგა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, შევსების მომენტშივე პაციენტი ექიმისგან იგებს, რომ ეს იმპლანტი არ ვარგა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და სხვა იმპლანტი სჯობს. სხვა იმპლანტი კი სხვა ფასია და, რასაკვირველია, ეს აძვირებს მანიპულაციის ღირებულებას. ამიტომ ჩვენ წინადადება გვაქვს ასეთი, რაც საუკეთესო იმპლანტია დედამიწაზე და აპრობირებული იმ დაავადების სამკურნალოდ, დანახარჯში იქნას შეტანილი. საუკეთესო, რომელსაც წუნს ვერავინ დასდებს“, – აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, თანამშრომლობის ხელი ყველა დაინტერესებული პირისთვის გაწვდილია.

თუმცა ნეტგაზეთისთვის ამ დრომდე უცნობია, იზიარებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პროფესიით ექიმის, ლადო კახაძის პოზიციას აღმასრულებელი ხელისუფლება, კონკრეტულად, ჯანდაცვის სამინისტრო. სურვილის შემთხვევაში, ნეტგაზეთი მზად არის, აღნიშნულ საკითხზე მკითხველს სამინისტროს პოზიციაც გააცნოს.