საზოგადოება

რატომ ვერ შეუწყდებათ უკრაინაში მებრძოლებს საქართველოს მოქალაქეობა „ავტომატურად“

8 დეკემბერი, 2022 • 1646
რატომ ვერ შეუწყდებათ უკრაინაში მებრძოლებს საქართველოს მოქალაქეობა „ავტომატურად“

„ქართული ოცნება“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხეზე მიუთითებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 7 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად“. 8 დეკემბერს იგივე გაიმეორა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

„სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას“, — თქვა მან.

რას ამბობს საქართველოს კანონი?

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ „საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში“.

ზემოაღნიშნული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განიხილავს და შესაბამის მასალებს პრეზიდენტს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პრეზიდენტი იღებს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის შემთხვევაში მოქალაქეობის შეწყვეტის განხილვის საფუძველი არსებობს, თუმცა საფუძვლის არსებობა „არ არის საკმარისი მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისთვის“.

„ავტომატურად არ ხდება [მოქალაქეობის შეწყვეტა]. პროცედურის დაწყების საფუძველი ერთია და ამ დაწყებული პროცედურის შედეგად მისაღები გადაწყვეტილების კონსტიტუციასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობა – სხვა“, — ამბობს ალაფიშვილი.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხევაში პირი ხომ არ რჩება მოქალაქეობის გარეშე, რაც გაერო-ს საერთაშორისო კონვენციის დარღვევა იქნებოდა.

გაერო-ს კონვენცია

მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ კონვენციის თანახმად, რომლის მონაწილე საქართველოცაა, „ხელშემკვრელი სახელმწიფო არ ჩამოათრევს პირს მოქალაქეობას, თუ შედეგად იგი მოქალაქეობის არმქონედ გადაიქცევა“.

„შესაბამისად, მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლის არსებობა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ იმ საკითხის გარკვევის გარეშე, პირი დარჩება თუ არა მოქალაქეობის გარეშე. თუ საქართველოს მოქალაქეობას შეუწყვეტენ პირს, რომელიც ამის შედეგად [რომელიმე ქვეყნის] მოქალაქეობის გარეშე რჩება, ეს კონვენციის დარღვევა იქნება“, — აცხადებს ალაფიშვილი.

პრაქტიკულ მაგალითად იმისა, რომ ადამიანის მოქალაქეობის არმქონე პირად დატოვება არ შეიძლება, ლევან ალაფიშვილს მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის შემთხვევა.

„როდესაც მისი მოქალაქეობის საკითხი პრობლემური იყო, ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით მიმართა საფრანგეთის საელჩოს და ითხოვდა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტას. საფრანგეთის საელჩომ ამ გადაწყვეტილების განხილვა შეაჩერა გაეროს კონვენციის საფუძველზე და თქვა, რომ სანამ არ გაირკვეოდა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხი, მანამდე ვერ შეუწყვეტდა და ვერ დატოვებდა მოქალაქეობის არმქონე პირად. მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი იქაც იყო  — ივანიშვილმა თვითონ მიმართა მოქალაქეობის შეწყვეტაზე — მაგრამ არ შეუწყვიტეს, რადგან მისაღები გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა კონვენციას. აქაც იგივეა“, – განმარტავს ალაფიშვილი.

„ოცნების“ განმარტება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება, რომ საერთაშორისო კონვენცია საქართველოს ავალდებულობს, არ დატოვოს პირი მოქალაქეობის გარეშე. ის მიუთითებს სამართლებრივ ლოგიკაზე, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი ირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, იმ ქვეყნისვე მოქალაქე ხდება.

„სხვანაირად როგორ აკეთებენ, არ ვიცი. მაგალითად: საქართველოში ვინმე თავდაცვის ძალებში, რომ ჩაირიცხოს ის უნდა იყოს შენი მოქალაქე. ალბათ, იქაც ასეა და მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია“, — განაცხადა მან.

თუმცა ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, უკრაინას ისე დაეხმარნენ, რომ ამ უკანასკნელის მოქალაქეობა არ მიუღიათ. შესაბამისად ისინი მხოლოდ ერთი ქვეყნის, საქართველოს მოქალქეებად რჩებიან. მიმდინარე წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ შექმნა ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი, რომელიც არის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების უცხოური ლეგიონი. საერთაშორისო ლეგიონი ფორმირებულია მოხალისეთა ბატალიონების საფუძველზე, რომლებიც 2014 წელს დონბასში ომისას შეიქმნა და შემდეგ ინტეგრირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა თქვა, რომ უცხოელ მოხალისეები შეძლებენ, მიიღონ უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი სურვილიც იქნება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც პირველმა წამოჭრა საკითხი უკრაინაში მებრძოლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვის შესახებ, დღეს, 8 დეკემბერს თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა არ არსებობს და ეს პროცედურებთან არის დაკავშირებული.

„მოქალაქეობის ავტომატური დაკარგვა არ არსებობს, ეს შეიძლება ტერმინად გამოიყენო, მაგრამ არც ავტომატური დაკარგვა არსებობს და არც ჩამორთმევა. ერთიც სისულელეა და მეორეც. ჩამორთმევა აბსოლუტურად სხვა რამეა. ავტომატურად არ ხდება და ამას აქვს თავის პროცედურები. მე მგონია, ამ განმარტებას იმიტომ ითხოვთ, რომ კიდევ გამყარდეს ნარატივი, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით, რაც ასე არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი